მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის დაწყების და ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამების ამოქმედების მიუხედავად, პანდემია გლობალური ეკონომიკისთვის მაინც დიდ საფრთხედ რჩება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს.
IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს, გლობალური ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, ეს კი 0.3 პროცენტული პუნქტით უფრო სწრაფ ზრდას გულისხმობს წინა პროგნოზთან შედარებით, რომელიც ფონდმა ოქტომბერში გამოაქვეყნა. გაუმჯობესებული პროგნოზი ვაქცინაციის შედეგების მიმართ დადებითმა მოლოდინებმა განაპირობა. თუმცა, ფონდში ასევე აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლოს ინფიცირების მაჩვენებლების ზრდამ, განახლებულმა ლოქდაუნებმა და ვაქცინის დისტრიბუციასთან დაკავშირებულმა ლოგისტიკურმა პრობლემებმა, შესაძლოა, ზრდა შეაფერხოს. ასევე, თუ დაადგენენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის შეჩერება უფრო რთულია, გლობალური ზრდა წელს 0.75%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე IMF-ში პროგნოზირებენ.
კიდევ უფრო შორს რომ გავიხედოთ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ზრდა 2022 წლისთვის 4.2%-მდე შენელდება.
“ბევრი რამაა დამოკიდებული ახალი ვირუსის გავრცელებასა და ვაქცინაციას შორის ბრძოლაზე. ასევე იმაზე, რამდენად შეძლებენ არსებული პოლიტიკით ეფექტური ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა IMF-ის მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინათმა.
ფონდში ასევე ელოდებიან, რომ ცალკეული ქვეყნები უფრო სწრაფად აღიდგენენ ძალებს, ზოგი კი ნელა. ჩინეთში მაგალითად, რომელიც 2020 წელს ერთადერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, რომელმაც ზრდა შეძლო, წელს, 8.1%-მდე ზრდას ელოდებიან. აშშ-ში კი 5.1%-იანს. ხოლო ევროზონის ქვეყნებში 2021-ში მოსალოდნელია 4.2%-იანი ზრდა. დიდ ბრიტანეთში, სადაც გასულ წელს 10%-იანი კლება იყო, 2021 წელს 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
IMF-ის განცხადებით, პანდემია წარმოუდგენელ გაურკვეველ ვითარებას ქმნის.
“მიუხედავად იმისა, რომ ახალი შეზღუდვები, რაც ინფიცირების ზრდას მოჰყვა, ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს პროგნოზირებადთან შედარებით შეამცირებს, სხვა ფაქტორებმა, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს“, – განაცხადეს ფონდში.
კერძოდ, თუ ვაქცინის დისტრიბუციამ და ეფექტურობამ იმაზე მეტი წარმატება აჩვენა, ვიდრე მოსალოდელია, გლობალურად ზრდა იმაზე მეტი იქნება (1%-ით მეტიც კი), ვიდრე ამდრომდე იყო პროგნოზირებული.