კორონავირუსის შესახებ კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო

კორონავირუსის შესახებ კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო

კორონავირუსის შესახებ კონფერენცია, რომელიც ნიუ-იორკში პარასკევს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. მრგვალი მაგიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უნდა გაემართა თემაზე “ბიზნესის კეთება კორონავირუსის პირობებში“. გარდა ამისა, საბჭომ გააუქმა ყველა მსგავსი ღონისძიება 11 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ღონისძიებები არ გაუქმებულა კორონავირუსის საფრთხის გამო. ცოტა ხნის წინ გაუქმდა ან გადაიდო ნიუ-იორკის ავტოშოუც. როგორც ავტოშოუს ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიება აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო.

საერთო ჯამში აშშ-ის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტი კორპორატიული ღონისძიება გაუქმდა, რომელსაც ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი უნდა დასწრებოდა.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს მიაღწია. ყველაზე მეტად ვაშინგტონის შტატია დაზარალებული, თუმცა, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაშიც ბევრია დაინფიცირებული. შექმნილი ვითარების გამო ბევრ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. 

Bloomberg