კანადის ხანძრების კვამლის გამო, ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა

კანადის ხანძრების კვამლის გამო, ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა

კანადაში, ტყის ხანძრების ასობით კერის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გავრცელების გამო, ნიუ-იორკში ჰაერის ხარისხის დონე ჯანმრთელობისთვის საშიშ ზღვრამდე დაეცა. ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არასრულწლოვანებსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს, სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ჰაერის ხარისხის გლობალური ტრეკერის, IQAir-ის თანახმად, სამშაბათს საღამოს, ნიუ-იორკმა შესაძლოა დროებით, თუმცა მაინც გადაუსწრო ნიუ-დელის და მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი გახდა. გარემოს დაცვის სააგენტო AirNow-ის მონაცემებით, ქალაქის მასშტაბით ჰაერში PM 2.5-ის დონე 213-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ WHO-ის სტანდარტით, ჰაერის დაბინძურების დონე იმ მცირე და საშიში ნაწილაკების, PM2.5-ის კონცენტრაციის მიხედვით იზომება, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრონზე მცირეა. ნაწილაკებმა შესუნთქვისას შესაძლოა ფილტვებში შეაღწიონ, სისხლის ნაკადში გადავიდნენ და ყველა ძირითადი ორგანო დააზიანონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ნიუ-იორკში ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის საშიშ მაჩვენებელს მიუახლოვდა და მხოლოდ ერთი დონით ჩამორჩება, ყველაზე საშიშ კატეგორიას. გარდა ამისა, WHO-ის განცხადებით, ქალაქში ჰაერის ხარისხი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულ უსაფრთხო დონეს 14-ჯერ ჩამოუვარდება. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისთვის შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, რომელიც ძალაში ოთხშაბათის, 23:59 საათამდე დარჩება.

ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება კანადის პროვინცია კვებეკში ტყის ხანძრების ასეულობით კერის შედეგია. ნიუ-იორკის გარდა, ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა დეტროიტსა და ტორონტოშიც. კანადის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ხანძრების გამო, ქვეყნის მასშტაბით 26,000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.