ლებრონ ჯეიმსი NBA-ში კარიერის დასრულებას განიხილავს

ლებრონ ჯეიმსი NBA-ში კარიერის დასრულებას განიხილავს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ „დენვერ ნაგეტსთან“ მარცხის შემდგომ, NBA-ის ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ეჭვები გააჩინა, რომ ლეგენდარული კალათბურთელი მიმდინარე სეზონში კარიერის დასრულებას განიხილავს. ჯეიმსი საკალათბურთო ლიგაში ამჟამად მის რიგით მეოცე სეზონს ატარებს.

„დენვერ ნაგეტსთან“ გამართულ შეხვედრაში, ლებრონ ჯეიმსმა თავის გუნდს 40 ქულა მოუტანა და ფეხის ტრავმის მიუხედავად, მოედანზე სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი გაატარა. მიუხედავად ამისა, მედიის ცნობით, კალათბურთელმა კარიერის შესაძლო დასრულებაზე მინიშნება გააკეთა.  მომავალ სეზონზე, „ლეიკერსში“ თავის როლზე საუბრისას ჯეიმსმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. არ ვიცი, რა იქნება, კალათბურთთან დაკავშირებით ბევრი მაქვს საფიქრალი“.

ჯეიმსმა მოგვიანებით ESPN-თანაც დაადასტურა, რომ კარიერის დასრულებას განიხილავს და დასძინა, რომ უნდა იფიქროს, სურს თუ არა მომავალი წლისთვის თამაშის გაგრძელება. თუმცა, მიუხედავად მომავალთან დაკავშირებული ეჭვებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 38 წლის ვარსკვლავი კარგ ფორმაშია და მეტიც, „ლეიკერსთან“ კონტრაქტი მომავალ სეზონშიც აკავშირებს.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ კონტრაქტის დასრულებამდე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $50 მილიონია, ლებრონ ჯეიმსს მინიმუმ კიდევ ერთი წელი დარჩა. ამავდროულად, ჯეიმსს კარიერის დასრულებამდე თავის უფროს შვილ ბრონისთან ერთად თამაშიც სურს. მიმდინარე წესებით კი ბრონი 2024-2025 წლების სეზონამდე NBA-ში თამაშს ვერ შეძლებს.