სააქციო საზოგადოება Kaspi.kz-მა უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოს (SAMA) ფორმალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია ბანკთაშორისი დამუშავების ეროვნული ცენტრის (HUMO) პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.
აღნიშნული ნაბიჯი მოჰყვა SAMA-ს მიერ გავრცელებულ გეგმას, საჯარო მოლაპარაკებების გზით HUMO-ს გადახდის სისტემის 100%-იანი წილის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, HUMO უზბეკეთში ორიდან ერთ-ერთი გადახდის სისტემაა, რომელიც ბანკებსა და სხვა პროვაიდერებს გადახდების პროცესების ყველა ასპექტში ეხმარება. SAMA-ს თანახმად, მან ამ დრომდე 23 მილიონზე მეტი HUMO-ბარათი გამოუშვა, 200 000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტი დააკავშირა და დაახლოებით 6000 ბანკომატი დააინსტალირა.
Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ქართველი მილიარდერის განცხადებით, უზბეკეთი სწორ ნაბიჯებს დგამს, რათა მისი ეკონომიკა გაიზარდოს და ქვეყანა Kaspi.kz-ის მსგავსი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახდეს.
„Kaspi.kz-ში ორიენტირებული ვართ ინოვაციური ციფრული პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს. 18-წლიანი კოლექტიური გამოცდილებით, ჩვენს გუნდს ციფრული გადახდების კუთხით ღრმა ცოდნა აქვს დაგროვებული.
უკვე დავინახეთ, რისი მოტანა შეუძლია გადახდებში ტრანსფორმაციულ ინოვაციას ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ლიდერობას ინოვაციების გზით და პატივად მივიღებთ უზბეკეთის ციფრული გადახდების ტრანსფორმაციაში მონაწილეობის შესაძლებლობას. მოუთმენლად ველით HUMO-ს პრივატიზაციის შემდგომ განხილვას“, – განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.
როგორც ცნობილია, პრივატიზაცია სამ ეტაპად გაიმართება: ინტერესის გამოხატვა, არასავალდებულო წინადადებების შეგროვება და სავალდებულო წინადადებების შეგროვება. დასკვნით ეტაპზე პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ საგარანტიო გადახდა მათი მიერ შეთავაზებული ფასის მინიმუმ 1%-ის ოდენობით.