კატარი „ლურჯი“ ამიაკის საწარმოებლად $1-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

კატარი „ლურჯი“ ამიაკის საწარმოებლად $1-მილიარდიან ქარხანას ააშენებს

კატარი „ლურჯი“ ამიაკის საწარმოებლად ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით  $1 მილიარდი დაიხარჯება. ცნობისთვის, „ლურჯი“ ამიაკი საწვავია, რომელიც წყალბადად გარდაიქმნება და მას ხშირად ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება სურთ.

სწორედ წყალბადად გარდაქმნისა და მარტივად გადაზიდვის შესაძლებლობის გამო, ამიაკის მსოფლიო ბაზარს სამომავლოდ გაფართოების პოტენციალი აქვს. თავის მხრივ, წყალბადი სუფთა საწვავია, რომელიც არ გამოყოფს ნახშირორჟანგს. რაც შეეხება ამიაკს, ის ძირითადად ბუნებრივი აირისგან წარმოებული წყალბადისა და ჰაერიდან მიღებული აზოტისგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ „ლურჯი“ ამიაკის წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის დაჭერა და შენახვა ხდება.

ე.წ. ლურჯი ამიაკის ქარხნის ასაშენებლად შეთანხმება QatarEnergy-ის, Industries Qatar QSC-ისა და მის შვილობილ კომპანია Qatar Fertiliser Co-სთან გაფორმდა. პროექტის კონტრაქტორები Thyssenkrupp-ი და Consolidated Contractors Company არიან.

დოჰაში გამართულ ცერემონიაზე, ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქარხანა წელიწადში 1.2 მილიონი ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს. Industries Qatar-ის ინფორმაციით, Ammonia-7-ის პროექტის ზუსტი ღირებულება $1.06 მილიარდია.

„ლურჯი“ ამიაკის ქარხანა ექსპლუატაციაში 2026 წლის პირველ კვარტალში შევა. როგორც ცნობილია, ობიექტი წარმოების პროცესში ყოველწლიურად 1.5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს დაიჭერს და შეინახავს. კატარის მთავარი მიზანი ნახშირორჟანგის დამჭერი და შემნახველი ტექნოლოგიების განვითარებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *