კომპანიამ, რომელიც AI-ს მალარიასთან ბრძოლისთვის იყენებს, $3-მილიონიანი პრიზი მოიგო

კომპანიამ, რომელიც AI-ს მალარიასთან ბრძოლისთვის იყენებს, $3-მილიონიანი პრიზი მოიგო

IBM Watson AI XPRIZE-ის შეჯიბრებაში გამარჯვების შედეგად ისრაელში დაფუძნებულმა კომპანია Zzapp-მა 3 მილიონი დოლარი მოიგო. კონკურსის მიზანი იმ კომპანიების წახალისება იყო, რომლებიც გლობალურ პრობლემებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ებრძვიან.

Zzapp Malaria არის აპლიკაცია, რომელიც AI ტექნოლოგიებს აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული ყველაზე მომაკვდინებელი დაავადების – მალარიის წინააღმდეგ იყენებს. ბევრ ქვეყანაში ამ დაავადების დამარცხება მალარიის მატარებელი კოღოების გამრავლების ადგილებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციების შედეგად მოხერხდა. თუმცა აფრიკაში მსგავსი ოპერაციები მათი მაღალხარჯიანობისა და აფრიკის რთული ბუნებრივი პირობების გამო დიდი წარმატებით ვერ სარგებლობს. აპლიკაციაში ჩაშენებული პროგრამული სისტემა მომხმარებლებს სწორედ ასეთი ოპერაციების ჩატარების მაქსიმალურად ოპტიმალურ და ნაკლებხარჯიან სტრატეგიებს სთავაზობს, რომელთა განხორციელებაც შეზღუდული ბიუჯეტითა და რთულ ბუნებრივ პირობებშიც კი შესაძლებელი ხდება. მაგალითად, Zzapp Malaria თავად პოულობს მალარიის კოღოების გამრავლების ადგილებს და ითვლის კოღოების წინააღმდეგ ჩასატარებელი ოპერაციების დასაწყებად ოპტიმალურ დროს.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების მეორე ადგილზე გავიდა და $1 მილიონი მოიგო კომპანია Marinus Analytics-მა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ტრეფიკინგთან ბრძოლისთვის იყენებს, ხოლო მესამე ადგილზე – Aifred Health-ი, რომელიც ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში ეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *