კრიპტომანიამ ჯოზეფ ლუბინი მილიარდერად აქცია, ჰოდა, უტოპიური ბიზნესიმპერიის აშენებაც განიზრახა, მაგრამ საქმეში რეალობა ჩაერთო – არცთუ ხელსაყრელად.
ერთი წლის წინ იფიქრებდით, ჯო ლუბინი ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი კაციაო. ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიც ეთერია, მკვეთრად აღზევდა, ლუბინი კი – ბლოკჩეინ Ethereum-ის თანადამფუძნებელი და მისთვის ინვესტიციათა ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველი მომძიებელი – სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოდიოდა სიტყვით – დავოსით დაწყებული, SXSW-ით დამთავრებული. მისი ფირმის სამიტებზე, Ethereal Summits-ზე, ნემსს ვერ ჩააგდებდით და მის ყოველ სიტყვას, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო ეს სიტყვები, უამრავი ადამიანი სუნთქვაშეკრული ელოდა.
2017-ის ოქტომბერს სან-ფრანცისკოში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მან დამსწრე საზოგადოებას უსაყვედურა, ტელევიზორებს და Siri-ს, Apple-ის ციფრულ ასისტენტს, უხეშად ეპყრობითო. “ჩვენ Ethereum-ი იმისთვის შევქმენით, რომ მანქანებისა და ბოტებისთვის საშუალება მიგვეცა, პირველი კლასის ობიექტები ყოფილიყვენ, – სრულიად გულწრფელად განაცხადა ლუბინმა, როცა დეცენტრალიზაციას, სუვერენიტეტსა და დემოკრატიზებულ გლობალურ უსაფრთხოებას ქომაგობდა. – ჰოდა, კარგად მოექეცით ამ თაობის მანქანებს, თორემ შესაძლოა, მომავლის ხელოვნურმა ინტელექტმა იფიქროს, რომ მის წინაპრებს უპატივცემულოდ ეპყრობოდით და გადაწყვიტოს, რომ თქვენი ნახშირორჟანგი რაიმე უფრო სასარგებლო ნივთიერებად აქციოს მანქანათა მომავალი ეკონომიკისთვის”.
ლუბინის ენამახვილობამ სიცილი გამოიწვია, მაგრამ 2017-ის შემოდგომას იდეა, რომ ბლოკჩეინი (მონაცემთა ბაზის ე.წ. დისტრიბუციული ტექნოლოგია, რომელიც ლამის ყველა კრიპტოვალუტის საფუძველს წარმოადგენს) ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისის სიმბოლო იყო, სრულებით არ ჟღერდა გიჟურად. ეთერის ერთი მონეტის – ბიტკოინის მსგავსი ციფრული ფულის – ფასი, ის-ისაა, $300-ზე ასულიყო, არადა, 2017-ის დასაწყისში სულ რაღაც $10-ს შეადგენდა. მომდევნო სამ თვეში უკვე პიკურ $1,389-ზე ასვლის გზაზე იდგა. და Forbes-იც მალე დაასახელებდა ლუბინს კრიპტოსამყაროს მეორე უმდიდრეს ადამიანად – $5 მილიარდის პატრონად; დასკვნები მისი ქონების შესახებ დიდწილად იმ ცნობებს ემყარებოდა, რომელთა თანახმადაც, ის ბრუნვაში არსებული ყველა ეთერის 5%-დან 10%-მდე ფლობდა, ეთერისა, რომლის საბაზრო ღირებულება 2018-ის დასაწყისში $100 მილიარდს აღემატებოდა.
“ამ ტექნოლოგიის პოტენციალი უბრალოდ განუზომელია, – უთხრა 54 წლის ლუბინმა Forbes-ს ბოლოდროინდელ ინტერვიუში. – ის მრავალჯერ ღირებული იქნება, ვიდრე ახლაა, იმიტომ რომ საზოგადოების ყველა ასპექტში შეიჭრება. ჩვენ ყველაფერს ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შევქმნით”.
2014-ში, ეთერის ქრაუდსეილით (30 ცენტი თითო ტოკენისთვის) ჩაშვებიდან რამდენიმე თვეში, ლუბინმა ConsenSys-ი დააფუძნა – ჰოლდინგ-კომპანია, რომელიც დეცენტრალიზებული სამყაროსთვის აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად და რომელსაც ლუბინი, მაღალფარდოვნად, გლობალურ “ორგანიზმს” უწოდებს. რეალურად, ConsenSys-ი პირველი კრიპტოკონგლომერატია, იმ კომერციული კომპანიების ქსელით დაკომპლექტებული, რომლებიც ბიტკოინის მთავარ ბლოკჩეინ-მეტოქეს, Ethereum-ს უდგანან გვერდში. ConsenSys-ის ბრუკლინში მდებარე სათავო ოფისიდან სწრაფად დაიბადა 50-ზე მეტ ბიზნესი, დაწყებული პოკერის საიტითა და მომარაგების ქსელის კომპანიით, ე.წ. პროგნოზთა ბაზრით, ჯანდაცვის ისტორიების ფირმითა და კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციოთი დამთავრებული.
მაგრამ არც კაპიტალის მოზიდვის რაუნდები ყოფილა და არც სესხის შეთავაზებები. დეცენტრალიზებული მომავლის ლუბინისეულ ვერსიაში ის თავად გახლავთ არქიტექტორიც, აღმასრულებელი დირექტორიცა და ცენტრალური ბანკირიც და ConsenSys-ის ყველა “გამონაზარდს” თავისი პირადი კრიპტორეზერვიდან აფინანსებს.
ლუბინს ჯერაც უწევს, მნიშვნელოვნად გადაუხვიოს ამ სამოქმედო გეგმას, რომელსაც სერიოზული ნაკლოვანებებიც ახლავს. ერთი რამ ცხადია: ბლოკჩეინი Ethereum-ი მძლავრი დაბრკოლებების წინაშეა. აღქმული ტექნიკური უპირატესობის (რაც მეტწილად იმაში მდგომარეობს, რომ ის აპლიკაციებს საშუალებას აძლევს, “ჩაშენებულები” იყვნენ ბლოკჩეინში) წყალობით, Ethereum-ი ასაფრენ ბილიკად იქცა ასობით პირველადი მონეტარული შეთავაზებისთვის (ICO), მრავალმა მათგანმა კი, ერთად აღებულმა, მილიარდობით დოლარით აზარალა დამფინანსებლები. კრიპტოლანდშაფტი Ethereum-ზე დაფუძნებული ავბედითი ICO-ების ცხედრებით არის დაბინძურებული, დღეს კი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC-ს) და სხვა რეგულატორებს ზოგიერთი მათგანი მიზანში ჰყავთ ამოღებული და კანონაღსრულებას უპირებენ. ნოემბერში SEC-მა Ethereum-ზე დაფუძნებულ ორ სტარტაპს, Airfox-სა და Paragon-ს შეუტია, რომელთაც 2017-ის ICO-ების დროს $27 მილიონის ტოლფასი არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები გაეყიდათ. ეს ორივე მონეტა დღეს, ფაქტობრივად, სრულად გაუფასურებულია. ამასობაში, აპლიკაციებისთვის ვარგისი სხვა მეტოქე ბლოკჩეინები Ethereum-ს გამოწვევას უწყობენ; მათ რიცხვშია EOS-ი, რომელიც დღეში ლამის ათჯერ მეტ ტრანზაქციას ამუშავებს, და Dfinity, რომელმაც ამას წინათ $102 მილიონი მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორიც ვენჩურ-კაპიტალის ფირმა Andreessen Horowitz-ია. მაგრამ თითქმის ყველა ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ლოკოკინასავით ნელია. Ethereum-ს წამში მხოლოდ 20 ტრანზაქციის განხორციელება შეუძლია. შედარებისთვის, Visa 24,000-ს უმკლავდება.
ასეა თუ ისე, ლუბინის ორგანიზმი ზრდას განაგრძობს. ConsenSys-ს 1,200 თანამშრომელი ჰყავს, consensys.net-ზე კი დაახლოებით 200 ვაკანსიას ნახავთ. მართალია, თავად ConsenSys-მა კომენტარისგან თავი შეიკავა, Forbes-ის შეფასებით, მისი თითქმის ყველა ბიზნესი ვალშია ჩავარდნილი, ზოგს კი მოგებიანობის ძალიან დაბალი შანსები აქვს. როგორც ჩანს, ლუბინის გლობალური ორგანიზმი ფულს გამალებით ფლანგავს – წელიწადში $100 მილიონზე მეტს.
როცა შეშფოთებული თანამშრომლები ლუბინს ConsenSys-ის მდგრადობის შესახებ კითხვებს უსვამენ, ამ უკანასკნელს მუდამ არადამაჯერებული პასუხი აქვს: “ამაზე ნამდვილად არ უნდა ინერვიულო, – იტყოდა ჯო, – ამ ტემპით ძალიან, ძალიან დიდ ხანს შეგვიძლია, ვიაროთ”, – იხსენებს გლობალური ოპერაციების ყოფილი დირექტორი კეროლაინ რეკჰაუ, რომელმაც ConsenSys-ი მაისში დატოვა.
ახლა, როცა ეთერის ფასი თავისუფალ ვარდნას განიცდის, – $1,389-დან სადღაც $100-მდე, – ლუბინის ქონებაც, თავის მხრივ, ალბათ $1 მილიარდსაც ვეღარ შეადგენს. ეს კი კითხვას ბადებს: რამდენ ხანს შეძლებს თავისი ოცნების დაფინანსებას? ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ეთერი აქვს გაყიდული… და როდის.
ETHEREUM-ის სხვა თანადამფუძნებლების, ვიტალიკ ბუტერინისა და ენტონი დი იორიოს მსგავსად, ლუბინიც კანადაში გაიზარდა. ეს (როგორც საკუთარ თავს მოიხსენიებს) კომპიუტერის ნერდი, რომლის მამა სტომატოლოგი იყო, დედა კი უძრავი ქონების აგენტი, 1980-იანების შუა წლებში Princeton-ში სწავლობდა. იქ სკვოშს თამაშობდა და ოთახს მომავალ მილიარდერთან, ჰეჯ-ფონდის ვარსკვლავ მაიკ ნოვოგრაცთან იყოფდა, რომელიც, ლუბინის არ იყოს, საბოლოოდ ბლოკჩეინისა და კრიპტოსამყაროსკენ აიღებდა გეზს. უნივერსიტეტი 1987-ში დაამთავრა, ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების დიპლომით, და მოღვაწეობა Princeton-ის რობოტიკის ლაბორატორიაში დაიწყო, თუმცა, რაღაც მომენტში, ფინანსებში გადაინაცვლა, შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა Goldman Sachs-ისთვის და მოგვიანებით, ერთობ წარმატებულად, ე.წ. რაოდენობრივ ჰეჯ-ფონდს ჩაუდგა სათავეში.
11 სექტემბრის ტერაქტების დროს ლუბინის ოფისი არცთუ შორს იყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრისგან, ამ სულისშემძვრელმა გამოცდილებამ კი ის ეგზისტენციალურ კრიზისში ჩააგდო. მომდევნო ათწლეულის მანძილზე ის უაღრესად დეპრესიულად იყო განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის მიმართ.
“სიგიჟე იყო ყველა ამ სტრუქტურის ნდობა, რომელთაც, როგორც ამას შინაგანად ვგრძნობდით, ჩვენთვის ყველაფერი კარგი უნდოდათ. …შეგრძნება მქონდა, რომ ისეთ გლობალურ საზოგადოებასა და ეკონომიკაში ვცხოვრობდით, რომელიც სიმბოლურად, პირდაპირი მნიშვნელობით და მორალურად გაკოტრებული იყო, – თქვა მან ConsenSys-ის Ethereal Summit-ზე, 2017-ის მაისში. – დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ეკონომიკა და საზოგადოება ნელ, კასკადურ კოლაფსს განიცდიდა”. ლუბინმა ორი, თანაბრად კატასტროფული შედეგი იწინასწარმეტყველა: ცენტრალური ბანკირები, რაღაც მომენტში, გააუფასურებდნენ ვალუტებს, რათა მოზღვავებული ვალები დაეფარათ, ზრდას კი ათწლეულებით შეაფერხებდნენ, ან რაიმე მოულოდნელი ,,არაწრფივი” მოვლენა დიდ სირთულეებს შექმნიდა და მსოფლიოს უპრეცედენტო ეკონომიკურ დეპრესიაში ჩააგდებდა. ლუბინი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ პერუსა და ეკვადორში გაემგზავრა – ადგილს ეძებდა, სადაც თავს შეაფარებდა.
შემდეგ, 2011-ის დასაწყისში, მან ბიტკოინის საინფორმაციო დოკუმენტი წაიკითხა და ეპიფანიამაც არ დააყოვნა: “დეცენტრალიზაცია თამაშის წესებს შეცვლიდა”.
რაც კი რამ შეეძლო, ყველაფერი წაიკითხა ბიტკოინზე და რაღაც მომენტში, დი იორიოს მეშვეობით, იმხანად 19 წლის ვიტალიკ ბუტერინიც გაიცნო – Ethereum-ის შემქმნელი და კრიპტოგენიოსი. როცა ლუბინი 2013-ის ნოემბერში გამოქვეყნებულ ბუტერინის საინფორმაციო დოკუმენტს გაეცნო Ethereum-ზე, ის Ethereum-ის პროექტში მყისვე ჩაერთო და 2014-ის იანვარში დამფუძნებელთა შეხვედრასაც დაესწრო მაიამიში. 2014 წლის ივლისში კი Ethereum-ის $18-მილიარდიანი ICO-ს დროს დამფუძნებელთა გუნდის წევრი გახლდათ. მეტიც, ჭორები დაირხა, რომ მონეტის პირველი ქრაუდფანდინგისას, როცა ფასები, შეფასებათა თანახმად, დოლარს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა, ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მყიდველი იყო. საბოლოოდ, Ethereum-ის დამფუძნებელთა გუნდის წევრებს შორის კონფლიქტი წარმოიქმნა და მათი გზებიც გაიყო. ბუტერინმა ტექნოლოგიაზე განაგრძო კონცენტრირება, ლუბინი კი თავისი გეგმის შემუშავებას შეუდგა, რაც Ethereum-ის გარშემო ბიზნესის ეკოსისტემის შექმნას ისახავდა მიზნად.
ConsenSys-ის სათავო ოფისად ლუბინმა ბრუკლინის ჰიპსტერული უბანი, ბუშვიკი შეარჩია. გარედან ბოგარტ-სტრიტის 49 ნომერი პირქუშად გამოიყურება: კარი ისეთი სტიკერებითაა დაფარული, ბარის ტუალეტში რომ ნახავთ, გრაფიტიც იქვეა. არც ინტერიერი განსხვავდება დიდად ექსტერიერისგან. საცხოვრებელი ბინების გვერდით ConsenSys-ს არაერთი ლოფტი აქვს დაკავებული.
როცა საქმე ორგანიზაციულ სტრუქტურაზე მიდგა, ლუბინს ტიპურ კორპორაციულ იერარქიაზე არ გაუკეთებია არჩევანი. მისი ConsenSys-ი ე.წ. ჰოლაკრატიად მოგვევლინა – არავითარი მენეჯერები, არავითარი ანგარიშის ჩამბარებელი სტრუქტურები. გადაწყვეტილების მიღების პროცესიც დეცენტრალიზებული გახადა, ხოლო თანამშრომლებს საკუთარი ტიტულები თავად უნდა ამოერჩიათ. ცოტას თუ ჰქონდა მუდმივი სამუშაო მაგიდა.
“იმდენად მოდუნებული ყოველდღიური რეჟიმი იყო, რომ ოფისში შესვლისას არ ვიცოდი, დასაჯდომი ადგილი მექნებოდა თუ არა. ,,სატახტოთა თამაშს” ჰგავდა, პირდაპირი მნიშვნელობით”, – ამბობს ჯეფ სკოტ უორდი, რომელიც ConsenSys-ს 2015-ის ივნისში შეუერთდა, 2018-ის დასაწყისში კი დატოვა კომპანია. ერთ სართულზე, 30 კაცისთვის ერთი ტუალეტი იყო მხოლოდ – იხსენებს უორდი. ლამის მთელი წელიწად-ნახევარი კომპანიას ადამიანური რესურსების კადრი არ დაუქირავებია.
ConsenSys-ის პირველი პროექტები, იგივე ,,გამონაზარდები”, მოიცავდა საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფას კრიპტოვალუტის ტრანზაქციებისთვის და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ციფრული უფლებების პლატფორმას მუსიკოსებისთვის. ამ პროექტების იდეათა უმეტესობა ConsenSys-ის თანამშრომელთაგან მოდიოდა და როცა კი პროექტს მწვანე შუქი ენთებოდა, ლუბინი მას $250,000-დან $500,000-მდე აძლევდა სტარტის ასაღებად.
მიზანი ის იყო, რომ ეს ,,გამონაზარდები” თვითკმარ ბიზნესებად ქცეულიყვნენ. ძალისხმევას ტყუილად არ ჩაუვლია: ისინი დროდადრო მართლაც ლეგალურ ერთეულებად იტოტებოდნენ. ლუბინის უფრო დიდი მიზანი ისაა, Ethereum-ის ეკოსისტემა – როგორც თავად მოიხსენიებს – ბადე-ქსოვილად აქციოს, რომელიც მამოძრავებელ ძალას “გამონაზარდების” ურთიერთდაკავშირებულობიდან აკრეფს.
ჯერ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა “გამონაზარდებმა” თუ მოიპოვეს პოპულარობა. ასე მაგალითად, საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტს, Balanc3-ს, როგორც თავადვე ამბობენ, 25-ზე მეტი ბიზნესკლიენტი ჰყავს (თუმცა არც ერთის ვინაობა არ კონკრეტდება), თითოეული კი წელიწადში, სულ ცოტა, $25,000-ს იხდის. კიდევ ერთ პროექტს, Kaleido-ს, რომელიც კომპანიებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვაში ეხმარება, 1,900 მომხმარებელი ჰყავს და, მათ თანახმად, ეს-ესაა, დაიწყო თავის მომსახურებაში საკომისიოს აღება. Amazon Web Services-მა ამას წინათ გამოაცხადა, რომ მისი ყველგან მყოფი ჰოსტინგ-პლატფორმა Kaleido-ს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასთან არის თავსებადი. ConsenSys-ს ტექნიკური იარაღები აქვს შექმნილი Ethereum-ისთვის, რომლებიც პროგრამისტებს მილიონჯერ ჩამოუტვირთავთ, მაგრამ კომპანია მათ ამაში ფულს არ ართმევს.
ტრადიციული ვენჩურ-კაპიტალისტებისგან განსხვავებით, ლუბინი ნაკლებად სკრუპულოზურია, როცა პროექტებისთვის მწვანეს ანთებაზე მიდგება საქმე. “ჯო ისეთი ადამიანია, რომელიც, როგორც წესი, თავის ალტერნატივებს ღიად ტოვებს და ხშირად ამბობს, რატომაც არაო, – აღნიშნავს რეკჰაუ, რომელიც დღეს კლიენტთა მომსახურებისა და ოპერაციების ხელმძღვანელია Casa-ში, კრიპტოსაფულის კომპანიაში. – გაუმართლა, რომ იქაა, სადაც ეს კარგად მუშაობს, თუმცა პრიორიტეტების დასახვა არცთუ კარგად გამოსდის. ურჩევნია, ყველაფერს დათანხმდეს”.
იყო ETHEREUM-ის ბლოკჩეინის მამიკო ვორბაკი, მშვენიერია, როცა ციფრული ფულით ვაჭრობა სტრატოსფერულ შრეებზე ხდება, მაგრამ როცა კრიპტოვალუტა მორიგ დაღმავალი ფასების ბაზარზე შეაბიჯებს, ლუბინს, რომელიც აღიარებს, რომ კრიპტოფულს პერიოდულად საფონდო ოპერაციებზე ჰყიდის, შესაძლოა, ონკანის დაკეტვა დასჭირდეს.
2017-ში, კანადის University of Waterloo-ს სტუდენტი მარკ ბეილინი ლუბინს დაუკავშირდა იდეით Bounties Network-ისთვის. ეს არის ბაზრობა ფრილანსერული სამუშაოებისთვის – პოპულარული ვებგვერდის, Upwork-ის მსგავსი, მაგრამ Ethereum-ის ჭკვიანი კონტრაქტის ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ტრანზაქციებისთვის არის ხელსაყრელი. ფუნქციონირებიდან ერთი წლის თავზე Bounties Network-ში შვიდი ადამიანი მუშაობს და, ჯამში, $250,000-ია დახარჯული შეთავაზებულ სამუშაოებზე, დაწყებული, ვთქვათ, $171-ით 800-სიტყვიანი ბლოგპოსტისთვის შრომის მომავლის შესახებ, დამთავრებული $67.30-ით საინფორმაციო დოკუმენტის პორტუგალიური თარგმანის სანაცვლოდ. Bounties Network-ის შემოსავალი ჯერჯერობით $50,000-მდეა.
2016-ის ოქტომბერში დუბაიში მცხოვრებმა 18-წლის ჯარედ პერეირამ ლუბინის დარწმუნება სცადა, დაეფინანსებინა Fathom-ი, რომლის მიზანიც უმაღლესი განათლების ბიზნესისთვის ძირის გამოთხრაში მდგომარეობს აკადემიური შეფასებებისა და ნიშნების ქრაუდსორსინგის გზით. ლუბინმა მას მწვანე აუნთო, მაგრამ ორი წელი გავიდა და პროექტზე ექვსი ადამიანი მუშაობს და ჯერაც არაა მზად არავითარი პროტოტიპი. Fathom-ის ვებგვერდი არაფერია, თუ არა მაღალზნეობრივი იდეალებით სავსე რამდენიმე გვერდი: “ინდივიდებს თავიანთ უნიკალურ მიზნებზე მორგებული გამოცდილების შექმნის თავისუფლება რომ ჰქონოდათ და რიგიანად შეძლებოდათ ამ გამოცდილების გაზიარება მსოფლიოს ნებისმიერი სტრუქტურისათვის, სოციალური ორგანიზაციის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა ყველა დონეზე”.
ლუბინისგან შანს-მიცემული სხვა პროექტები კიდევ უფრო ექსცენტრიკულად გამოიყურება. Cellarius-ი – პროექტი, რომელსაც ლუბინი ხშირად ასაჯაროებს მისი სახელწოდებიანი მაისურის ტარებით – “კიბერპანკური ტრანსმედია ფრანშიზია” და მიზნად ისახავს ამბების კოლაბორაციულ თხრობას ბლოკჩეინის შესახებ. რა არის ზუსტად ეს კოლაბორაციული თხრობა და რატომ გახდის მას ბლოკჩეინი უკეთესს ან უფრო სარფიანს? ვებგვერდზე ამის განმარტება ერთობ ბუნდოვანია.
ლუბინის მტკიცებით, ConsenSys-ი უფრო შერჩევითი ხდება პროექტების მიმართ. მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. ოქტომბერში კომპანიამ ასტეროიდიდან ნივთიერებების მომპოვებელი კომპანია, ცხრა წლის Planetary Resources-ი იყიდა. ,,მას არაჩვეულებრივად უნარიანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდად აღვიქვამთ, რომელთაც აინტერესებთ, როგორ შეიძლება ბლოკჩეინის გამოყენება კოსმოსურ ოპერაციებში”, – დამაბნევლად აღნიშნავს ლუბინი. Civil-ს, – პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს, ჟურნალისტიკა ბლოკჩეინზე გადაიყვანოს და, როგორღაც, ახალი ამბებისადმი ნდობა გაზარდოს, – ამას წინათ ICO-ს ჩაშლა მოუხდა, იმიტომ რომ $8 მილიონის ტოლფასი მინიმალური სამიზნის მოზიდვა ვერ შეძლო. Civil-ის 18 ნიუზრუმში განთავსებული ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, მათ კვლავაც არ მიუღიათ დაპირებული კომპენსაცია მონეტების სახით (ახალი ამბავი: Forbes-მა, ცოტა ხნის წინ, Civil-თან პარტნიორობის შესახებ გააკეთა განცხადება).
ConsenSys-ი საკონსულტაციო სერვისებსაც გვთავაზობს – ძირითადად, კომპანიებს ბლოკჩეინ-განათლების მიღებაში ეხმარება. ჯერჯერობით ეს ConsenSys-ის საუკეთესო ბიზნესია. მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს სერვისები წარმატებას მიაღწევენ… მანამდე, ვიდრე კომპანიები არ გამოფხიზლდებიან და არ გააცნობიერებენ, რომ ბლოკჩეინი გარდაუვლად უკეთესი ალტერნატივა არაა უმეტესი რამისათვის და, მეტიც, ზოგჯერ სხვა ტექნოლოგიებზე უარესიც კი არის. ConsenSys-ის კონსულტანტებმა, მაგალითად, Komgo-ს შექმნაში გასწიეს დახმარება. 15 დიდი ბანკით, მათ რიცხვში, Citi-თ, BNP Paribas-ითა და ABN AMRO-თი, დაკომპლექტებული კონსორციუმი გვაქვს მხედველობაში. Komgo-ს ბლოკჩეინის გამოყენება მსოფლიო მასშტაბით გადაზიდული ნაწარმის, მაგალითად, ნავთობის, დაფინანსების ეფექტიანობის გასაზრდელად სურს. ConsenSys-ის კონსულტანტები UnionBank-თანაც თანამშრომლობენ ფილიპინებში, რათა ფულადი გზავნილები უფრო სწრაფი გახადონ.
ბოლო წლებში ConsenSys-ის საკონსულტაციო დანაყოფის თანამშრომელთა რიცხვი 30-დან, სულ მცირე, 250-მდე გაიზარდა და, ლუბინის თანახმად, ამ ბიზნესს “ათობით მილიონი დოლარი” მოაქვს ნაღდი ფულისა და სააქციო წილების სახით.
რაც შეეხება ConsenSys-ის “გამონაზარდებს”, რომლებიც მეტწილად აპლიკაციებსა და დეველოპერთა იარაღებს წარმოადგენენ, Forbes-ის შეფასებით, ერთად აღებულნი, შემოსავლის სახით, $10 მილიონზე მეტსაც ვერ მოიტანდნენ 2018-ში.
ამ მომენტისთვის ConsenSys-ის ყველაზე დიდი წარმატება, რაც კონსულტაციას არ უკავშირდება, არის მისი იარაღები Ethereum-ის პროგრამისტებისთვის. მისი პროდუქტი MetaMask-ი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ვებ-ბრაუზერიდან Ethereum-ში შევიდნენ, მილიონზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული (და სულ უსასყიდლოდ). მილიონჯერ არის ჩამოტვირთული Truffle-იც, რომელიც დეველოპერებს ეხმარება, განკარგონ და გატესტონ Ethereum-ის აპლიკაციების შესაქმნელად საჭირო კოდების ნაწილები. ამ ინსტრუმენტების სანაცვლოდ, ნამდვილი ფულის აღება რთულია – ბლოკჩეინის დეველოპერთა კომუნის კომუნალური, კვაზიანარქისტული ბუნების გამო. ConsenSys-ის მტკიცებით, ის მალე დაიწყებს ფულის გამორთმევას Infura-სთვის – კიდევ ერთი ინსტრუმენტისთვის, რომელიც Ethereum-თან წვდომას უწყობს ხელს.
“ConsenSys-მა Ethereum-ის ეკოსისტემისთვის გაცილებით ბევრი გააკეთა განვითარების პირველ ხუთ წელიწადში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფირმამ”, – ამბობს მელტემ დემირორსი, კრიპტოაქტივების მენეჯმენტ-კომპანია CoinShares-ის სტრატეგიების ოფიცერი.
არც ერთი ეს ამბავი ლუბინის ტემპს არ აგდებს. აშკარაა, რომ პროექტებს მოგებიანობის გამო არ იწყებს. “განზრახვა ის კი არაა, რომ შევქმნათ კომპანიები, გავუშვათ გარეთ და ფული ვაკეთოთ, – ამბობს ის. – განზრახვა ეკოსისტემის შექმნაში მდგომარეობს. ეს მართლაც ოჯახს მოგაგონებთ”. ასეა თუ ისე, ლუბინი იმასაც აღიარებს, რომ ცვლილებებიც იგეგმება. ამას წინათ თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, მეტი კონცენტრაცია გვმართებსო. “ConsenSys 2.0-ში, – ამბობს ლუბინი, – მეტ ყურადღებას დავუთმობთ” ბაზრის თავის ტკივილებს, რომლებთან გამკლავება ტრადიციულ სტარტაპებს უწევთ.
CONSENSYS-ის ყველაზე დიდი პრობლემები, შესაძლოა, ნაკლებად უკავშირდებოდეს კრიპტოფულის დავარდნილ ფასებსა და ლუბინის შეკვეცილ ქონებას და მეტად – მისი კონგლომერატის უცნაურ ოპერაციულ სტრუქტურას.
ConsenSys-ს სურს, სჯეროდეს, რომ შრომისა და ბიზნესის მომავალს სახეს უცვლის. ConsenSys-ის ბრუკლინში მდებარე ჰაკერულ-მოდურ სათავო ოფისში ფეხის შედგმისთანავე, უამრავ ანტიისტებლიშმენტურ შტრიხს შეამჩნევთ, მათ შორის, კედელზე მოთავსებულ დიდ ბანერს, რომელზეც ვკითხულობთ: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დეცენტრალიზებულ მომავალში”.
მეტიც, აღმასრულებელი დირექტორი ლუბინი ცდილობს, არავის უთხრას, რა გააკეთონ. “უნდა, რომ ანტიაღმასრულებელი და ანტიდამფუძნებელი იყოს”, – ამბობს ყოფილი თანამშრომელი ჯეფ სკოტ უორდი, რომლის აზრითაც, ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ისაა, რომ ლუბინი კარგი ტიპია, რომელსაც სურს, იყოს დემოკრატიული. მაგრამ მისტერ კარგი ტიპის დირექტორობას არცთუ კარგი შედეგები მოჰყვება. ConsenSys-ში ცოტა წამახალისებელია, დედლაინები რომ დაცულ იქნას და სწრაფ პროგრესს ჰქონდეს ადგილი. “არაერთი თვალსაზრისით, აქ არ არსებობს შემოსავალთან ან მიზნად დასახული მაჩვენებლებლების მიღწევასთან დაკავშირებული წნეხი, – ამბობს გრიფინ ანდერსონი, რომელიც “გამონაზარდ” Balanc3-ს თაოსნობს. Glassdoor-ის ერთ-ერთი კომენტატორი ConsenSys-ს ახასიათებს, როგორც ადგილს “უსაზღვრო დაფინანსებითა და მიზნის მიღწევის არავითარი წნეხით”.
ტრადიციული სტრუქტურის არარსებობამ ულამაზო პოლიტიკასაც მისცა დასაბამი. “ცოტათი Survivor-ში გგონია თავი”, – ამბობს ლუკას კალენი, ყოფილი თანამშრომელი. კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის თანახმად, ლუბინთან დაახლოებულ პერსონალს უფრო იოლი წვდომა აქვს რესურსებზე, ანგარიშვალდებულების ხარისხი კი გუნდიდან გუნდამდე მკვეთრად განსხვავდება.
ConsenSys-ს მართლაც აქვს “რესურსის განაწილების კომიტეტები”, რომელთაც ევალებათ, გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა დამატებით ინჟინრებსა თუ დაფინანსებას ,,გამონაზარდები”. მაგრამ ეს კომიტეტები მუდმივად იცვლებიან. “ყოველთვის არის ერთი წარმომადგენელი ფინანსებიდან, მაგრამ, როგორც წესი, იმგვარი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც შენს სფეროში ინტერესი აქვს, – ამბობს თომას ჰილი, Truset-ის თანადამფუძნებელი – ConsenSys-ის მორიგი პროექტისა, რომელიც ქრაუდსორსინგზე დაფუძნებულ ბიზნესის მონაცემთა პლატფორმას ქმნის. – ამ კომიტეტში ყველას შეუძლია მოხვედრა”.
უორდის თანახმად, რომელმაც სამი წელი გაატარა ConsenSys-ში, “სამზარეულოში ზედმეტად ბევრი მზარეული ფუსფუსებდა. ყველაფერი თითქოს იმაზე დადიოდა, ვისი ეგო აღმოჩნდებოდა უფრო ძლიერი. დამქანცველი იყო”, – ამბობს ის. UPort-ს – ინსტრუმენტს, რომლის მიზანიც გახლდათ, მომხმარებლებისთვის Ethereum-ის აპლიკაციებზე შესვლის საშუალება მიეცა – სამი პროექტის მენეჯერი ჰყავდა, რომლებიც ერთიან ხედვაზე ვერ თანხმდებოდნენ. დღეს სულ რაღაც 15 აპლიკაციაა, UPort-ს ვინც იყენებს, პროექტი კი ორად იხლიჩება.
ConsenSys-ის კულტურას ბევრი ქაოსურს უწოდებს, კომპანიას კი, როგორც ჩანს, უჭირს ყველა თავისი პროექტისთვის თვალის მიდევნება. ConsenSys-ის საიტის მთავარ გვერდზე წერია, რომ მას “50+ “გამონაზარდი” კომპანია ჰყავს”, მაგრამ ამ სტატიაზე მუშაობისას ეს რიცხვი ჯერ “30-ზე მეტად” იქცა, მერე კი 42-ად. ეს “თხევადი რიცხვია”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ლუბინი ზოგიერთ სირთულეს აღიარებს. “[ანგარიშვალდებულება] პრობლემაა ConsenSys-ში, – ამბობს ის. – ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა უფრო მკაფიო გავხადოთ, ვინ რაზე არის პასუხისმგებელი და დავრწმუნდეთ, რომ ანგარიშვალდებულება მკაცრადაა დაცული”. მაგრამ ის თავისი ქსელური არქიტექტურის პლუსებსაც ჩამოთვლის. პროექტები კოლაბორაციულია, იზოლაციურად მოქმედი დანაყოფების მოშლა კი – ადვილი. თანამშრომელთა თანახმად, სხვათა მოსაზრებებში ეჭვის შეტანას სირცხვილი, ფაქტობრივად, არ ახლავს. ზოგი შინაურის თქმით კი ავტონომია მათ ძალას აძლევთ – განსაკუთრებით, საშუალება, ლატერალურად იმოძრაონ სხვადასხვა პროექტში.
როგორც Truset-ის თანადამფუძნებელი, ჰილი, ამბობს, “ConsenSys-ი, ბოლოს, Harvard Business Review-ში ქრესტომათიული მაგალითის სახით მოხვდება – ან როგორც გაკვეთილი კორპორაციული ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილების შესახებ, ან როგორც კატასტროფა”.
თუ რაიმე პარადოქსი ახლავს ლუბინის მისიას, სახე უცვალოს ბიზნესს დეცენტრალიზაციის მოახლოებული ეპოქისთვის, ის თავად ConsenSys-ის ბუნებაში უნდა ვეძიოთ: ლუბინის კომპანია გაცილებით უფრო ცენტრალიზებულია, ვიდრე მას მოეწონებოდა ამის აღიარება.
ასე, მაგალითად, როცა ConsenSys-ის “გამონაზარდები” მართლაც გამოიზარდნენ და დამოუკიდებელ ბიზნესებად იქცნენ, ლუბინი მათზე, სულ ცოტა, 50%-იან მფლობელობას ინარჩუნებს. ამდენად, ერთი მხრივ, ამერიკის ოქროს ხანის წარმომადგენლების, ჯონ პირპონტ მორგანისა და ენდრიუ კარნეგის, მეორე მხრივ კი ინტერნეტის ეპოქის ტექნოლოგიური მაგნატების, ჯეფ ბეზოსისა და მარკ ცუკერბერგის მსგავსად, ბლოკჩეინის ეპოქაში, ლუბინიც მორიგ ავტორიტარულ ტიტანად ქცევის გზას ადგას.
“სწორედ აქ კარგავს აზრს მთელ ამ ქსელურობასა და დეცენტრალიზაციაზე ლაპარაკი, – ამბობს უორდი. – არასდროს იყო მკაფიო, ვის რა წილი ჰქონდა”. ConsenSys-ის ერთ-ერთი პროექტის, ICO-თი დაბადებული Grid+-ის შემთხვევაში, ლუბინმა, Forbes-ის შეფასებით, სტარტაპის სააქციო კაპიტალის ნახევართან ერთად, მისი მონეტების 20% ჩაიჯიბა.
“არ მგონია, ოდნავი წარმოდგენა მაინც ჰქონდეთ, რას ნიშნავს დეცენტრალიზაცია”, – ამბობს CoinShares-ის დემირორსი.
ConsenSys-ის 1,200 თანამშრომელთა შორის კომპანიის სააქციო კაპიტალის გაზიარების საკითხი ანეკდოტადაა უკვე ქცეული. ყოფილი თანამშრომლების თანახმად, ლუბინი ამ თემას თავს არიდებდა და, თუ შეეკითხებოდი, გეგმა სულ “ექვსი კვირით” იდებოდა. უნდა ითქვას, რომ პირველმა ასიოდე თანამშრომელმა თავიანთი სააქციო კაპიტალი 2017-ის დასაწყისში მიიღეს და თითქმის ორი წლის შემდეგ, როგორც ConsenSys-ი ამბობს, ის ჯერაც მუშაობს გეგმაზე, თავის უფრო დიდ სამუშაო ძალას მისცეს წილი კომპანიაში.
ლუბინს არ მიაჩნია, რომ ConsenSys-ის სტრუქტურა ურთიერთწინააღმდეგობრივია. “თუ შეძლებ, შექმნა სისტემა, რომელიც მრავალ ადამიანს ემსახურება და რომლითაც ყველა აღტაცებულია, არაა აუცილებელი ამ სტრუქტურას ბევრი ადამიანი თანაბრად ფლობდეს”, – ამბობს ის პასუხად, რომელიც თავისუფლად შეიძლება, ცუკერბერგის პირიდან ამოსულიყო Facebook-ის დაუბალანსებელი საჯარო შეთავაზების წინა ღამეს.
2017-ში ConsenSys-ს შეეძლო, ICO-ები კომპანიათა წამოწყებისა და შიდა თანამშრომლების დაჯილდოების იოლ და სარფიან საშუალებად გამოეყენებინა. მაგრამ დღეს, როცა SEC-ი გამკაცრებულია ICO-ების მიმართ, შესაძლებლობის ფანჯარა მნიშვნელოვნად დაპატარავდა. “როცა ვცდილობთ, მეტი გარე ინვესტიცია განვახორციელოთ, სპეციფიკურ ხელშეკრულებებს ვაწყდებით, რისთვისაც ტრადიციული ვენჩურ-კაპიტალისტური მოდელია საჭირო”, – ამბობს რონ გარეტი, ConsenSys Labs-ის ხელმძღვანელი – განყოფილებისა, რომელიც წყვეტს, რომელი პროექტი დაფინანსდეს და რომელი – არა. “ასეთ ხელშეკრულებებში ჩვენ ნაკლებ სააქციო კაპიტალს ვიღებთ”. გარეტი იმასაც ამატებს, რომ სხვა სტარტაპ-ინკუბატორები, მაგალითად, Betaworks-ი, როგორც წესი, თავიანთი გამოზრდილი კომპანიებიდან საკონტროლო წილებს იღებენ. ესეც თქვენი დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია.
ამ ეტაპზე ჯო ლუბინის გრანდიოზული ექსპერიმენტი ბიზნესის მომავლისა საათის ისრების საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის: მოასწრებენ კი ბლოკჩეინის აპლიკაციები წარმატების მოპოვებას მანამდე, სანამ ლუბინის ხელგაშლილობას წერტილი დაესმევა?
Ethereum-ის ყველაზე წარმატებულ აპლიკაციებსაც კი მეჩხერი სამომხმარებლო ბაზები აქვს. ყველაზე ფართოდ მოხმარებული აპლიკაცია კრიპტოფულის დეცენტრალიზებული გაცვლითი ბირჟაა, სახელად IDEX-ი, რომელიც არ გახლავთ ConsenSys-თან აფილირებული. მოღვაწეობიდან წელიწადზე მეტია გასული და მას სულ რაღაც 1,000 დღიური მომხმარებელი ჰყავს. “ვიცოდით, რომ ბევრი მუშაობა და დრო იქნებოდა საჭირო პლანეტარული მასშტაბის მასობრივი ევოლუციის წამოსაწყებად”, – ამბობს ლუბინი.
ლუბინი თუ კვლავ მილიარდერად დარჩება, მაშინ შეძლებს, რამდენიმე წლის განმავლობაში ConsenSys-ი შეინარჩუნოს… თუნდაც რომ წლიურად $100 მილიონზე მეტს ხარჯავდეს. “ამ ეტაპზე ConsenSys-ი სტაბილური და ჯანმრთელია”, – ამტკიცებს ის.
როდის გავა ლუბინი თამაშიდან? “არავითარი გეგმა არ მაქვს, წილი გავყიდო, და ასეთი სტრატეგია არც არასდროს მქონია, რაც უნდა მეკეთებინა, – ამბობს ის ConsenSys-ის სან-ფრანცისკოს ოფისიდან, სადაც ის-ისაა, “დემო დღეს” უმასპინძლა 16 სტარტაპისთვის, რომლებიც მოწადინებულნი არიან, მისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. – ბოლომდე ვარ ჩართული”.