ჯონი დეპი vs. ემბერ ჰერდი - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

ჯონი დეპი vs. ემბერ ჰერდი - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ შტატ ვირჯინიის ფეირფექს ქაუნთის ნაფიცმა მსაჯულებმა ცნობილ მსახიობებსა და ყოფილ ცოლ-ქმარს, ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის ცილისწამების თაობაზე მიმდინარე სამართლებრივ საქმეზე ერთსულოვანი ვერდიქტი გამოაცხადეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ჯონი დეპმა სასამართლოზე წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა ემბერ ჰერდის მხრიდან განზრახული ცილისწამების ფაქტი – საუბარია ჰერდის ავტორობით 2018 წელს გამოქვეყნებული ოპედზე. აღსანიშნავია, რომ ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის კომპენსაციის სახით ცილისწამებისთვის $10 მილიონის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $5 მილიონის გადახდა დაევალა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ემბერ ჰერდის სარჩელის ერთი ნაწილი მაინც დააკმაყოფილა – მათი თქმით, ჯონი დეპის ყოფილმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა. შედეგად, ჯონი დეპს ემბერ ჰერდისადმი კომპენსაციის სახით $2 მილიონის გადახდა დაევალა.

ვერდიქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჯონი დეპმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ექვსი წლის წინ, ჩემი და ჩემი შვილების, ჩემთვის უახლოესი ადამიანებისა და იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც მრავალი წლის განმავლობაში გვერდში მედგა – სამუდამოდ შეიცვალა.

ყველაფერი ეს – თვალის ერთ დახამხამებაში.

მედიასაშუალებებით ყალბი და ძალიან სერიოზული კრიმინალური დანაშაული დამაბრალეს, რომელმაც ზიზღით აღვსილი კონტენტის დაუსრულებელი კორიანტელი წარმოშვა. თან, ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ჩემ წინააღმდეგ სამართლებრივი სარჩელიც კი არ იყო შეტანილი. წამის მემილიარდედი არ იყო გასული, ეს ინფორმაცია მთელ მსოფლიოს რომ მოედო, ამასთან, მან კატასტროფული გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე.

თუმცა, ექვსი წლის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ჩემი ცხოვრება დამიბრუნა – ამისთვის მათ წინაშე ქედს ვიდრეკ.

ვიცოდი რა, თუ რა სამართლებრივი სირთულეების გადალახვა მომიწევდა და რამხელა სანახაობას გამოიწვევდა ის, ამ საქმის წარმართვის გადაწყვეტილება მხოლოდ საფუძვლიანი ფიქრის შედეგად მივიღე.

ჩემი მიზანი, პირველივე წუთებიდან, სიმართლის დადგენა იყო… სიმართლის თქმა იყო ის, რაც მმართებდა ჩემი შვილებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ჩემ მიმართ ურყევი ერთგულება გამოიჩინა. ვიცი რა, რომ ამ მიზანს მივაღწიე, თავს მშვიდად ვგრძნობ.“

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს გამოეხმაურა ემბერ ჰერდიც: „დღეს ენით აღუწერელ იმედგაცრუებას ვგრძნობ. გული მწყდება, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი ზღვა სამხილები წინ ვერ აღუდგა ჩემი ყოფილი მეუღლის არაპროპორციულ ძალაუფლებასა და გავლენას.

კიდევ უფრო მეტად კი გული იმაზე მწყდება, თუ რას ნიშნავს ეს ვერდიქტი სხვა ქალებისთვის. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც დავუბრუნდით იმ დროს, როცა ქალი, რომელიც საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აფიქსირებდა დანამუსებული და დამცირებული რჩებოდა. ეს [გადაწყვეტილება] წარსულში ტოვებს იდეას იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულად იქნას განხილული.

მჯერა, რომ ჯონის ადვოკატებმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის ყურადღების სიტყვის თავისუფლების საკითხიდან წარმატებით გადაიტანეს და თან, იმ სამხილების იგნორირებისკენ მოუწოდეს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო გაერთიანებულ სამეფოში მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

გული მწყდება, ეს საქმე რომ წავაგე, მაგრამ გაცილებით უფრო დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ დავკარგე თავისუფლად და ღიად საუბრის უფლება, რომელიც მეგონა რომ მქონდა, როგორც ამერიკელს.“

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის მიმდინარე სამართლებრივი პროცესი, რომელიც ექვსი კვირის წინ დაიწყო, ემბერ ჰერდის მიერ 2018 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებულ ოპედს უკავშირდება, რომელშიც მსახიობმა საკუთარი თავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად დაახასიათა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპედში ჯონი დეპის სახელი და გვარი ნახსენები არ იყო, ჯონი დეპის სამართლებრივი გუნდის პოზიციაა, რომ ის სწორედ მათ დაცვის ქვეშ მყოფს ეხებოდა და ამგვარად, ემბერ ჰერდმა მის ყოფილ მეუღლეს ცილი დასწამა, რათა ამ უკანასკნელის კარიერისთვის ზიანი მიეყენებინა. დეპი ყოფილი ცოლისგან ცილისწამებისთვის კომპენსაციის სახით $50 მილიონს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ჯონი დეპმა 2020 წელს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ბრიტანულ გამოცემა The Sun-საც უჩივლა, რომელმაც დეპი ცოლზე მოძალადე კაცად მოიხსენია. მსახიობმა ეს დავა წააგო, თუმცა ამჯერად მსგავსი სარჩელის შეტანა ემბერ ჰერდის წინააღმდეგაც გადაწყვიტა. თავის მხრივ, დეპის წინააღმდეგ სარჩელი ჰერდმაც შეიტანა. ის ყოფილი ქმრისგან, რომელსაც 2016 წელს დაშორდა, კომპენსაციის სახით $100 მილიონს მოითხოვს.

ჯონი დეპი ირწმუნება, რომ ემბერ ჰერდის მიერ გამოქვეყნებულმა ოპ-ედმა შელახა არამხოლოდ მისი რეპუტაცია, არამედ დაანგრია მისი კარიერაც. მსგავს ბრალდებას აჟღერებს ემბერ ჰერდიც – მისი თქმით, დეპის ადვოკატის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა მას ემოციური ტკივილი მიაყენა, რომლის გამოც ის მუშაობას ვეღარ ახერხებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *