კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $40-მილიარდიანი დახმარების მიწოდებას მხარი დაუჭირა

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $40-მილიარდიანი დახმარების მიწოდებას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 368 ხმით 57-ის წინააღმდეგ უკრაინისთვის $40-მილიარდიანი დახმარების მიწოდებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა 57-ვე ხმა რესპუბლიკელებს ეკუთვნოდათ. $40-მილიარდიანი დახმარება პრიორიტეტთა გრძელი ჩამონათვალის დაფინანსებას, მათ შორის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გადაცემამდე დახმარების შესახებ კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს. უმრავლესობის ლიდერ, დემოკრატ ჩაკ შუმერის განცხადებით, სენატი „სწრაფად იმოქმედებს“, რათა უმოკლეს ვადებში კანონპროექტი პრეზიდენტს წარედგინოს ხელმოსაწერად. დაფინანსება მოხმარდება უკრაინის იარაღით, აღჭურვილობით, წვრთნებითა და ლოგისტიკით უზრუნველყოფას, ასევე დაზვერვის მხარდაჭერასა და სხვა ძირითად, მათ შორის ჰუმანიტარულ საჭიროებებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს $6 მილიარდის გამოყოფას უკრაინის „უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის“ (USAI) დასაფინანსებლად. USAI-დაფინანსება ადმინისტრაციას იარაღის კონტრაქტორებისგან შეძენისა და უკრაინისთვის მიწოდების საშუალებას აძლევს. ასევე გაიზრდება პრეზიდენტის $5-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით თავიდანვე $11 მილიარდამდე უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტის დაფინანსების საშუალებით ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის მარაგებიდან სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდება ხორციელდება.

გარდა ამისა, დაახლოებით $9 მილიარდი უკრაინაში გაგზავნილი ამერიკული აღჭურვილობის მარაგის შესავსებად გამოიყოფა. ხოლო ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, მათ შორის ლტოლვილთა დასახმარებლად, კანონპროექტი $900 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. დამატებით $54 მილიონი ლტოლვილთა საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ბაიდენმა ლენდ-ლიზის აქტს ხელი მოაწერა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი სწორედ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გულისხმობს რუსული აგრესიისაგან თავის დასაცავად. აქტი ყველა საჭირო ბიუროკრატიის გვერდის ავლით, უმოკლეს დროში იარაღის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *