კვლევა: ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატი სიკვდილიანობის რისკს ორჯერ ამცირებს

კვლევა: ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატი სიკვდილიანობის რისკს ორჯერ ამცირებს

ჩიკაგოში, კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ კონფერენციაზე, ფილტვის კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებით კლინიკური კვლევების ახალი შედეგები გასაჯაროვდა. ანგარიშის თანახმად, პრეპარატ ოსიმერტინიბის ყოველდღიური მიღება გარკვეული ტიპის ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში სიკვდილიანობას ორჯერ ამცირებს.

პრეპარატ ოსიმერტინიბის მიღებამ პაციენტებში, რომლებმაც სიმსივნე ქირურგიული წესით მოიშორეს, სიკვდილიანობის რისკი 51%-ით შეამცირა. ცნობისთვის, პრეპარატი ბაზარზე Tagrisso-ს სახელითაა წარმოდგენილი. AstraZeneca-ს პრესრელიზის თანახმად, ოსიმერტინიბი ათეულ ქვეყანაში უკვე ავტორიზებულია და 700,000-მდე პაციენტის მკურნალობისას გამოიყენება. თავის მხრივ, ფილტვის კიბო, ყველა სხვა დაავადებას შორის, ყოველწლიურად ყველაზე მეტი, 1.8 მილიონი ლეტალური შემთხვევით სრულდება.

ფარმაცევტულ ჯგუფ AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული მკურნალობის მეთოდი იმ პაციენტებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა, ე.წ. არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნე აღმოაჩნდათ, რომელიც კონკრეტული ტიპის მუტაციას ავლენს. მუტაციები, რომელთაც ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორს (EGFR) უწოდებენ, აშშ-ისა და ევროპის მასშტაბით, ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების 10-დან 25%-ში, ხოლო აზიაში 30-40%-ში გვხვდება.

კლინიკური კვლევა ოცზე მეტ ქვეყანაში, დაავადების ადრეულ სტადიაზე მყოფ დაახლოებით 680 პაციენტზე ჩატარდა. კვლევის მონაწილეებს საწყის ეტაპზე სიმსივნის ამოსაკვეთად ოპერაციას უტარებდნენ, შემდეგ კი მათი ნახევარი ყოველდღიურად მედიკამენტს იღებდა, ნახევარი – პლაცებოს. იმ პირებში, რომლებიც მედიკამენტს იღებდნენ, პლაცებოს მიმღებ პაციენტებთან შედარებით, სიკვდილიანობის რისკი 51%-ით შემცირდა. ხოლო ხუთი წლის შემდეგ მედიკამენტების მიმღები პაციენტების 88%, ხოლო პლაცებოს მიმღები 78% კვლავ ცოცხალი იყო.