კრიპტომორწმუნე

კრიპტომორწმუნე

ამ მომენტისთვის COINBASE-ი კაზინოს ჰგავს, მაგრამ მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბრაიან არმსტრონგს მიაჩნია, რომ ეს პლანეტის ფინანსური განთავისუფლების მხოლოდ დასაწყისია.

სან-ფრანცისკოში, კალიფორნია- სტრიტის ბოლოსკენ, მე-19 საუკუნის ბანკის განთქმულ ქვის სვეტებს ნახავთ. აქედან არცთუ მოშორებით Coinbase-ის ოფისი მდებარეობს. კრიპტოვალუტის (მაგალითად, ბიტკოინის) ამ ყველაზე მსხვილ ამერიკულ გაცვლით ფირმაში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები და მარკეტინგის ახალგაზრდა აღმასრულებლები ფუსფუსებენ. აქაურობა ტრადიციული საბანკო სფეროსა და კრიპტოანარქიზმის შეჯახების ადგილს წარმოადგენს. სტილისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით, Coinbase-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 37 წლის მილიარდერი ბრაიან არმსტრონგი ფინანსური ანარქისტების ბანაკშია. ის, თავისი ლეიტენანტებით გარშემორტყმული, ბიბლიოთეკის მერხების მსგავსი პაწაწინა სამუშაო მაგიდების მწკრივში ზის. შავი მაისური, შავი შარვალი და ქათქათა თეთრი სპორტული ფეხსაცმელი აცვია. საოცარ ახალ სამყაროზე ლაპარაკობს, რომელშიც ყველანი თავისუფლები ვართ გიგანტი ბანკების მარწუხებისა და მთავრობის მიერ კონტროლირებული ფულადი მარაგებისგან.

გულახდილი ინტერვიუს მანძილზე, ეს, როგორც წესი, თავშეკავებული და პრესასთან მორცხვი ანტრეპრენიორი გვიმხელს, რატომაც მოვიდა ამ ბიზნესში: „მინდოდა, მსოფლიოს გლობალური, ღია ფინანსური სისტემა ჰქონოდა, რომელიც ინოვაციისა და თავისუფლების მამოძრავებელი ძალა იქნებოდა“. თუმცა, ბიზნესმოდელზე თუ მიდგება საქმე, არმსტრონგი უფრო კოსტიუმებში გამოწყობილი ფინანსისტების იმიჯს ერგება, მისი ოფისიდან შორიახლო რომ მოღვაწეობენ. დასაწყისიდან რვა წლის თავზე, მის ფირმას 35 მილიონი ანგარიში აქვს გახსნილი, დაახლოებით $21 მილიარდის აქტივს განკარგავს და მუდმივად პროგრესირებს. ჩვენი შეფასებით, მისი წლევანდელი შემოსავალი $800 მილიონს აარტყამს. ეს წარმატება იმის დამსახურებაა, რომ Coinbase-ი ბანკივით იქცევა. ის მომხმარებლებს საბანკო შეტყობინებათა სისტემის მეშვეობით იზიდავს.

აქტივებს – მონეტათა „გამხსნელ“ რიცხვით გასაღებებს – სეიფებში ინახავს. თავს Lloyd’s of London-ის სადაზღვევო პაკეტით იწონებს. მისი უსაფრთხოების პერსონალი 41 თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის – ერაყის ომის ვეტერანს, რომელიც ე.წ. პერიმეტრულ რისკებს აფასებს, და კრიპტოლოგიის დოქტორს, რომელიც მათემატიკურ შეტევებზე მუშაობს. მთავარი კონკურენტული უპირატესობა აქ უსაფრთხოებაა – უსაფრთხოება, რომელიც თვალშისაცემად აკლია Coinbase-ის ზოგიერთ მეტოქეს. ასე, მაგალითად, 2014-ში გაცვლითი პლატფორმა The Mt. Gox-ი გაკოტრდა მას მერე, რაც ჰაკერებმა $480 მილიონის ტოლფასი მონეტები უკვალოდ გაიტაცეს. კანადის ერთ- ერთი უმსხვილესი გაცვლითი ფირმა QuadrigaCX-ის მომხმარებლებს არ შეეძლოთ $150 მილიონის კრიპტოს მიღება, ამის მიზეზად, 2018-ის დეკემბერში დამფუძნებლის გარდაცვალება დასახელდა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ერთადერთი იყო, ვისაც გასაღებები ჰქონდა. ეს ხალხი ახლა ცხედრის ექსჰუმაციას ითხოვს.

ასეა თუ ისე, მსგავსი სანდომიანი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, არმსტრონგს ანტიისტებლიშმენტური ეთოსიდან გადახვევა უწევს – ეთოსიდან, რომელმაც დაბადა ბიტკოინი. ის, მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორებთან თანამშრომლობს. Coinbase-ის რეგულაციურ საკითხებზე მომუშავეთა რიცხვი, რომელიც უკვე 55-ს შეადგენს, გეგმის თანახმად, კვარტალის ბოლოს 70-მდე უნდა გაიზარდოს. ეს ადამიანები სკრუპულოზურად ამოწმებენ ტრანზაქციებს და ფულის გათეთრების ნიშნებს ეძებენ. ისინი ემორჩილებიან ახალ, ერთგვარად სკანდალურ წესს, რომელიც ითხოვს დეტალური დოკუმენტების უზრუნველყოფას იმ შემთხვევებში, როცა მომხმარებლები მონეტებს ერთი გაცვლითი პლატფორმიდან მეორეზე გადაიტანენ.

Coinbase-ი ბეჯითად უგზავნის 1099-K-ს ანგარიშებს აშშ- ის საშემოსავლო სამსახურს იმ მოვაჭრეთა შესახებ, ვინც წელიწადში 200 ან მეტ სავაჭრო ოპერაციას ახორციელებს ჯამში $20,000-ით ან მეტით ნავაჭრის სახით. მთელი ამ რეგულაციური სიბეჯითის გათვალისწინებით, როგორ ახერხებს Coinbase-ი კრიპტოს მგზნებარე ფანების გულის მოგებას? ერთ- ერთი საშუალება იმგვარი მენიუს შეთავაზებაა, რომელიც 26 შედარებით ახალ ვალუტას მოიცავს, რომელთაგან ზოგი განზრახ ისეა შექმნილი, რომ მეტი კონფიდენციალობა უზრუნველყოს, ვიდრე ამას ბიტკოინი აკეთებს. მეორე გზა 2018-ის აგვისტოში შემოღებული სერვისია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბიტკოინი პირად საფულეში გადაიტანოს – ისეთში, სადაც დაცული იქნება მომხმარებლის კონფიდენციალობა და მას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები არ შეეხება.

“თუ ხარ ინდივიდი, რომელსაც უნდა, საკუთარი კრიპტოვალუტა შეინახოს, ფინანსური სერვისის ბიზნესი არაფერში გჭირდება, – ამბობს არმსტრონგი და აცნობიერებს, რომ მის სიტყვებს შეიძლება, აშშ- ის ფინანსურ დანაშაულებათა სააღსრულებლო ქსელის პოლიციელები ისმენდნენ. – არსებობენ კომპანიები, მათ შორის, ჩვენც, ვინც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის საკუთარი კრიპტოვალუტის შენახვისა და გამოყენების საშუალებებს“. სან- ხოზეში, ინჟინრების ოჯახში დაბადებულმა არმსტრონგმა ანტრეპრენიორული მისწრაფებები ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში გამოავლინა. ახსოვს, როგორ მოუხმეს დირექტორის კაბინეტში, როცა გაიგეს, რომ ეზოში კანფეტების გადაყიდვით იყო დაკავებული. ბიზნესთან ფლირტი უკვე ნახმარი კომპიუტერების გადაყიდვის სქემით გაგრძელდა, რასაც 2006-ში, მაგისტრატურის ხარისხის მოპოვების შემდეგ, სტარტაპი მოჰყვა, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ერთმანეთთან აწყვილებდა.

ამ საგანმანათლებლო საქმიანობას ბუენოს- აირესში ცხოვრებისას ეწეოდა. “უბრალოდ, ასე გადავწყვიტე… მივხვდი, რომ სამხრეთ ამერიკაში არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა, ერთი წელი მემოგზაურა და ამ საქმეზე შორიდან მემუშავა. ეს ერთგვარ თავგადასავლად მესახებოდა და საშუალებად, გავრკვეულიყავი, რა მინდოდა ამ ცხოვრებაში, – ამბობს არმსტრონგი. – საინტერესო გამოცდილება იყო, სხვა ქვეყანაში თვალი გედევნებინა ფინანსური სისტემისთვის, რომელსაც ჰიპერინფლაცია გამოევლო“. მოგვიანებით, Airbnb-ის პროგრამისტის ამპლუაში, არმსტრონგს კრიპტოეპიფანიის მომენტი დაუდგა. მისი დამსაქმებელი ლათინურ ამერიკაში მოიჯარეებს ფულს უგზავნიდა. არმსტრონგი შემდეგნაირად აღწერს ამ პროცესს: “მაღალი საკომისიოები … სერიოზული შეყოვნებები … გაუმჭვირვალობა.

ვცდილობდით, ურუგვაიში ვიღაცისთვის ფული გაგვეგზავნა და არც კი ვიცოდით, რამდენი აისახებოდა მის ანგარიშზე“. 2010-ში მან მანიფესტი წაიკითხა – პიროვნების (ან პიროვნებების) მიერ სატოში ნაკომოტოს სახელით გამოქვეყნებული, სადაც ბიტკოინი ანდერგრაუნდ- -ვალუტად იყო შემოთავაზებული. მისი ტრანზაქციები დავთარში – ბლოკჩეინში აღირიცხება, რომლებიც დუბლირებულ კომპიუტერულ ფაილებში ინახება და რომლებზეც თვითგამოცხადებული მცველები, სახელად კვანძები, ზრუნავენ. დავები ტრანზაქციებსა და ძირითად წესებზე ხმათა უმრავლესობით გვარდება. კვანძები წესების დარღვევის პრევენციაზე არიან პასუხისმგებელნი და პრობლემის შემქმნელებს ახლოს არ იკარებენ, რისთვისაც, ტრანზაქციათა ვალიდაციამდე, ქსელის მონაწილეს მოეთხოვება, არითმეტიკულ ამოცანებს გაართვას თავი. კვანძი, რომელიც არითმეტიკულ დავალებას შეასრულებს, რამდენიმე ახალი მონეტით ჯილდოვდება.

არითმეტიკული ამოცანების ნაწილი, რომელსაც მაინინგი ჰქვია, არმსტრონგს არ აინტერესებდა, თუმცა მონეტათა გასაღებების დაცვისა და ტრანზაქციათა განხორციელების საქმეში შესაძლებლობა ნამდვილად დაინახა. ამის გაკეთება ყველას შეუძლია მზა პროგრამული უზრუნველყოფის პირობებში, მაგრამ პროტოკოლს თუ არასწორად მოეპყრობი, მონეტებს მოგპარავენ ან დაკარგავ. არმსტრონგმა მისცა ბიტკოინებს შანსი და $9-ად ერთი მონეტის სანაცვლოდ, $1,000-ის ტოლფასი მონეტები იყიდა. ფასი $2-მდე დავარდა. მაგრამ არმსტრონგს რწმენა არ დაუკარგავს.

ის შაბათ- კვირებსა და ღამეებს მუშაობაში ატარებდა და Ruby-სა და JavaScript-ში დაწერა კოდი მონეტების ყიდვისა და შენახვისათვის. ბიტკოინის ქსელისთვის ის, ფაქტობრივად, იმავეს აკეთებდა, რაც პროგრამისტთა უფრო ძველ თაობას გაეკეთებინა ინტერნეტისთვის ბრაუზერების შექმნით. გასართობი საქმე იყო. მაგრამ ღირდა კი მთავარი სამსახურის მისატოვებლად? ამ კითხვას პასუხი 2012 წელს იმ $15,000-მა გასცა, რომელიც Y Combinator-მა გაიღო – საწყისი დაფინანსების წყარომ Airbnb-სა და სხვა არაერთი განთქმული სტარტაპისთვის. Coinbase-ს Goldman Sachs-ის ყოფილი თანამშრომელი, ფრედ ერსამი შეუერთდა და ფირმას დამაჯერებლობა შესძინა იმ ბანკების თვალში, რომლებიც მერე მათ ფულს გადაურიცხავდნენ.

Andreessen Horowitz-ის თაოსნობით, ვენჩურ- კაპიტალისტებმა Coinbase-ში ნახევარი მილიარდი დოლარი ჩაღვარეს. „თითქმის იგივეა, Google-ს ბიტკოინისთვის Gmail-ი რომ შეექმნა, – ამბობს Andreessen-ის პარტნიორი კრის დიქსონი, რომელიც დღეს Coinbase- ის საბჭოშია. – და პირდაპირი მნიშვნელობით ასეც აღგვიწერეს“. ბოლო დაფინანსების რაუნდზე Coinbase-ი $8.1 მილიარდად იქნა შეფასებული. 31 წლის ერსამმა Coinbase-ი დატოვა, თუმცა წილს ისევ ინარჩუნებს; ის ვენჩურ- კაპიტალის შოვნითაა დაკავებული იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის გამოყენებას ისახავენ მიზნად, რათა კორპორაციებს ტრანზაქციის ქსელები შეუქმნან.

არმსტრონგის ჩანაფიქრის დედააზრი შეიძლება, სიტყვა defi-ში მოვაქციოთ, რაც “დეცენტრალიზებული ფინანსების“ (decentralized finance) შემოკლებაა ან, თუ გნებავთ, „ოფიციოზის დაუმორჩილებლობისა“ (defiance of authority). Defi-მ, იდეაში, ყველგან უნდა შეაღწიოს. ერთ დღესაც, შესაძლოა, ბლოკჩეინები გახდეს ვაჭრობის, უშუამავლო გასესხებისა და სესხის უზრუნველყოფის საძირკველი ისე, რომ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციების შუამავლობა აღარ იყოს საჭირო. ერთგვარ ინტრიგას ის ფაქტიც იწვევს, რომ Coinbase-ს ბროკერის/ დილერის ლიცენზია აქვს. ნეტავ, ოდესმე გვერდს თუ აუვლის საფონდო ბირჟებს? შესაძლოა. თუ, გრანდიოზული სქემის მიხედვით, Coinbase-ი ყველა ჯურის დეცენტრალიზებული ფინანსებისთვის ხიდად უნდა იქცეს, დღევანდელი შემოსავალი გაცილებით მიწიერი წყაროებიდან მოდის, როგორიცაა, მაგალითად, სავაჭრო საკომისიოები.

Coinbase-ი მოყვარულებს საშუალებას აძლევს, კრიპტო, სურვილისამებრ, ტრადიციულ ფულად აქციონ ან ერთი კრიპტო მეორეთი ჩაანაცვლონ, რაც მათ დაახლოებით 2% უჯდებათ. მის მთავარ მეტოქე Binance-ში, ამ ახალბედა სპეკულანტებს 90%-ით ნაკლების გადახდა მოუწევდათ, სამაგიეროდ ისეთ ფირმასთან ექნებოდათ საქმე, რომელიც მეტწილად ოფშორ- ფინანსების ბნელ სამყაროში ცხოვრობს. მალტაში დაფუძნებული Binance-ი მხოლოდ მცირედადაა აშშ- ში წარმოდგენილი. სერიოზულ მოვაჭრეებს უკეთესი შეთავაზება ერგებათ. ისინი Coinbase Pro-ს იყენებენ – განსხვავებულ პლატფორმას, რომელიც საფონდო ბირჟის ყიდვა- გაყიდვათა შეკვეთების პორტფელის რეპლიკაციას წარმოადგენს. აქ, გამყიდველისა და მყიდველის საკომისიო, ერთობლივად, 1%-დან (პატარა ნავაჭრისთვის) 0.07%-მდე ($100 მილიონის დონეზე) მერყეობს.

Coinbase Pro-ს ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით ნახევარზე მეტი ალგორითმულ ვაჭრობაზე მოდის. გაშმაგებული ვაჭრობა სოციალურად ნაყოფიერად არ გამოიყურება, მაგრამ კაპიტალურ ბაზრებს საქმეს უიოლებს. ყიდვა- გაყიდვათა სხვაობები ბიტკოინისთვის, დღეს თითო $6,000-მდე რომ ღირს, დოლარებში იზომება. პროცენტული თვალსაზრისით, კრიპტოსხვაობა ერთობ თხევადი SPDR S&P 500 ETF-ის ყიდვა- გაყიდვათა სხვაობას უწევს კონკურენციას. საკომისიოდან მიღებულ შემოსავალს ერთი პრობლემა ახლავს: ის უაღრესად მოწყვლადია კრიპტოფასების მიმართ. როცა ბიტკოინი კოლაფსს განიცდის, როგორც ეს 2018-ში მოხდა, სავაჭრო მოცულობა მცირდება და კლებულობს დოლარის შემოსავალიც ყოველი მონეტიდან.

ამდენად, საკომისიოთა განეიტრალების მიზნით, Coinbase-ი შემოსავლის სტაბილური ნაკადების შექმნას ცდილობს. ერთ- ერთი ასეთი მსხვილი ნაკადი, კომპანიის ფინანსური დირექტორის, ალესია ჰაასის თქმით, ინსტიტუციური კლიენტებისთვის განხორციელებული სამეურვეო ოპერაციიდან მოდის. ეს ციფრული საწყობი, რომელიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა გასულ აგვისტოს Coinbase-ის მიერ Xapo-ს ინსტიტუციური ბიზნესის შესყიდვის კვალდაკვალ, $8 მილიარდის ბიტკოინებსა და სხვა კრიპტოვალუტებს განკარგავს. შემოსავლის ახალი წყარო „ფსონების დადებას“ უკავშირდება. ამ შემთხვევაში, გარკვეული მონეტების, მაგალითად, Tezos-ის ან EOS-ის, მფლობელი ქსელზე ტრანზაქციათა დადასტურებისთვის ფულს აგროვებს.

ბიტკოინისგან განსხვავებით, ამას არ სჭირდება ელექტროენერგიის მჭამელი გამოთვლების კეთება, თუმცა გარკვეული სინატიფე მაინც არის საჭირო, რადგან რეცეპტის არევ- დარევა მოთამაშის ფსონის კონფისკაციას იწვევს. დეტალებზე Coinbase-ი ზრუნავს და ფსონის შემოსავალს თავის მომხმარებლებს უყოფს. ეს საკმაოდ ჰგავს საფონდო ბირჟის ბროკერის მიერ თქვენი მარგინალური ფასიანი ქაღალდების გასესხებას გამყიდველებისთვის, რომლებიც მათ მფლობელობაში არარსებულ აქტივებს ყიდიან, ოღონდ აქ შემოსავლიდან ულუფას ნამდვილად იღებ. Coinbase-ის კიდევ ერთი პროდუქტი, სახელად USD Coin-ი, რომელიც კრიპტოვალუტის გაცვლით ფირმა Circle-თან თანამშრომლობით შეიქმნა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აშშ დოლარები გაიღონ კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, რომელსაც იგივე ღირებულება აქვს, მაგრამ მისით ვაჭრობა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. აღნიშნულები დოლარები პროცენტის წყაროა, რომელსაც Coinbase-ი მომხმარებლებს უზიარებს. Coinbase-ის თქმით, გასულ წელს მან $80 მილიარდის ტრანზაქციებს გაართვა თავი (Binance-ი თავს იმგვარი დღიური მოცულობით იწონებს, რომელიც წელიწადში $1 ტრილიონად ითარგმნება).

საკმარისია ეს თანხა მოგებისთვის? ფინანსური დირექტორი ჰაასი აღიარებს, რომ კომპანიის შემოსავალი (ყველა ხარჯის გამოკლებით) თვიდან თვემდე მერყეობს, თუმცა ამატებს, რომ თუ არაფულად რაღაცებს გამოაკლებ, – მაგალითად, ფირმის ე.წ. რეპუტაციული ამორტიზაციის ხარჯებსა და თანამშრომელთა ოფციონების ჰიპოთეზურ ღირებულებას, – Coinbase-ი, რამდენიმე წელია, სოლიდურად მოგებიანია. ზრდაზე ორიენტირებულ ფირმაში ფული ისევე სწრაფად გაედინება ხოლმე, როგორც შემოედინება. ორი წლის წინ ოპერაციების დირექტორის, ემილი ჩოის დაქირავების შემდეგ Coinbase-მა თანამშრომელთა რაოდენობა 1,000-მდე გააოთხმაგა. სათავო ოფისში მუშები ძლივს უწყობენ ფეხს ახალდაქირავებულთა ნაკადებისთვის ოთახების გამზადებას. კომპანიას აქვს ოფისები ნიუ- იორკში, დუბლინსა და ტოკიოში. და კიდევ – ფსონები მომავალზე.

ჩოიმ, რომელიც Coinbase-ში LinkedIn-იდან (იქ ბიზნესის განვითარებაზე მუშაობდა) მოვიდა, ვენჩურ- კაპიტალის პორტფოლიო ნულიდან 60 ფირმამდე გაბერა. ამ ფირმათა რიცხვშია ნიუიორკული Bison Trails-ი, სან- ფრანცისკოში დაფუძნებული Alchemy (ორივეს მიზანია, კორპორაციებს ბლოკჩეინების გამოყენებაში დაეხმაროს) და შენჯენში (ჩინეთი) მდებარე Amber Group-ი, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. „ბევრი რამ, რასაც ვენჩურულ ნაწილში ვაკეთებთ, ალბათ ისეთი რამეებია, ჩვენს მთავარ საქმედ რომ არ ვაქცევდით, თუმცა, ვფიქრობთ, საინტერესოც არის“, – ამბობს ჩოი. „ეს ვენჩურული ფსონები შეიძლება, სერიოზული აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენად იმუშავებს,- ამატებს არმსტრონგი. – რეალურად, მათ წარუმატებლობის საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულად არ ვფიქრობთ“.

კრიპტო უორენ ბაფეტმა დაგმო და მას ვირთხის საწამლავი უწოდა, ჯეიმი დაიმონმა – თაღლითობა, ხოლო მეორედ მოსვლის მომლოდინე ეკონომისტმა ნურიელ რუბინიმ ის მთლად ყველა თაღლითობის დედად მონათლა. რით სარგებლობს მისგან ეკონომიკა? ისარგებლებს – ამბობს არმსტრონგი. ის წარმოგვიჩენს მომავალს, რომელშიც ათასობით სტარტაპი კრიპტოს იყენებს კაპიტალის მოსაზიდად გლობალურ ბაზარში, რომელიც, თავის, მხრივ, აღარ კონტროლდება Wall Street-ის ფირმების მიერ. ათ წელიწადში, მისი პროგნოზით, ბლოკჩეინ- ეკონომიკაში მონაწილე ხალხის რაოდენობა 50 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზრდება. ჩვენ „განწირულნი“ ვართ, იმგვარი ფინანსური სისტემით დავტკბეთ, რომელიც „უფრო გლობალურია, უფრო სამართლიანი, უფრო თავისუფალი და უფრო ეფექტიანი“.

ფინანსური განთავისუფლების მისიას ემოციური კომპონენტიც ახლავს. Coinbase-ის ახალდაქირავებული პროდუქტის დირექტორი, სუროჯიტ ჩატერჯი, ჰყვება, თუ რა მოხდა, როცა ინდოეთმა, ფულად რეზერვზე მოულოდნელი თავდასხმის პასუხად, პრაქტიკულად გაანადგურა სავალუტო ჰოლდინგები. ჩატერჯის 80 წლის მამას ხუთი საათი მოუხდა რიგში დგომა, $30-ის ეკვივალენტი რომ აეღო. არაერთ ქვეყანას, მათ რიცხვში მექსიკას, არგენტინას, რუსეთსა და კვიპროსს, ჩაუდენია ამ ტიპის დოვლათის კონფისკაციები, რა დროსაც ღირებული აქტივები იყინება ან ძალით ხდება მათი კონვერტირება რაიმე ნაკლებად ღირებულში.

აშშ-ც არაა უდანაშაულო. 1933 წელს ფრანკლინ რუზველტმა ალყაში მოაქცია ოქრო და ის ქაღალდებით ჩაანაცვლა, რომელთაც, მას მერე, ღირებულების 95% დაკარგეს. ოქროს მსგავსად, ბიტკოინიც ზედმეტად მოუხერხებელია, გაცვლა- გამოცვლის საშუალებად რომ იქნეს გამოყენებული. დავთარზე ტრანზაქციათა დამატების ჩახლართული მექანიზმი ნიშნავს, რომ 10 წუთია საჭირო გადახდის დადასტურებისთვის და რომ წამში მხოლოდ ოთხი ტრანსფერის განხორციელება შეიძლება. გლობალურ ეკონომიკას ასე ვერ ამუშავებ. არმსტრონგის თქმით, პრობლემათა მოგვარებაზე ზრუნვა დაწყებულია.

ერთ- ერთი გამოსავალი ბიტკოინის ღირებულ აქტივად მიჩნევაა და მასზე ერთი შრის დამატება ტრანზაქციებისთვის, რაც, პრინციპში, ძალიან ჰგავს იმას, თუ ბანკში შენახული ფულის პასიური ბაზისა და ფედერალური რეზერვის ანაბრები როგორ უმკლავდება ჩეკებისა და ელექტრონული გადახდების ნიაღვარს საბანკო სისტემაში. მეორე გამოსავალი ახალი ციფრული ვალუტების შექმნა და შექმნისას ტრანზაქციათა სიჩქარის გათვალისწინებაა. Coinbase-თან მორგებულებს შორის ლაიტკოინი ბიტკოინის „ნაღდი ფულია“.

დეკემბერში Coinbase-მა თავის ჟანრში პირველი ავტორიზაცია მიიღო Visa-საგან სადებიტო ბარათების გაცემის თაობაზე, რაც მფლობელებს საშუალებას აძლევს, იმ 46 მილიონ პუნქტში (მათ შორის, ბანკომატებით) განახორციელონ შესყიდვები, რომლებიც Visa-ს იღებენ და, ასევე, Coinbase-ის კრიპტოვალუტების ანგარიშიდან გამოიტანონ ფული. თავიდან ეს სადებიტო ბარათები 29 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ არა აშშ- ში.

ასეა თუ ისე, Coinbase-მა, რაღაც მომენტში, Visa-ს ავტორიზაცია მორიგ ბიზნესხაზად შეიძლება, აქციოს და კრიპტოს სხვა გაცლვითი პლატფორმებისთვის საკრედიტო ბარათები გასცეს. ბანკები, ამასობაში, ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, ძველმოდური დოლარების გამოყენებით გადახდის ქსელები განაახლონ. დიდი ბანკების კონსორციუმის მიერ მართულმა მყისიერი გადახდის სისტემა Zelle-მა შარშან $187 მილიარდის ბრუნვა აწარმოვა და PayPal-ის Venmo-ზე მნიშვნელოვანი უპირატესობაც კი მოიპოვა. Zelle-ი, მეტწილად, საცალო მოვაჭრე კლიენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც, ვთქვათ, რესტორნებში სადილის ანგარიშთა გაყოფით არიან დაკავებულები, მაგრამ მას, არც მეტი, არც ნაკლები, $3.2 მილიონის ტრანზაქციებისთვის აქვს თავი გართმეული. უდავოა, რომ ძირგამომთხრელი ტექნოლოგია იჭრება საბანკო სისტემაში, Coinbase-ი კი ამ ტენდენციის ნაწილი იქნება.

ის ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც Forbes-ის ფინანსური ტექნოლოგიის 50-ეულშიც გვხვდება და ბლოკჩეინის 50-ეულშიც. მაგრამ არმსტრონგს უხვად კონკურენცია ელის, მათ შორის, ცხადია, ცენტრალურ ბანკებთან, რომლებიც უკვე საკუთარ ციფრულ ვალუტებზე მუშაობენ. Facebook-ს Libra-სთვის თავი არ მიუნებებია, რომელიც, ჩანაფიქრისამებრ, დოლარებისა და ევროების მსგავსი აქტივებით ზურგგამაგრებული, გლობალურად მისაწვდომი ციფრული ვალუტა უნდა იყოს. დაე, იხაროს ყველა ყვავილმა – ამბობს არმსტრონგი. „Coinbase-ი რომ წამოვიწყე, ხალხის უმეტესობას [ბლოკჩეინი] სიგიჟედ მიაჩნდა. მთავრობები და ძველი გვარდია, ცისფერი კოჭები, დღეს ამ ტექნოლოგიაში აბანდებენ ფულს. ჰოდა, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ძალიან კარგი რამეა“.