ფრანგულ კლუბ პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 „ოქროს ბურთი“ (Ballon d’Or) მოიგო და 2019 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი პარიზში გამართულ ღონისძიებაზე გამოცემა France Football-მა დაასახელა, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს 1956 წლიდან ევროპულ კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებს ანიჭებს.
ლიონელ მესიმ მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელს, პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის, ასევე ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველსა და იტალიის ნაკრების წევრს, ჟორჟიონიოს აჯობა. მათ შესაბამისად მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს. ცნობისთვის, კარიერაში მესის მთავარი კონკურენტი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს, მიმდინარე წელს მე-6 პოზიციას დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს, რომელიც პარიზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო, „ოქროს ბურთი“ 5-ჯერ აქვს მოგებული.
აღსანიშნავია, რომ მესიმ დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში რობერტ ლევანდოვსკი შეაქო. არგენტინელის თქმით, 2020 წლის საუკეთესო მოთამაშის სტატუსს და, შესაბამისად, „ოქროს ბურთს“ სწორედ „ბაიერნის“ თავდამსხმელი იმსახურებდა, თუმცა შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოება არ ჩატარდა.
მესიმ „ოქროს ბურთი“ პირველად 2009 წელს მოიგო. ამის შემდეგ არგენტინელმა ტიტული 2010, 2011, 2012, 2015, 2019 წლებში მოიპოვა, როდესაც „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მესიმ კატალონიური კლუბი დატოვა და პსჟ-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარიზელები თავდამსხმელისთვის სეზონში 33 მილიონი აშშ დოლარის გადახდას დასთანხმდნენ. ცნობისთვის, არგენტინელმა „ბარსელონაში“ 21 წელი გაატარა. მან კლუბის მაისურით 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე გადაცემა გააკეთა.