ხუთი წიგნი, რომელთა წაკითხვას ბილ გეიტსი ამ ზაფხულს გირჩევთ

ხუთი წიგნი, რომელთა წაკითხვას ბილ გეიტსი ამ ზაფხულს გირჩევთ

მრავალწლიან ტრადიციას ბილ გეიტსმა არც წელს უღალატა და საკუთარ ბლოგში იმ ხუთი წიგნის შესახებ დაწერა, რომელთა წაკითხვას მის გამომწერებს ამ ზაფხულს ურჩევს. გეიტსის რჩეული წიგნების უმრავლესობა არამხატვრული ჟანრისაა – თემატურად ისინი შეეხება როგორც კლიმატის ცვლილებების შედეგებს, ასევე გენდერულ სიძლიერეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პოლარიზაციის მიზეზებს. თუმცა Microsoft-ის დამფუძნებელს არც მხატვრული ლიტერატურა დაავიწყდა – სიაში თანამედროვე ავტორების სამი რომანი მოხვდა.

საინტერესოა, რომ შარშანდელი სიისგან განსხვავებით, რომელშიც გეიტსმა მხოლოდ თემატურად პანდემიასთან დაკავშირებული ნაწარმოებები შეიყვანა, წლევანდელი სია უფრო მრავალფეროვანი, მაგრამ არანაკლებ კომპლექსურია. მილიარდერს სურს, რომ მისმა გამომწერებმა ეს წიგნები საზაფხულო დასვენებისას წაიკითხონ, რისთვისაც ისეთი ნაწარმოებები შეარჩია, რომელთა ავტორებმა  რთული საკითხების საინტერესოდ გადმოცემა მოახერხეს.

ბილ გეიტსის რჩეული ნაწარმოებების სიას Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ:

How the World Really Works – ვაცლავ სმილი

ამ ნაწარმოებში კანადელი მეცნიერი ვაცლავ სმილი იმ შვიდ ფენომენზე წერს, რომლებიც ინფორმაციაზე დაფუძნებულ გლობალურ ეკონომიკაში ადამიანის ეფექტიანობას განსაზღვრავს. სმილის ეს წიგნი იმ მრავალწლიანი კვლევის შედეგია, რომლის ფარგლებში მეცნიერმა შეისწავლა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და წარმოების გლობალური ქსელები, არამედ ისიც, თუ რა გავლენას ახდენს ისინი საზოგადოების ფუნქციონირებასა და გარემოზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ შარშან ბილ გეიტსმა ვაცლავ სმილი საყვარელ ავტორად დაასახელა.

The Lincoln Highway: A Novel – ეიმორ თოულსი

თანამედროვე ამერიკელი ავტორის, ეიმორ თოულსის ამ რომანის მოქმედება გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ამერიკაში ხდება, ლინკოლნ-ჰაივეის მიდამოებში, შტატ ნებრასკაში. წიგნის ფაბულა ასეთია: ფერმაზე 15-თვიანი იძულებითი შრომის შემდეგ, ნაწარმოების პროტაგონისტი ემეტი ნებრასკაში ბრუნდება, სადაც მას რვა წლის ძმა ბილი ხვდება. დედამ ძმები დიდი ხნის წინ მიატოვა, ემეტის არყოფნაში კი ბიჭების მამაც გარდაიცვალა. დაობლებულები გადაწყვეტენ, რომ გეზი დასავლეთით, კალიფორნიისკენ აიღონ და ცხოვრება ხელახლა დაიწყონ.

ბილ გეიტსის შეფასებით, ამ რომანის მთავარი ხაზი კარგადაა განვითარებული, ხოლო პერსონაჟები დამაჯერებლად და საინტერესოდ არიან გამოყვანილნი. გეიტსის აზრით, ეს წიგნი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ „პირადი თავგადასავალი არასდროსაა ისეთი პირდაპირი ან პროგნოზირებადი, როგორიც შტატთაშორისი გზა“.

Why We’re Polarized – ეზრა კლეინი

ბილ გეიტსი წერს, რომ ამ წიგნში  The New York Times-ის ავტორი და Vox-ის დამფუძნებელი ეზრა კლეინი ჯგუფური მენტალობის იმ ფსიქოლოგიურ  ასპექტებს უსვამს ხაზს, რომლებიც დღევანდელ ამერიკულ პოლიტიკას განსაზღვრავენ. ეზრა კლეინის აზრით, ამერიკული საზოგადოებრივი პოლარიზება უმეტესწილად პოლიტიკური იდენტობითაა განპირობებული, რომელმაც გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში რასობრივი, რეგიონალური და იდეოლოგიური ასპექტები შეითვისა. ბილ გეიტსის თქმით, ეს წიგნი კარგი საშუალებაა თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში გასარკვევად.

The Ministry for the Future – კიმ სტენლი რობინსონი

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თანამედროვე ამერიკელი ავტორის, კიმ სტენლი რობინსონის ამ წიგნში კლიმატის ცვლილების თაობაზე მიღწეული გლობალური შეთანხმება – სავალდებულოა. სწორედ ამ ფაქტისთვის შეიქმნა მომავლის ფიქციური სამინისტრო, რომელიც ამ შეთანხმების აღსრულებაზე არის პასუხისმგებელი. რომანის დასაწყისში, ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშს თავს კატაკლიზმი დაატყდება, რომელიც ოცი მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

ბილ გეიტსის აზრით, რომანში მოხსენიებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაწილი რეალობასაა აცდენილი, მაგრამ ავტორისეული თეორიები მილიარდერს ცნობისმოყვარეობას აღუძრავს. გეიტსი მიიჩნევს, რომ რობინსონის ეს ნაწარმოები ორიგინალურად წარმოაჩენს მიმდინარე კრიზისს და მკითხველებს მომავლის იმედს აღუძრავს.

The Power – ნაომი ალდერმანი

თანამედროვე ინგლისელი რომანისტის, ნაომი ალდერმანის ამ ნაწარმოებში ქალებს განსაკუთრებული ძალა აქვთ – მათ შეუძლიათ, რომ ელექტრული დენი საკუთარი სხეულით, სურვილისამებრ წარმოქმნან. რომანში დეტალურადაა მიმოხილული პროტაგონისტების გენდერთან დაკავშირებული გამოცდილება, რომელიც მათ სხვადასხვა სოციალურ წრეებში, ინსტიტუტებსა და ადგილებში ცხოვრებისა და მუშაობის შედეგად დააგროვეს. პროტაგონისტების ცხოვრების მაგალითებზე დაყრდნობით და ძალაუფლების არსებული ბალანსის შეცვლით, ნაომი ალდერმანი მკითხველებს უფრო თანასწორ სამყაროში ცხოვრების იმედს უჩენს.

საინტერესოა, რომ ამ რომანის წაკითხვა ბილ გეიტსს მისმა ქალიშვილმა, ჯენმა ურჩია.