ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის მთავარი დეტალები

ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის მთავარი დეტალები

ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია და ვაშინგტონის მხარდაჭერის პირობა, იმ დრომდე, სანამ ეს საჭირო იქნება, ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ მისცა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დედაქალაქში აშშ-ის პირველი პირის ვიზიტისას სირენების ხმა ისმოდა, თუმცა რუსული საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„თითქმის ერთი წლის წინ, უკრაინაში შეჭრისას, პუტინს ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი გაყოფილი. პუტინი მიიჩნევდა, რომ ჩვენზე დიდხანს მოახერხებდა გაძლებას, თუმცა მწარედ შეცდა“, – განაცხადა ბაიდენმა და უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ გამოჩენილი გამბედაობისთვის შეაქო. „ფასი, რომლის გადახდაც უკრაინას მოუწია, ძალიან მაღალია, მსხვერპლი დიდია. ჩვენ ვიცით, რომ წინ რთული დღეები, კვირები და წლები გველის“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი უკრაინას დამატებით $500 მილიონის ღირებულების იარაღის, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის რადარების გადაცემას დაჰპირდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, მიმდინარე კვირაშივე, სანქციების გამკაცრების პირობაც მისცა. უკრაინის ლიდერის ინფორმაციით, მასა და ბაიდენს შორის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გადაცემასა და იმ იარაღის მიწოდებაზეც შედგა საუბარი, რომელიც უკრაინას ჯერ არ მიუღია. თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ უსაბრია.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბაიდენს საბრძოლო თვითმფრინავები არ უხსენებია, რომელთა მიღებასაც ზელენსკი დასავლელი პარტნიორებისგან ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით ელის.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბაიდენის ვიზიტს „თითოეული უკრაინელისთვის მხარდაჭერის გამოსახატად, უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ომის დაწყების შემდგომ უკრაინას პირველად ეწვია, ვიზიტი კი, თავად ბაიდენის განცხადებით, უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი ერთგულების დადასტურებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯო ბაიდენი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 2008 წლის აპრილში, ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდგომ, უკრაინას ეწვია.

საინტერესოა, რომ ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ვლადიმირ პუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე შედგა. სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი ომის მეორე წლისთვის მიზნებს წარადგენს.

რუსი პოლიტოლოგის, ტატიანა სტანოვაიას განცხადებით, ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომში რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე დადო ფსონი, ომი კი თავისთავად რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებად გადაიქცა. სტანოვაიამ პუტინის ხვალინდელ გამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი გახდეს.

ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის პარალელურად კი რუსეთის დედაქალაქში ვიზიტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან იც აანონსებს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ამ დრომდე უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა. ბოლო დღეებში ვაშინგტონი ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე ალაპარაკდა, რაზედაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ „რუსეთთან ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობა“ ორი დამოუკიდებელი ქვეყნის საქმეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *