ხანგრძლივ სამუშაო გრაფიკს წელიწადში 745 000 ადამიანი ეწირება - კვლევა

ხანგრძლივ სამუშაო გრაფიკს წელიწადში 745 000 ადამიანი ეწირება - კვლევა

ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი წელიწადში  ასიათასობით ადამიანს კლავს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ. WHO-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ჩატარებული ერთობლივი გლობალური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2016 წელს 745 000 ადამიანი დიდხნიანი სამუშაო გრაფიკის გამო გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც 2000 წელთან შედარებით 29%-ით მეტია.

უფრო კონკრეტულად, კვლევამ გამოავლინა, რომ კვირაში 55 საათი და უფრო მეტი მუშაობა 35-40-საათიან სამუშაო გრაფიკთან შედარებით, 35%-ით უფრო მეტად იყო დაკავშირებული გულის შეტევის მაღალ რისკებთან, და ასევე 17%-ით უფრო მეტად იყო დაკავშირებული გულის დაავადებებით  გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლებთან.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად ამ მხრივ დაზარალებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონის მოსახლეობა იყო. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკის შედეგად გარდაცვლილთა ¾ საშუალო ასაკის ან უფრო მეტის მამაკაცი იყო.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, კორონავირუსის პანდემიის გამო, აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. „ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი ფაქტები, რომლებიც აჩვენებს, რომ როდესაც ქვეყნებმა ლოქდაუნი გამოაცხადეს, ნამუშევარი საათების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა“, – განაცხადა WHO-ს ტექნიკურმა ოფიცერმა ფრანკ პეგამ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად გლობალურად იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა სამუშაო საათების რიცხვი მზარდია, 9%-ს შეადგენს. ეს კი სამუშაოსთან დაკაშირებული დაავადებებისა და ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევებს ზრდის.

„კვირაში 55 საათი და მეტი მუშაობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. დროა, ჩვენ ყველა – მთავრობები, დასაქმებულები და დამსაქმებლები – გამოვფხიზლდეთ და გავაცნობიეროთ, რომ ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი ნაადრევ სიკვდილს იწვევს“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გარემოს დაცვის, კლიმატური ცვლილებებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ნეირამ.

WHO-ს განცხადებით, მთავრობებმა, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

– მთავრობებს შეუძლიათ წარადგინონ და დანერგონ რეგულაციები და პოლიტიკა, რომელიც აუცილებელ „ოვერთაიმს“ აკრძალავს და დააწესებს სამუშაო დროის ლიმიტს.

– დასაქმებულებსა და დამსაქმებელთა ასოციაციებს შეუძლიათ, შეთანხმება გააფორმონ და უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკი შეიმუშაონ, ამავე დროს შეთანხმდნენ სამუშაო საათების მაქსიმალურ რაოდენობაზე.

– დასაქმებულებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი სამუშაო საათები კვირაში 55-ს არ აღემატებოდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *