კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ყველაზე პოპულარული პლატფორმის, Binance-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჩანპენ ჩჟაოს ქონებამ 96 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
Binance-ის CEO-ს ქონება განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა მსოფლიოში კრიპტოვალუტებზე მზარდი მოთხოვნის გამო. ციფრული ვალუტების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ჩანპენ ჩჟაოს ქონება 2022 წელსაც დიდი მოცულობით გაიზრდება.
ცნობისათვის, 2021 წელს მილიარდერთა სიას ორი საკმაოდ გამორჩეული ფიგურა შეუერთდა. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, Ethereum-ის დამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი და კრიპტოპლატფორმა Coinbase-ის დამფუძნებელი, ბრაიან არმსტრონგი მილიარდერები სწორედ შარშან არსებული უდიდესი მოთხოვნის გამო გახდნენ.
Binance-ი მისმა დამფუძნებელმა 2017 წელს დააარსა და ამ წლების განმავლობაში ის კრიპტოვალუტებით ვაჭრობის უდიდეს პლატფორმად აქცია. თუმცა, სხვა პლატფორმების მსგავსად, Binance-საც ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. მრავალი რეგულაციის გამო მისი განვითარების ტემპებს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა სასურველი მიზნის მიღწევა მაინც შეძლო.
Binance-ის პრესსპიკერმა მედიაგამოცემა CNN-ს განუცხადა, რომ პლატფორმის დამფუძნებელი საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებაში დახარჯვას გეგმავს.