საყდრისის კულტურული ღირებულების მოსპობა გრძელვადიანად უფრო გვაზარალებს, ვიდრე მისი, როგორც აქტიური ოქროს საბადოს, გამოუყენებლობა.
დღეს საზოგადოებაში დომინირებს აზრი, რომ საყდრისის მაღარო, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკურ ინტერესებს ეწირება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოცემულობაში მოკლევადიანი ბიზნესინტერესების წილი მეტია, ვიდრე ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის.
საჭიროა საყდრისის საკითხის ეკონომიკურ ჭრილში განხილვა: ოღონდ სხვა კუთხით, ვიდრე ამაზე დღეს საუბრობენ. ნაცვლად კულტურული და ეკონომიკური ღირებულების სწორხაზოვნად შეპირისპირებისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაც ეკონომიკური სარგებლის მომტანია. ეკონომიკური ღირებულება არ გულისხმობს მხოლოდ ოქროს მოპოვებით მიღებულ სარგებელს, არამედ ობიექტის ტურისტული და სამეცნიერო- კვლევითი პოტენციალის შესაძლო ეკონომიკურ ეფექტსაც, რაც შესაძლოა უფრო დიდიც იყოს. ამის უპირველესი მიზეზია, რომ ოქროს მოპოვების რესურსი ამოწურვადია, ხოლო ტურიზმის – არა.
ცალკეული ისტორიული ობიექტების ტურისტულ პოტენციალს რეგიონის ისტორიაც განსაზღვრავს. ქვემო ქართლს უძველესი ისტორია გააჩნია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მასშტაბით. აქ აღმოჩენილია კაცობრიობის განვითარების ისტორიის ყველა პერიოდის დამადასტურებელი არტეფაქტები. დმანისის ნაქალაქევში აღმოჩენილია პირველყოფილი ადამიანისა და მისი ადგილსამყოფელის ნაშთები. კვლევებმა დაადასტურა, რომ ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე 1.8 მილიონი წლის წინათ ბინადრობდა და იგი ევროპაში უძველესია. ამავე მხარეში წარმოიშვა ბედენისა და თრიალეთის ყორღანების უდიდესი კულტურა, რომელიც ჩვ.წ.აღ- მდე III და II ათასწლეულებს ეკუთვნის. ამ ყორღანებზე აღმოჩენილი ნივთებით არის შევსებული ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი, რომლითაც ასე ვამაყობთ. მხარეში ასევე მდებარეობს V-VI საუკუნეებში ნაგები ისტორიული ძეგლები: მაგალითად, ბოლნისის სიონის ტაძარი, რომელმაც ქართული ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში შემოგვინახა.
ქვემო ქართლს, კულტურულ- ისტორიულ და სამეცნიეროსთან ერთად, აქვს სამთო, გამაჯანსაღებელი, საკურორტო ტურიზმის პოტენციალიც (კოჯორი, მანგლისი ). რეგიონში არის 10 დასასვენებელი ზონა და 58 საკურორტო დაწესებულება (სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები). რეგიონში განთავსების საშუალებების განვითარება განაპირობა მაღალმა მოთხოვნამ, რომელსაც დიდწილად განსაზღვრავს უნიკალური სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კურორტები.
ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა ეკონომიკური თვალსაზრისით. მას თბილისის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს სამრეწველო პროდუქციის მოცულობით. მაღალია მოსახლეობის წილიც, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 11,4%-ს შეადგენს (2013 წლის მონაცემებით მხარეში 511,2 ათასი ადამიანი ცხოვრობს). ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმის გასაცნობიერებლად, რამდენად არასწორია რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ერთი ოქროს საბადოს ამუშავებაზე დაყვანა.
საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე ეფექტიანი მარკეტინგისა და პოზიციონირებისთვის აუცილებელია უნიკალური ნიშის არსებობა, რომელიც ტურისტულ ზონას ან ღირსშესანიშნაობას გააჩნია. ნიში რაც უფრო მეტად განასხვავებს კონკრეტულ ადგილს სხვა მსგავსი სანახაობებისგან, მით უფრო ადვილია ტურისტების დარწმუნება, რომ მისი მონახულება ღირს. საქართველოს მასშტაბით ცოტა რამ მოიპოვება ისეთი უნიკალური, როგორიც ქვემო ქართლის ისტორიულ- კულტურული ტურისტული ობიექტებია. დმანისის ნაქალაქევთან ერთად, ამ მიმართულებით სწორედ საყდრისს ჰქონდა მნიშვნელოვანი პოტენციალი.
მაგალითისთვის, დმანისში პირველყოფილი ადამიანის ადგილსამყოფელისა და ნაშთების აღმოჩენა კარგად გამოიყენეს 2007 წელს, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi-იმ საქართველოს ტურისტული ბრენდინგის სტრატეგია შეიმუშავა. მათ ეს მოვლენა საქართველოს ყველაზე ძლიერ განმასხვავებელ ნიშურ თავისებურებად მიიჩნიეს და ბრენდის სლოგანად აქციეს ფრაზა: “Georgia – Europe Starts Here”.
მსგავსი გამოყენების საფუძველი საყდრისის შემთხვევაშიც იკვეთებოდა. 2004-2011 წლებში საყდრისი- ყაჩაღიანის ძეგლზე ჩატარდა სამეცნიერო კვლევა ქართულ- გერმანული სამეცნიერო ჯგუფის მიერ. კვლევამ დაადასტურა, რომ ეს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი ოქროს მაღაროა, რომელიც დაახლოებით ძვ.წ.აღ- ით IV-III ათასწლეულებით თარიღდება. ამის შემდეგ, საყრდისის შესახებ გაკეთდა მრავალი რეპორტაჟი, ობიექტს სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო ტელეარხსა თუ ჟურნალში არაერთი გადაცემა და სტატია მიეძღვნა. გერმანულმა მხარემ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო ძეგლის შესახებ, სახელწოდებით “ოქროს კვალი საქართველოში” (Die Spur Des Goldes in Georgien). საყდრისის გამოკვლევის შემდეგ ცვლილება შევიდა საერთაშორისო ენციკლოპედიებში და დღეს ის უძველეს ოქროს მღვიმედ არის აღიარებული, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში არსებული “ვარნა ნეკლოპოლისის” სამარხთან ერთად.
კომპანია არ-ემ-ჯის ბიზნესაქტივობის მიმოხილვა
ქვემო ქართლის მხარეში ოქროს საბადოები დაბა კაზრეთის გარშემოა თავმოყრილი. საბადოების ამჟამინდელი განმკარგავი კომპანიის, RMG-ის მფლობელი რუსული კომპანია “კაპიტალ ჯგუფია”. “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების კვლევების ინიციატივის” შარშანდელი კვლევის თანახმად, კომპანია RMG საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. 2009-2013 წლებში კომპანიის მიერ გადახდილმა გადასახადებმა 361 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიას ჯამში დასაქმებული ჰყავს 3,000-მდე ადამიანი (კონტრაქტორი კომპანიების ჩათვლით). მათ შორის, 80% ადგილობრივია (დაახლოებით 2,400 ადამიანი).
აღსანიშნავია, რომ RMG-ის მიერ წარმოებული ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება წლიდან წლამდე, რაც კარგად ჩანს მოყვანილი გრაფიკიდან.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კომპანია RMG-ის წარმოება ჯამში 60%-ით შემცირდა. ამავდროულად, მისი წილი ექსპორტში 10%-იდან 1%-მდე დაეცა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის ოქროს საბადოს ათვისება “სასიცოცხლო მნიშვნელობისაა”. კომპანია იმუქრება, რომ საბადოზე სამუშაოს შეწყვეტის შემთხვევაში თანამშრომლების დათხოვნა მოუწევთ.
მთავრობის დილემა – ოქრო თუ ტურიზმი?
საქართველოს მთავრობისთვის გადაწყვეტილების სასწორზე იდო მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელთაგან ორივე ეკონომიკური ეფექტის მომტანია:
– ერთი ამოწურვადია, თუმცა სწრაფი ეფექტის მომცემი;
– მეორე ამოუწურავია, თუმცა შედეგს ძირითადად გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვანახებდა.
ქვეყნის რთული ეკონომიკური ფონისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის საბაბით, მთავრობას არ გასჭირვებია არჩევანის გაკეთება: გადაიდგა პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება არჩევნებამდე უკეთესი შედეგები აჩვენოს. მათ გადაწყვიტეს, არ შეუშალონ ხელი კომპანიის მუშაობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის საფასური უნიკალური კულტურულ- ისტორიული ძეგლის დაკარგვაა.
რამდენად გონივრულია ეს გადაწყვეტილება, დრო გვიჩვენებს და თაობები შეაფასებენ. ამ ეტაპზე მაღაროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა დაკმაყოფილდება, მაგრამ რეგიონი დაკარგავს გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლისა და განვითარების რესურსს.
ტურიზმის უპირატესობა ოქროს მოპოვებით საქმიანობაზე
კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ოქროს რესურსია საყდრისის საბადოზე, არ მოიპოვება და ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, აქ დაახლოებით 10 ტონა ოქროა, რომლის ღირებულებაც 800 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან ქვეყნის ეკონომიკა მცირედით იხეირებს, მხოლოდ კომპანიისგან მიღებული გადასახადების სახით. საბადოზე დასაქმებულები კი რამდენიმე წელიწადში, რესურსის ამოწურვასთან ერთად, კვლავ უმუშევრები დარჩებიან.
ამავდროულად, ტურიზმი საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური სექტორია. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს ტურიზმის წილმა მშპ-ში შეადგინა 6,5% (3 მილიარდი ლარი). 2012 წელს ტურიზმის საშუალებით ქვეყნის მოსახლეობის 10% დასაქმდა.
საყდრისის მაღაროს თანამედროვე ტურისტულ დესტინაციად გადაკეთება ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტ, გრძელვადიან დასაქმების შესაძლებლობას მისცემდა. ტურიზმს აქვს მოსახლეობის თვითდასაქმების მაღალი პოტენციალიც. ადგილობრივებს მინიმალური ხარჯის პირობებში შესაძლებლობა ექნებოდათ, მოეწყოთ საკუთარი სახლი “საოჯახო სასტუმროდ” ან კვების ობიექტად, შეეთავაზებინათ ტურისტებისთვის საექსკურსიო და გასართობი აქტივობები. ტურიზმი ასევე ხელს უწყობს ადგილზე ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების ბიზნესის განვითარებას.
ოქროს მოპოვებითი სამუშაოებისგან განსხვავებით, რომლებიც რესურსის ამოწურვის შემდეგ რეგიონში განუვითარებელ ეკონომიკასა და დაბინძურებულ ეკოსისტემას დატოვებს, ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ განვითარებასაც. ტურიზმთან ერთად ვითარდება ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კავშირები, კომუნიკაციები, განთავსებისა და კვების ობიექტები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მხარისთვის.
საყდრისის პოტენციალს ზრდის ის, რომ საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე ძალიან მაღალია ინტერესი ახალი ტურისტული დესტინაციების მიმართ. თანაც, ყველაზე მოთხოვნადი ისტორიული ღირებულების მქონე ობიექტებია. საყდრისის ტურისტული პოტენციალის სრული ათვისებისთვის საჭიროა ინვესტირება. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ვაქციოთ ადგილი საერთაშორისო ტურისტულ დესტინაციად, რისი წინაპირობებიც ქვემო ქართლს ნამდვილად გააჩნია. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ვილიჩკას მარილის მღვიმეა, რომელიც პოლონეთში, კრაკოვთან ახლოს მდებარეობს.
ვილიჩკას მარილის საბადო XIII საუკუნიდან ფუნქციონირებს. მღვიმეში კომერციული აქტივობები 1996 წლიდან აიკრძალა და თანამიმდევრულად დაიწყო ტურისტული ადგილის განვითარება. დღესდღეობით აქ არის პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული ადგილი, რომელიც ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.
მღვიმე სრულად არის ათვისებული და აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის ტურისტულ მოთხოვნებს. აქვეა განთავსებული ღონისძიების გასამართი სივრცე, საერთაშორისო ბრენდის კვების ობიექტი, სუვენირების მაღაზია და ა.შ. ეს ყველაფერი ეხმარება ობიექტს, მოიზიდოს განსხვავებული ინტერესების მქონე ვიზიტორები და გააფართოოს სამომხმარებლო სეგმენტები. მღვიმის გამორჩეული გარემო ქმნის დამატებით მოტივაციას, რომ ის აირჩიონ ღონისძიების, კონფერენციისა თუ მეჯლისის გასამართ ადგილად.
საყდრისის შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობისა და ტურიზმის მესვეურთა მონდომებასა და კრეატიულობაზე. ინვესტიციების მოზიდვა მსგავსი პროექტებისთვის არც ისე რთულია. მთავარია, მთავრობამ არ მიიღოს პოპულისტური გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზეა გათვლილი და გამოიყენოს შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენი მრავალი თაობისთვის იქნება სარგებლის მომტანი.