კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა

კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა

კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მილიარდერი გახდა – ის პირველია NBA-ის მოქმედ მოთამაშეებს შორის, ვინც ამერიკული Forbes-ის მიერ შექმნილ სიაში მოხვდა. გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს, ლებრონ ჯეიმსმა $121.2 მილიონი გამოიმუშავა და მილიარდერიც გახდა.

საინტერესოა, რომ 2014 წელს, ჟურნალ GQ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მილიარდერთა სიაში მოხვედრა მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „ჩემი ბიზნესის მაქსიმალურად გაზრდა მსურს და თუ ისე მოხდა, რომ მილიარდერი-სპორტსმენი გავხდი… ღმერთო, ძალიან გამიხარდება!“, – განაცხადა ჯეიმსმა. Forbes-ის დათვლებით, „კავალიერსში“, „ჰითსა“ და „ლეიკერსში“ მუშაობისას ლებრონ ჯეიმსმა საერთო ჯამში $385 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო პარკეტს მიღმა, სარეკლამო ჰონორარებითა და ბიზნესებიდან აღებული დივიდენდებით – დამატებით $900 მილიონი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, ლებრონი ამერიკული Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიაშიც მოხვდა. სიაში მან მეორე ადგილი დაიკავა – ჯეიმსს მხოლოდ „პარი-სან ჟერმენის“ არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ გაუსწრო, რომელმაც ერთი წლის ჭრილში $130 მილიონი გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ ხელფასის სახით ლიონელ მესიმ მის ამერიკელ კონკურენტზე $33.8 მილიონით მეტი მიიღო, მაგრამ სარეკლამო შემოსავლების კუთხით, არგენტინელს ჯეიმსმა დაჯაბნა – პარკეტს მიღმა მან $25 მილიონით მეტი გამოიმუშავა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 37 წლის ლებრონ ჯეიმსი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა – ის NBA-ის ოთხგზის და ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულია. საინტერესოა, რომ ლებრონ ჯეიმსი პირველი მოქმედი კალათბურთელია, რომელიც Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა – ამ დრომდე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მხოლოდ ერთი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი იყო. თუმცა, ჯეიმსისგან განსხვავებით, ჯორდანი მილიარდერი კარიერის დასრულებიდან 11 წლის შემდეგ გახდა.

საინტერესოა, რომ ხელფასისა და სარეკლამო შემოსავლების გარდა, ლებრონ ჯეიმსი ინვესტორიც არის – მას ეკუთვნის სწრაფი კვების ქსელური ბრენდის, Blaze Pizza-ს, სპორტული ტექნიკის მწარმოებელი Tonal-ის, ტაქსების სერვისი Lyft-ისა და საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ წილები.

ლებრონ ჯეიმსისა და ლიონელ მესის შემდეგ, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სიის მესამე ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიურმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა – გასულ წელს, მან $115 მილიონი გამოუმუშავა, რაც $5 მილიონით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. საინტერესოა, რომ UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი, რომელიც შარშანდელი სიის ლიდერი იყო, ერთი წლის ჭრილში, 35 ადგილით დაქვეითდა – გასულ წელს მან $43 მილიონი გამოიმუშავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *