ირაკლი ლაითაძე პირველად მისი ტექსტებით გავიცანი, რაც, გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრით, ადამიანის გაცნობის საუკეთესო გზაც კი არის. კაპიტალიზმი და რელიგია, ომის ეკონომიკა და დიდი ომების ფილოსოფია, თანამედროვეობის ილუზია, ეკონომიკური თეორიები და დიდი ქართველი ინდუსტრიალისტები – ამ თემებს Forbes-ის ქართულენოვანი ჟურნალის მკითხველები კარგად იცნობენ და იცნობენ სწორედ ირაკლი ლაითაძის პარადოქსულად მსუბუქი, მაგრამ მეტად კომპლექსური და განსაცვიფრებელი ტექსტებიდან.
ირაკლი ლაითაძეს ქართული საქმიანი საზოგადოებაც კარგად იცნობს – წლების განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიაში და ბენელუქსის ქვეყნების საქართველოს საელჩოში მუშაობდა. აქტიური დიპლომატიური კარიერის დასრულების შემდეგ ირაკლიმ კორპორაციულ სექტორში გადაინაცვლა და დღეს „GMT ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებს. მეტად შთამბეჭდავია ირაკლი ლაითაძის საგანმანათლებლო პორტფელიც – წლების განმავლობაში ის საქართველოს, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობდა.
ამჯერად ირაკლი ლაითაძე ქართველი მკითხველის წინაშე განსხვავებული ამპლუით წარდგა, ხოლო მისმა ტექსტებმა ეკრანებიდან წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა. „კედელზე ამოკაწრული ამბები“ – ასე ჰქვია ირაკლი ლაითაძის მინიატიურების კრებულს, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი შოპენის ეტიუდებს ადარებს. ლიტერატურათმცოდნის შეფასებით, ეს მსუბუქად დაწერილი მძიმე წიგნია, რომელშიც არც ერთი ყალბი ნოტი არ არის. ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის შეფასებით, ეს ნოტები, რომლებიც წიგნში მიმოფანტულ უამრავ მინიატიურაში იყრიან თავს, მკითხველს ავტორის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, დამსხვრეულ იმედებს, სასოწარკვეთას, დეპრესიასა და აბსურდს, ღრმა სახარებისეულ რწმენას და განახლების სურვილს აგრძნობინებენ.
კედელზე ამოკაწრული ამბების, საყვარელი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და ზოგადად ლიტერატურის შესახებ, თავად ირაკლი ლაითაძეს ვესაუბრე, ასე რომ უპრიანი იქნება, ეს ციფრული სივრცე ჩვენს საუბარს დავუთმოთ.
ირაკლი, წიგნის დაწერისაკენ რამ გიბიძგათ?
სინამდვილეში, წიგნის დაწერის სურვილი საიდან მოვიდა, ჩემთვის აუხსნელია, უბრალოდ, უცბად მომინდა, რაღაც დამეწერა და აბსოლუტურად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მუზა მართლაც არსებობს. ამ წიგნს შვიდი-რვა თვე ვწერდი და იყო დღეები, როცა რამდენიმე მინიატიურა დავწერე, მაგრამ ხანდახან ერთი თვე ისე გავიდოდა, რომ საერთოდ ვერ ვწერდი, მაგრამ თავსაც არ ვაძალებდი. კონკრეტულად რამ მიბიძგა წიგნის დასაწერად, არ ვიცი – ისე მომინდა წერა, როგორც წყლის დალევა უნდება ხოლმე ადამიანს. თან, ჩემდა უნებურად, ეს წიგნი აღსარებასავით გამოვიდა – ისეთია, კარგ მეგობარს გულის ნადებს რომ გაუზიარებ და შვებას იგრძნობ.
აგებულებით, „კედელზე ამოკაწრული ამბები“ მინიატიურების კრებულია. ხომ ვერ მეტყვით, რა არის ამ წიგნის მთავარი თემა?
კი, როგორც სწორად აღნიშნეთ, ეს წიგნი – მინიატიურების კრებულია. რეალურად, ახალი არაფერი დამიწერია – ამ წიგნში თავმოყრილი თემები ადამიანის ცხოვრების თანამდევია. ამ თემებზე უამრავი რამ დაიწერა, ახლაც იწერება და მომავალშიც დაიწერება – გარდაუვალი სიკვდილისთვის თვალის გასწორების მცდელობა, დამსხვრეული იმედები და სიმტკიცე, რომელიც ცხოვრების ორომტრიალთან გამკლავების შესაძლებლობას გაძლევს. ლევან გიგინეიშვილის სიტყვები რომ დავიხმარო, ეს წიგნი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებს ეხება, მათ შორის ფიქრს, სიყვარულს, არსებობის საზრისს. ეს გრძნობები და ემოციები, იქნება ეს მრისხანება, სიყვარული თუ სიძულვილი, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება – მე, უბრალოდ, ისინი ჩემი ენით გადმოვეცი.
ირაკლი, თქვენ Forbes-ის კონტრიბუტორი ხართ და, სიმართლე ითქვას, კარგადაც წერთ. თუმცა პროფესიით ფინანსისტი და დიპლომატი ხართ, ასე რომ მინდა გკითხოთ, თქვენთვის წერა რას ნიშნავს?
ჩემდა მოულოდნელად, ჩემთვის წერა ჟანგბადის ბალიშივით აღმოჩნდა, რომელსაც შვების გრძნობის მოტანა შეუძლია – ისე, როგორც მეგობარს გულის ნადებს რომ გაუზიარებ.
კიდევ ერთი წიგნის ან წიგნების გამოცემას ხომ არ გეგმავთ?
აი, მუზა თუ მესტუმრა, სიამოვნებით ჩავკიდებ ხელს და დავწერ მეორესაც – უბრალოდ, მუზა უნდა მოვიდეს.
თარგმნა ხომ არ გაინტერესებთ?
იცით რა, სხვათა შორის, ვფიქრობდი, რამე ტექსტი ხომ არ მეთარგმნა, მაგრამ ეს ისე, იდეის დონეზე. ზოგადად, ბავშვობიდან მხატვრული ლიტერატურის კითხვა მიყვარს და მადლობა ღმერთს, ეს სიყვარული დღემდე გამომყვა. შეიძლება წასაკითხად უფრო ნაკლები დრო მაქვს, მაგრამ კითხვის მიმართ სიყვარული არ გამნელებია.
განსაკუთრებით რა გიყვართ?
მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“.
სხვათა შორის, „ფიქრებსა“ და „კედელზე ამოკაწრულ ამბებს“ შორის პარალელის გავლება შეიძლება, არა?
კი, მინიატიურებში ნახსენებიც მაქვს მარკუს ავრელიუსი და სხვათა შორის სწორედ მას ეკუთვნის ის შეკითხვა, თუ რა არის უკანასკნელი თავისუფლება. მარკუს ავრელიუსი ერთადერთი ფილოსოფოსია, რომელიც ამავდროულად რომის იმპერატორიც იყო და მმართველობის ჩვიდმეტი წლიდან თოთხმეტი სამხედრო ბანაკებში გაატარა, რადგან რომი სუსტდებოდა და გერმანელები და სხვა ერები მაგრად აწვებოდნენ. აი, ამ დროს დაწერა „ფიქრები“. ჩემს წიგნში მარკუს ავრელიუსის აზრს ვახსენებ უკანასკნელი თავისუფლების შესახებ – ადამიანს შეგიძლია წაართვა ყველაფერი, იმედიც კი, მაგრამ ვერავინ და ვერასოდეს, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ წაართმევს მას იმის თავისუფლებას, თუ როგორც შეხვდება ის უბედურებას. მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ ჩემი სამაგიდო წიგნია, რომელსაც ხშირად ვკითხულობ.
ქართველებიდან ვინ მოგწონთ?
ქართველი პოეტებიდან ძალიან მიყვარს ნიკო სამადაშვილი, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ უმშვენიერესი ლექსების ავტორია. მწერლებიდან რეზო ინანიშვილს, გურამ რჩეულიშვილს და აკა მორჩილაძეს გამოვარჩევ. თანამედროვეებიდან დათო ტურაშვილიც მიყვარს, მე-20 საუკუნის ძველებიდან კი – რეზო ინანიშვილი.
როგორც ჩანს, მინიატიურები განსაკუთრებით გიყვართ…
კი, ასე გამოვიდა, მაგრამ სხვანაირად წერას ვერც ვახერხებდი. არსებობს ერთგვარი გეგმა: იწყებ წერას, შემოგყავს პერსონაჟები და იკვრება კვანძი, რომელიც მერე უნდა გაიხსნას – მე ასე არ ვწერდი.
ირაკლი, რა არის „კედელზე ამოკაწრული ამბების“ მთავარი სათქმელი, რომელიც გინდათ, მკითხველს მიაწვდინოთ?
ალბათ ის, რომ იმედი უკანასკნელი კვდება. ცხოვრების ორომტრიალისა და გაჭირვების მიუხედავად იმედი რჩება და აუცილებლად უნდა დავაფასოთ ის, რაც დღეს გვაქვს, რადგან ხვალ შეიძლება ის აღარ გვქონდეს. ხომ იცით, როგორც არის ხოლმე: ეს მინდა, ის მინდა, ამას უნდა მივაღწიო, იმას უნდა მივაღწიო და ამასობაში, აწმყო სულ ხელიდან გვისხლტება. არადა, აუცილებლად უნდა დავაფასო, რომ სამსახური მაქვს, დედაჩემი და მამაჩემი ცოცხლები არიან, შვილები მყავს – ყველაფერი, რაც გაქვს. მთავარი სათქმელია, დავაფასოთ ყველაფერი რაც გვაქვს, აწმყოში, აქ და ახლა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ირაკლი ლაითაძის „კედელზე ამოკაწრული ამბების“ წარდგენა 2 თებერვალს, საღამოს შვიდ საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ წვეულებათა დარბაზში გაიმართება – დასწრება თავისუფალია.