კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს წელს $14 მლრდ უჯდება – FIFA

კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს წელს $14 მლრდ უჯდება – FIFA

კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს წელს $14 მლრდ უჯდება. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, FIFA-ში აცხადებენ.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალი ფეხბურთისთვის მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით მთლიანად ამ სპორტის ღირებულების მესამედი იქნება.

FIFA-ს მართვისა და სარევიზიო კომიტეტის ხელმძღვანელის ოლი რენის განცხადებით, $14 მლრდ ამჟამინდელი სცენარის მიხედვით დაანგარიშებული ზარალია, თუმცა, თუ კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა, მაშინ ეს კიდევ უფრო მეტ დარტყმას იქონიებს ფეხბურთზე.

“ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა პანდემიამ სხვადასხვა დონეზე, პროფესიონალური კლუბები სერიოზული სირთულეების წინაშე დადგნენ. ვწუხვარ, ასევე ახალგაზრდების აკადემიების და ქვედა დივიზიონის კლუბების გამო“, – განაცხადა ოლი რენმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით დაზარალდა ამ კუთხით სამხრეთ ამერიკის რეგიონი.

“სერიოზული საფრთხეა ის, რომ აზიასა და აფრიკაში ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული შრომა დაიმსხვრევა, ამიტომაც ჩვენ გვსურს რომ ეს დარტყმა შევამსუბუქოთ და შევინარჩუნოთ განვითარება“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, FIFA-მ $1.5 მლრდ-ის მობილიზება მოახდინა პანდემიის გავლენებთან გასამკლავებლად. ოლი რენის თქმით, ასოციაციების 211 წევრიდან 150-მა მოითხოვა დახმარება.

რენის თქმით, ფეხბურთი ნელ-ნელა ფხიზლდება, თუმცა, მორიგი დაღმასვლა გამორიცხული არაა.