კანადის ერთ-ერთ რეგიონში ნარკოტიკული საშუალებები დროებით დეკრიმინალიზებულია

კანადის ერთ-ერთ რეგიონში ნარკოტიკული საშუალებები დროებით დეკრიმინალიზებულია

ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გამოწვეულ კრიზისთან საბრძოლველად კანადის ხელისუფლებამ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ოპიოიდებისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მცირე რაოდენობით ფლობის კანონი შეცვალა და მათი დროებითი დეკრიმინალიზაცია დაუშვა, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ეს საკანონდებლო ცვლილება კანადის ფარმაკოლოგიურმა მარეგულირებელმა სამშაბათს გამოაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთხი წლის წინ, კანადამ ქვეყანაში რეკრეაციული მარიხუანის ფლობა და მოხმარება ლეგალური გახადა. ამრიგად, კანადა იმ სახელმწიფოების მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებშიც შედარებით მძიმე ნარკოტიკული საშუალებები დეკრიმინალიზებულია – მართალია, მხოლოდ დროებით.

კანადის ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ ოპიოიდების მოხმარების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები, პოლიციური ასოციაციები და ბრიტანული კოლუმბიის მთავარი გამომძიებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზიანის შემცირებით დაინტერესებულ აქტივისტებს კანადის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არასაკმარისად მიაჩნიათ – მათი თქმით, დეკრიმინალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავრცელდეს, თანაც ფლობის გაზრდილი მოცულობით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნარკოტიკული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული სიკვდილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ ბრიტანულ კოლუმბიაში ჯერ კიდევ 2016 წელს გამოცხადდა. პანდემიის დასაწყისიდან, ოპიოიდების მოხმარება კიდევ უფრო გაიზარდა: 2021 წელს ნარკოტიკული ზედოზირებით 2,224 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ როცა 2020 წელს – 1,767 ადამიანი.

 

მთავარ ფოტოზე: ბრიტანული კოლუმბიის პირველადი დახმარების ექიმები ვანკუვერში ეხმარებიან ნარკოტიკების ზედოზირებით შემოყვანილ პაციენტს. ფოტო: Jonathan Hayward/The Canadian Press