ხავიერ მილეი 9 სამინისტროს აუქმებს – არგენტინა "შოკური თერაპიისთვის" ემზადება

ხავიერ მილეი 9 სამინისტროს აუქმებს – არგენტინა "შოკური თერაპიისთვის" ემზადება

არგენტინის ახალი პრეზიდენტი, ხავიერ მილეი მოსახლეობას მოკლევადიანი ეკონომიკური შოკისთვის ამზადებს და მიზნად კრიზისის დაძლევას ისახავს.

“შოკური თერაპიის ალტერნატივა არ არსებობს. უბრალოდ, ფული არ გვაქვს”, – თქვა 53 წლის ეკონომისტმა საკუთარ ინაუგურაციაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ბრაზილიის ყოფილი ლიდერი ჟაირ ბოლსონარუ ესწრებოდნენ.

ლათინურ ამერიკაში სიდიდით მესამე ეკონომიკა ათწლეულებია, კრიზისშია – წლიური ინფლაცია ქვეყანაში 140%-ზე მაღალი, ხოლო სიღარიბის დონე 40%-მდეა. ამას ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის $45-მილიარდიანი  ვალიც.

მილეი, რომელიც ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანული შეხედულებებით გამოირჩევა, მდგომარეობის გამოსასწორებლად რადიკალურ ნაბიჯებს აანონსებს, მათ შორის, ხარჯვის შემცირებას და არგენტინული პესოს ამერიკული დოლარით ჩანაცვლებას.

არგენტინის პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ ქვეყანაში არსებული 18 სამინისტროს რაოდენობას გაანახევრებს და 9-მდე დაიყვანს, ეროვნულ ბანკს კი გააუქმებს.

“ვიცით, რომ მოკლევადიან პერიოდში მდგომარეობა გაუარესდება, მაგრამ ძალისხმევა ნაყოფს მალე გამოიღებს და შეიქმნება საძირკველი მდგრადი განვითარებისთვის”, – ამბობს ის.

მილეიმ, რომლის სტილსაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისას ადარებენ, პოპულარობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, „მძარცველი“ პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ და არგენტინის „ოქროს ხანის“ დაბრუნების მოწოდებებით მოიპოვა.

19 ნოემბერს გამართულ არჩევნებში მან ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, სერხიო მასა დაამარცხა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს ოპონენტებთან მოლაპარაკებები მაინც მოუწევს, რადგან მისი პოლიტიკური ბლოკი აღმასრულებელ ორგანოში უმრავლესობით არაა წარმოდგენილი.