კორუფციის ბრალდებით ევროკავშირი უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერებას განიხილავს

კორუფციის ბრალდებით ევროკავშირი უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერებას განიხილავს

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო კორუფციის ბრალდებით უნგრეთისთვის დაახლოებით €7.5 მილიარდის მოცულობის დაფინანსების შეჩერებას განიხილავს. ორგანიზაციის ახალი სანქციების ფარგლებში, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბლოკის წევრ სახელმწიფოს დაფინანსება შეუწყდება.

სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ევროკავშირმა ახალი ფინანსური სანქცია შემოიღო, როგორც თავადვე განმარტავს ზუსტად იმის საპასუხოდ, რაც უნგრეთში დემოკრატიას ძირს უთხრის. აღნიშნულში იგულისხმება პრემიერ ვიქტორ ურბანის მიერ მედიის, სასამართლოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი, ისევე როგორც მიგრანტების, ქალებისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების შეზღუდვა, რამაც პრემიერის ათწლიანი მმართველობის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო.

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქმე კანონის უზენაესობის დარღვევას ეხება, რის შედეგადაც ქვეყანაში ევროკავშირის ბიუჯეტის დაცულობის საკითხიც ეჭვქვეშ დგება. დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას ჰანმა ხაზი გაუსვა უნგრეთის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში სისტემურ დარღვევებს, სასამართლო სისტემის სისუსტეებსა და სხვა ანტიკორუფციული ზომების ნაკლოვანებებს.

ჰანის ინფორმაციით, კომისია უნგრეთისთვის 2021-27 წლების საერთო ბიუჯეტიდან (€1.1 ტრილიონი) მათთვის გათვლილი დაფინანსების მესამედის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს. €7.5 მილიარდის დაფინანსება, რომელიც შესაძლოა უნგრეთს შეუწყდეს, ქვეყნის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს უდრის. ევროკავშირის ქვეყნებს გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ სამი თვის ვადა აქვთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *