ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა 63.5 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ლაშა ბრძოლას ოქროს მედლისთვის აგრძელებს.
გურულმა მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი რაუნდი ყაზახ მეტოქესთან დათმო, თუმცა მეორე და მესამე რაუნდში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და მსაჯებმაც გამარჯვება სწორედ მას მიანიჭეს.
შეგახსენებთ, ლაშამ ოლიმპიადაზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი მეტოქე, მალიქ ჰასანოვი დაამარცხა. მსაჯებმა გამარჯვებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოავლინეს.
რაც შეეხება მომდევნო ბრძოლას, ნახევარფინალში გურულის მეტოქე კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება. შეხვედრა 4 აგვისტოს, თბილისის დროით 19:06 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ კრივში ოლიმპიური მედალი საქართველოს წარმომადგენელს ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული – 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ვლადიმერ ჭანტურიამ ბრინჯაო მოიპოვა.