ფოტო: Jakub Porzycki/NurPhoto
ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკი, JPMorgan Chase-ი, მალე შესაძლოა ისტორიაში პირველი ფინანსური ინსტიტუტი გახდეს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს. ამჟამად, Companies Market Cap-ის მონაცემებით, ამერიკული ბანკის საბაზრო ღირებულება $922 მილიარდს უტოლდება.
JPMorgan Chase-ის აქციების ფასის ზრდა 2026 წლის მეორე კვარტლის ძლიერი ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში JPMorgan-მა $21.2 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, $7.70 თითო აქციაზე, რაც აშშ-ის რომელიმე ბანკის მიერ ერთ კვარტალში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. LSEG-ის მონაცემებით, კორექტირებულმა მოგებამ აქციაზე $6.14 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს, $5.85-ს, აჭარბებდა.
სამშაბათსვე, რეკორდული კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, JPMorgan-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა, ხოლო ბანკის საბაზრო ღირებულებამ $920 მილიარდს გადააჭარბა. ამერიკულმა ბანკმა ასევე გაზარდა 2026 წლის ხარჯების პროგნოზიც — $105 მილიარდიდან $107.5 მილიარდამდე, რაც ბიზნესის მოცულობის ზრდას და მასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებსაც გულისხმობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის განმავლობაში გარიგებების მოცულობამ შესაძლოა 2021 წლის რეკორდული მაჩვენებელი გადალახოს, რაც ბანკისთვის საკომისიო შემოსავლების ზრდაში აისახება.
იმ შემთხვევაში, თუ JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $1-ტრილიონიან ნიშნულს გადალახავს, ამერიკული ბანკი ისეთ ელიტარულ ჯგუფს შეუერთდება, რომელშიც უკვე შედიან ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Tesla, Meta და Broadcom-ი.
ანალიტიკოსები ბანკის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მის მრავალპროფილურ ბიზნესს ასახელებენ. JPMorgan-ი ლიდერია როგორც უოლ-სტრიტის საინვესტიციო ბანკინგში, ისე საცალო და კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებით. მსგავსი დივერსიფიკაცია კი ბანკს კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.














