თიბისი კაპიტალმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორების შესახებ მაკროსექტორული განახლების ანგარიში წარადგინა

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორების შესახებ მაკროსექტორული განახლების ანგარიში წარადგინა

გასული თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა შეინიშნებოდა. ამის თაობაზე პირველ ივლისს თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკროსექტორული ანგარიში წარადგინა, სადაც ვხვდებით მაკროეკონომიკურ მიმოხილვასა და ბიზნესსექტორზე მოსალოდნელი ზეგავლენის პროგნოზს. ანგარიშში საუბარია ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზეც.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ტურიზმმა განაპირობა, მცდარი შეხედულებაა. აღნიშნული ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული სექტორის აღდგენით.

ანგარიშის მიხედვით, ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი ექსპორტის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაა, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გასული წლის მაისთან შედარებით 45%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც 2019 წლის მაისთან შედარებით 0,4%-იანი რეგრესი შეინიშნება. ამასთან, ექსპორტის ზრდა უმეტესწილად ადგილობრივი ექსპორტის ხარჯზე ხდება. ვარაუდობენ, რომ 2022 წლის მაისში ექსპორტის მოცულობა 12%-ით გაიზრდება.

შემდეგი ფაქტორი, რომელმაც ეკონომიკური ზრდა განაპირობა – იმპორტია. იმპორტის მაჩვენებელი 2021 წელს 2020 წლის მაისთან შედარებით 40,3%-ით გაიზარდა, თუმცა 2019 წელთან შედარებით 2021 წელს 6,5%-იანი რეგრესი შეინიშნება. ანგარიშის თანახმად, იმპორტის ზრდა მეტწილად ტურიზმთან დაკავშირებული იმპორტისა და რეექსპორტის ჯერ კიდევ მოსალოდნელი აღდგენის ფონზე ხდება. განახლებული პროგნოზით, 2022 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტის 18%-იან ზრდას ელიან.

ეკონომიკური ზრდის შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფულადი გზავნილების მოცულობის მატებაა, რამაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ნათქვამია ანგარიშში. 2021 წლის მაისში 2020 წლის მაისთან შედარებით ფულადი გზავნილების მოცულობა 42,4%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაისთან შედარებით – მხოლოდ 28,8%-ით. ვარაუდობენ, რომ 2022 წელს მოსალოდნელია გზავნილების მოცულობის  11%-იანი ზრდა.

შემდეგი ფაქტორები სავალუტო დაკრედიტება და ვალუტის კონვერტაციაა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ გაძლიერდა. მათი ზრდა მეტწილად ტურიზმის აღდგენამ განაპირობა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკრედიტო აქტივობა არ შემცირებულა. 2021 წელს  2019 წელთან შედარებით 28,3%-იანი ზრდა შეინიშნება, ხოლო 2020 წელთან შედარებით – 11,4%-იანი.

ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტორი მონეტარული პოლიტიკაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაამკაცრა, რომელიც 9.5%-ზე შენარჩუნდა.

ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შემოსავლები ტურიზმიდან, რომლის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ 2021 წელს 2019 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 40% აღდგება,  2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის შემოსავლების 90%-ს მიაღწევს.

საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წელს 2019 წელთან შედარებით ტურისტული შემოსავლები სებ-ის მიხედვით, 72,7%-ით შემცირდა, ხოლო თიბისის ციფრული არხების მიხედვით –  27%-ით. ცნობისთვის, თიბისის ციფრული არხებისთვის მოცემული ზრდები შესაძლებელია, განსხვავდებოდეს ბრუნვის ჯამური დინამიკისგან უნაღდო დანახარჯების წილის ცვლილების, ასევე თიბისი ბანკის საბაზრო წილის ცვლილების გამო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *