2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები

მიმდინარე წელს ყველაზე შემოსავლიანი ფილმის წოდება გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებულ „ბარბის“ ხვდა წილად, რომელმაც ივლისში, კინოგაქირავებაში ჩაშვების დღიდან, სალაროებში $1.4 მილიარდი გამოიმუშავა. ფილმის დამსახურებით, გრეტა პირველი რეჟისორი ქალი გახდა, რომლის ნამუშევრის შემოსავალმაც  $1 მილიარდს გადააჭარბა. 2023 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი სექუელი არ გამხდარა. თუმცა ყველაზე შემოსავლიანი ფილმების წლევანდელ ათეულში ნახევარი – მიმდინარე სერიების ნაწილია. შემოსავლებით რეიტინგის მე-7 პოზიციაზე მყოფი „პატარა ქალთევზა“ კი რიმეიქია.

წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსი  გამოსვლიდან ძალიან მალევე „ბარბიმ“ ვიდეოთამაშების გმირ მარიოზე გადაღებულ კინოსურათს – „სუპერ მარიო ძმების ფილმს“ ჩამოართვა. ვიდეოთამაშით ინსპირირებული ფილმი კინოთეატრებში 5 აპრილს გამოჩნდა და გლობალურად სალაროებში $1.34 მილიარდის გამომუშავება შეძლო.

„ბარბისთან“ ერთად კი, ივლისის კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა კრისტოფერ ნოლანის კინოსურათ „ოპენჰაიმერს“ ეკუთვნის. ისტორიულმა დრამამ, რომელშიც მთავარ როლებს კილიან მერფი, ემილი ბლანტი, მეტ დეიმონი და რობერტ დაუნი უმცროსი თამაშობენ, გამოსვლის დღიდან გლობალურად სალაროებში $951 მილიონის შემოსავალი მიიღო.

მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულში ასევე მოხვდა Marvel Studios-ის ნამუშევრებიც. კინოსტუდიის ფილმები წლებია, რეიტინგში თავის დამკვიდრებას განაგრძობს, ამჯერად კი სიის ტოპ-10-შია  „სპაიდერმენი: სამყაროთა შორის“ და „ენთმენი და კრაზანა: კვანტუმანია“. გარდა ამისა, წლევანდელ რეიტინგში კიდევ ერთხელ მოხვდა ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ტომ კრუზი ასრულებს – „შეუსრულებელი მისია: სასიკვდილო ანგარიშსწორება“ დაახლოებით $568-მილიონიანი შემოსავლით მერვე ადგილზეა.

2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები:

  1. „ბარბი“ – $1.44 მილიარდი (2023 წლის 21 ივლისი)
  2. „სუპერ მარიო ძმების ფილმი“ – $1.34 მილიარდი (2023 წლის 5 აპრილი)
  3. „ოპენჰაიმერი“ – $951.4 მილიონი (2023 წლის 21 ივლისი)
  4. „გალაქტიკის მცველები: ნაწილი 3“ – $845.4 მილიონი (2023 წლის 5 მაისი)
  5. „ფორსაჟი 10“ – $707.6 მილიონი (2023 წლის 19 მაისი)
  6. „სპაიდერმენი: სამყაროთა შორის“ – $684.9 მილიონი (2023 წლის 2 ივნისი)
  7. „პატარა ქალთევზა“ – $568.8 მილიონი (2023 წლის 26 მაისი)
  8. „შეუსრულებელი მისია: სასიკვდილო ანგარიშსწორება“ – $567.5 მილიონი (2023 წლის 12 ივლისი)
  9. „ელემენტები“ – $479.8 მილიონი (2023 წლის 16 ივნისი)
  10. „ენთმენი და კრაზანა: კვანტუმანია“ – $476.3 მილიონი (2023 წლის 17 თებერვალი)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *