კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ემსხვერპლა

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ემსხვერპლა

კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„18 იანვრის დილას, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი დაიღუპნენ“, – აცხადებს ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო.

მისი სიტყვებით, ვერტმფრენის ვარდნის შედეგად ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 16 ადამიანი, აქედან 2 ბავშვია. მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენში იჯდა.

„22 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე ყველა პროფილური და სპეცსამსახურები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიმდებარე ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს“, – განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, ასევე მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ცნობისთვის, 18 იანვრის დილას კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი მასშტაბური ხანძარი საბავშვო ბაღის მიმდებარედ დაიწყო. მოგვიანებით პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ადგილზე საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *