კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ₾53 მილიონით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ₾53 მილიონით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე ოთხი კომპანია – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ – კონკურენციის წესების დამრღვევი ქმედების გამო დააჯარიმა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

სააგენტო კომპანიებს ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს ედავება. მოკვლევით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, კომპანიებმა სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ფასების ფიქსაციას მიმართეს. გამოვლინდა ჯამში 42 მედიკამენტი, რომელთა შემთხვევაში 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, სამინისტროს დახურულ პორტალზე მათ მიერ წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, მათ შორის 23 შემთხვევა ორი კომპანიის მონაწილეობით, 47 შემთხვევა სამი კომპანიის, ხოლო 18 შემთხვევა ოთხივე კომპანიის ჩართულობით. „ავერსი“ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, „გეფა“ (ჯიპისი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, „პსპ“-ის შემთხვევაში 81 ფაქტს და „მერმისის“ შემთხვევაში 29 ფაქტს.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმით დარღვევა. სააგენტოს მიერ დაწესებული ჯამში ₾53-მილიონიანი ჯარიმა კომპანიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

ავერსი: 14,402,425 ლარი

გეფა (ჯიპისი, ფარმადეპო): 20,349,336 ლარი

პსპ: 17,094,872 ლარი

მერმისი: 951,301 ლარი