ჯეფ ბეზოსი Amazon-ის CEO-ს პოსტს ტოვებს

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის CEO-ს პოსტს ტოვებს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. მის ადგილს ვებ სერვისების მიმართულების უფროსი ენდი ჯესი დაიკავებს. ცვლილებები Amazon-ში წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.

57 წლის ბეზოსმა Amazon-ი 1994 წელს დააარსა. კომპანია ერთ დროს მხოლოდ წიგნებით ვაჭრობდა, დღეს კი ის მეგა-რითეილერად იქცა. Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე აჭარბებს $1.6 ტრილიონს.

ენდი ჯესი კი Amazon-ს 1997 წელს შეუერთდა, ის ვებსერვისების ჯგუფს ხელმძღვანელობდა პირველივე დღიდან. სწორედ ეს მიმართულებაა Amazon-ის შემოსავლების მთავარი წყარო.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მესამე კვარტალში აღმასრულებლის პოსტს ვუთმობ ენდი ჯესის, მე კი Amazon-ის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დავიკავებ. ამ პოსტზე ჩემი სურვილია რომ ჩემი ენერგია და ყურადღება მივმართო ახალი პროდუქტებისკენ და ინიციატივებისკენ. ენდი კი კომპანიაში კარგად ცნობილია, ის Amazon-ში თითქმის იმდენივე ხანია არის, როგორც მე. ის შესანიშნავი ლიდერი იქნება, მას ჩემი სრული ნდობა აქვს“, – აღნიშნა ჯეფ ბეზოსმა თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში.

აღნიშნული ინფორმაციის პარალელურად, ცნობილი გახდა კომპანიის 2020 წლის ბოლო კვარტლის შემოსავლები. ვებსერვისის შემოსავლების მიმართულებით 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვებსერვისის შემოსავლები კი Amazon-ის საოპერაციო შემოსავლების 52%-ს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის აქციებს, ბოლო 12 თვის განმავლობაში Amazon-ის აქციები 70%-ით გაიზარდა.

როგორც კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი ბრაიან ოლსავსკი ამბობს, აღმასრულებლების პოზიციებზე ცვლილებები Amazon-ის დირექტორთა საბჭოში გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. მისივე თქმით, ბეზოსი დარჩება აქტიურად ჩართული კომპანიის საქმიანობაში არაერთი მიმართულებით.

ჩართულობის შესახებ თავად ჯეფ ბეზოსმაც ისაუბრა თანაშმრომლებისთვის გაგზავნილ წერილში. როგორც მან აღნიშნა, ის უფრო მეტ დროს დაუთმობს Bezos Earth Fund-ს, კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს, მის მფლობელობაში არსებულ გამოცემა The Washington Post-ს და Amazon Day 1 Fund-ს.

„მილიონობით მომხმარებელი ჩვენს სერვისებზეა დამოკიდებული, ასევე მილიონზე მეტი დასაქმებული ჩვენზეა დამოკიდებული, რომ იცხოვროს, Amazon-ის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგელობაა. როდესაც გაქვს ასეთი პასუხისმგებლობა აღებული, რთულია ყურადღება სხვა მიმართულებითაც გადაანაწილო“, – განაცხადა ჯეფ ბეზოსმა.

ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლდიერები, მათ შორის Amazon-ის კონკურენტებიც, ულოცავენ ბეზოსს და ჯესის ცვლილებებს კომპანიაში, მათ შორის არის Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სატია ნადელაც.

Forbes-ის შეფასებით, ჯეფ ბეზოსის ქონება დღეისთვის $196.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *