კავკასიის ეკონომიკა უკრაინის ხარჯზე გაიზარდა

კავკასიის ეკონომიკა უკრაინის ხარჯზე გაიზარდა

რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია. ამ კუთხით, აღსანიშნავია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მდგომარეობა – კერძოდ, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის მოპოვება და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ ყარაბაღის დატოვება. ამ ფონზე, საქართველომ, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია მიიღო, ხოლო სომხეთის საგარეო პოლიტიკაში დასავლური მიმართულების კონტურები გამოიკვეთა.

ამასთან რეგიონის ეკონომიკური განვითარების დინამიკაც შეიცვალა. ეკონომიკურ ზრდაზე ბოლო წლების რამდენიმე შოკის ეფექტი მეტწილად მიილია, ხოლო ინფლაცია უმეტესად მოითოკა. რეგიონის ქვეყნებში შოკებს შორის ზოგიერთი უარყოფითი იყო, ზოგიერთი – დადებითი. ასეთი კი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა აღმოჩნდა, რამაც კავკასიის ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა იქონია. თუმცა სხვა ომი რეგიონზე უარყოფითად აისახა. 2020 წელს სომხეთ-აზერბაჯანის 45-დღიანი სამხედრო შეტაკება სომხეთის ეკონომიკისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა, რასაც პანდემიის გავლენა ჯერ კიდევ ფონად გასდევდა. უარყოფით ფაქტორებს შორის არა მხოლოდ ჩამოთვლილი, არამედ პოლიტიკური დაძაბულობაც აღმოჩნდა, რაც საქართველოსა და სომხეთს ახასიათებდა.

მიუხედავად რამდენიმე უარყოფითი შოკისა, რეგიონის ეკონომიკის აღდგენა სწრაფადვე დაიწყო. აღდგენას რუსეთ-უკრაინის ომმაც ხელი შეუწყო, რადგან ეს უკანასკნელი რეგიონის ეკონომიკაზე, მიღებული ფინანსური და ადამიანური კაპიტალიდან გამომდინარე, დადებითად აისახა. მიმდინარე ომის დადებითი შედეგი მეტად ხილული სომხეთში აღმოჩნდა, სადაც ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულებზე რჩება. ეკონომიკის შედარებით დაბალი ზრდის ტემპი, მაგრამ მსგავსი სურათია საქართველოში. აზერბაიჯანი კი ეკონომიკური ზრდით ორივე ქვეყანას მკვეთრად ჩამორჩება.

კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, %

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი; სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

სომხეთში ეკონომიკის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნებულია, რადგან 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთის ეკონომიკა 9.7%-ით არის გაზრდილი. თუმცა წლის დასაწყისში ეკონომიკის გაფართოება უფრო მაღალ ნიშნულზე იყო, რაც რუსეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადებს უკავშირდება. წლის პირველ კვარტალში მიღებული წმინდა გზავნილები 961.5 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 235%-იან მატებას წარმოადგენდა. გზავნილების 77% რუსეთიდან საბანკო გადმორიცხვებით მიღებული სახსრები იყო. გასულ წელს კი სომხეთში ეკონომიკის 12.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წინა პერიოდებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რეალური ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა, რაც წლის დასაწყისში სომხეთის მსგავსად უფრო მაღალი იყო. ესეც რუსეთიდან ფინანსურ ნაკადებს უკავშირდება. მაგალითად, წლის პირველ კვარტალში მიღებული ფულადი გზავნილების წმინდა ოდენობამ 1 171.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 148.6%-ით მატება იყო. საქართველოს გზავნილებში რუსეთის წილი შედარებით დაბალია, ვიდრე სომხეთში. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შედარებით მაღალი, 10.1% იყო.

ორივე ქვეყნისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომი დადებითად არ ასახულა, რუსეთიდან წამოსული ფინანსური და ადამიანური კაპიტალის დანიშნულების წერტილი ეს ქვეყანა ყველაზე ნაკლებად იყო. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში აზერბაიჯანის ეკონომიკა მხოლოდ 0.8%-ით არის გაზრდილი, რაც ნავთობის ფასებს უკავშირდება. ამ ქვეყნის მამოძრავებელი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაა, რომელიც მთლიანი ეკონომიკის 38%-ს აჭარბებს. მიმდინარე წელს კი ნავთობისა და გაზის ფასები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, რაც აზერბაიჯანის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ამ სექტორში გარეშე ზრდა უფრო მეტი, 3% იყო. გასულ წელს მთლიანი ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა.

კავკასიის ქვეყნების წლიური ინფლაცია, %

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

ეკონომიკური მდგომარეობის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ინფლაციაა, რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებით იზომება. აღნიშნულითაც რეგიონში სომხეთი გამორჩეულია. ამ პერიოდისთვის სომხეთის სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის ტემპი 0.1%-ზე რჩება, რაც წინა წელს საშუალოდ 8.6% იყო. საქართველოში გასული წლის საშუალო ინფლაცია 11.9%-ია, რაც მიმდინარე პერიოდში 0.8%-ს შეადგენს. ამასთან, მართალია, აზერბაიჯანშიც სამომხმარებლო ფასების დონე შემცირებულია, მაგრამ რეგიონში შედარებით მაღალ ნიშნულზე რჩება. ამ დროისთვის აზერბაიჯანის წლიური ინფლაცია 3.9%-ია, რაც 2022 წელს საშუალოდ 13.8% იყო.

ამრიგად, კავკასიის ეკონომიკებზე რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი მილევადია, მაგრამ ამ უკანასკნელის გავლენა სომხეთის ეკონომიკაზე კვლავ შეიმჩნევა. ბოლო ორწლიან პერიოდში სომხეთის ეკონომიკის გაფართოების დინამიკა რეგიონში გამორჩეულია. ეკონომიკური ზრდა კვლავ ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს რჩება. საქართველოში ზრდაზე ომის ეფექტი მიილია, რადგან ეკონომიკური გაფართოება ადრეული წლების ტენდენციას უბრუნდება. აზერბაიჯანის ეკონომიკაზე კი ასეთი გავლენა ნაკლებად იყო.