SUD Lisboa-ს აუზი და ტეჟუს ხედი, სივრცემ 2026 წლის 11 ივლისს ცხრა წელი აღნიშნა.
ბაიშას 32-ადგილიანი გასტრობარიდან პორტუგალიის ყველაზე მაღალ შენობამდე, იტალიური ტრატორიიდან ტეჟუს ნაპირზე გაშლილ SUD Lisboa-მდე — SANA-ს ხუთი მისამართი თანამედროვე ლისაბონს განსხვავებული რიტმებით გვაჩვენებს. მარშრუტის ყველაზე ხმაურიანმა მისამართმა, SUD Lisboa-მ, 11 ივლისს ცხრა წელი აღნიშნა.
ლისაბონს ერთი საფოსტო ბარათი ვერ იტევს. ქალაქი დილის კერამიკული ფასადებიდან ღამის წითელ ინტერიერებში გადადის. ძველი ცენტრის ვიწრო ქუჩებიდან — აღმოსავლეთის მინის ახალ ჰორიზონტამდე. ერთ მხარეს ატლანტიკიდან შემოსული ქარია, მეორე მხარეს — ტეჟუ, რომელიც ქალაქის მასშტაბს მუდმივად ცვლის.
ამიტომ ლისაბონის ნახვა ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალით ადვილია, მისი შეგრძნება კი — გაცილებით რთული. ამისთვის სხვა ტიპის მარშრუტია საჭირო: არა აუცილებლად უმოკლესი და არც ქრონოლოგიურად დალაგებული, არამედ ისეთი, ქალაქის ტემპის მონაცვლეობას რომ გვაგრძნობინებს.
SANA Hotels-ის ხუთი მისამართი სწორედ ასეთ მარშრუტს ქმნის. პორტუგალიური ჯგუფი დღეს 17 სასტუმროს მართავს ოთხ ქვეყანაში, მაგრამ მისი ლისაბონური პორტფელი განსაკუთრებულია. ლისაბონის ფორმულაში თითოეულ სივრცეს საკუთარი როლი აქვს: ერთი ქალაქს აჩუმებს, მეორე აცოცხლებს, მესამე ზემოდან გვაჩვენებს, მეოთხე კი ისევ მდინარის დონეზე გვაბრუნებს. მეხუთე — SUD Lisboa — ამ ყველაფერს ერთ, ხმაურიან განაცხადად აერთიანებს.
SUD Lisboa: ნომრების გარეშე
2017 წლის 11 ივლისს SANA-მ გააკეთა ის, რასაც სასტუმროების ქსელები იშვიათად აკეთებენ: გახსნა პროექტი, სადაც არც ერთი ნომერი არ იყო.
SUD Lisboa ბელენში, Avenida Brasília-ზე, ტეჟუსა და 25 აპრილის ხიდის პირისპირ განთავსდა. დღისით აქ ყველაზე თვალწარმტაცი ზედაპირი – წყალია. მდინარე და ტერასის აუზი თითქოს ერთმანეთის გაგრძელებაა. საღამოს არქიტექტურა იცვლება: მინაში მზის ნაცვლად შიდა განათება ირეკლება, მუსიკა იმატებს და მშვიდი პანორამა სოციალურ სცენად გარდაიქმნება. Terrazza-ს რესტორანი, ღია სივრცეები და SUD Lisboa Hall სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ერთი და იმავე თვალწარმტაცი შინაარსის ირგვლივ ერთიანდებიან.
SUD Lisboa SANA Group-ის პირველი არასასტუმრო პროექტი იყო. ცხრა წლის შემდეგ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო ჩანს: მან ჯგუფისთვის სტუმარმასპინძლობა სასტუმროს ნომრის მიღმა გაიტანა. აქ პროდუქტი არა ღამის გათევა, არამედ დროის სწორად დაგეგმილი მონაკვეთია — სადილი, მზის ჩასვლა, კონცერტი, ვახშამი თუ ღონისძიება, რომელსაც ფონად მთელი ლისაბონი ეძლევა.

SUD-ის წარმატების უკან მარტივი, მაგრამ იშვიათად სიზუსტით შესრულებული პრინციპია: ქალაქი დეკორაცია არ არის. ის გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი მდგენელია. იმავე პრინციპს SANA-ს სხვა ლისაბონური მისამართებიც განსხვავებული ინტონაციით იმეორებს.
BLACK MOON: ქალაქის ხმის ჩასაწევად
ბაიშა სიჩუმით არ გამოირჩევა. Rua do Ouro-ზე ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის უწყვეტია, ქუჩები კი ერთმანეთში ისე გადადის, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. სწორედ ამ გარემოში, XVIII საუკუნის პომბალინური შენობის შიგნით, MYTHIC SANA Downtown Suites სრულიად საპირისპირო მასშტაბს ქმნის: 48 ნომერი და ლუქსი, პერსონალიზებულ მომსახურებაზე აგებული სასტუმრო და მასში განთავსებული, მხოლოდ 32 სტუმარზე გათვლილი BLACK MOON Gastrobar.

BLACK MOON-ში ქალაქი თითქოს იკუმშება. თეთრი მარმარილო, შავი ზედაპირები და მცირე ოქროსფერი დეტალები სინათლეს კონკრეტული მიმართულებით უშვებს: ბარზე, ჭიქაზე, თეფშზე. მცირე რაოდენობის ადგილების გამო სამზარეულო და სტუმარი ერთმანეთისგან შორს ვერ რჩებიან. აქ პატარა დეტალები დეკორაციის ნაწილი კი არა, მთელი გამოცდილების საზომია.
შეფ ლუის ორტისის (Luís Ortiz) მენიუ კონტრასტებზეა აგებული, უმსა და ცეცხლს, სიმსუბუქესა და ინტენსივობას შორის. პორტუგალიურ პროდუქტებს მის მეხსიერებაში დარჩენილი მექსიკური გემოები და აზიური აქცენტები უერთდება. შედეგი არც კლასიკური fine dining-ია და არც ჩვეულებრივი სასტუმროს ბარი. BLACK MOON უფრო ინტიმური გასტრონომიული სივრცეა, სადაც დრო ბუნებრივად გვიანობამდე იწელება, კერძი, ღვინო, შამპანური და კოქტეილი კი ერთმანეთს სასიამოვნო რიტმით ენაცვლება.
თუ SUD Lisboa სივრცეს გარეთ, ქალაქისკენ ხსნის, BLACK MOON მას შეგნებულად კეტავს. პირველი ლისაბონს პანორამად იყენებს; მეორე ქუჩიდან შემოტანილ განწყობას რამდენიმე მაგიდამდე ამცირებს.
Allora: ფუფუნება, რომელსაც საუბარი უყვარს
BLACK MOON ჩურჩულია. Allora ხმას იმაღლებს.

EPIC SANA Marquês-ში განთავსებული იტალიური რესტორანი დახურული, ფორმალური სადილის იდეას თავიდანვე უარყოფს. სივრცე მოძრაობისთვისაა შექმნილი: ღია სამზარეულო, antipasti-ს დახლი, ბარი, ხელნაკეთი პასტა, ნახშირზე მომზადებული ხორცი და თევზი, ბოლოს კი gelato-სა და დესერტების სექცია. სტუმარი მხოლოდ საბოლოო კერძის მოწმე არაა — ხედავს, როგორ იქმნება ის.
ინტერიერში თბილი ხე, ღია მარმარილო, მწვანე და ლურჯი ტონები ერთმანეთს ისე ენაცვლება, რომ დიდი დარბაზი ერთ მთლიან სივრცედ ნაკლებად იკითხება და რამდენიმე პატარა სცენად იყოფა: სადილი ბართან, ხანგრძლივი ვახშამი მაგიდასთან, საუბარი ტერასაზე.
Allora-ს იტალიური აქცენტი სამზარეულოში გამოსჭვივის — ადგილზე მომზადებული ხელნაკეთი პასტა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი იტალიური პროდუქტი, Josper-ის გრილი და გასაზიარებლად აწყობილი კერძები. ეს არის ტრატორიის ლოგიკა უფრო დახვეწილ, ქალაქურ გარემოში: სერიოზული სამზარეულო, რომელსაც სერიოზულობის დემონსტრირება არ სჭირდება.
Vasco da Gama Tower: ქალაქი 145 მეტრიდან
ლისაბონი რადიკალურად იცვლება, როდესაც მას 145 მეტრის სიმაღლიდან უყურებ.

Vasco da Gama Tower Parque das Nações-ში დგას, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ძველი ლისაბონის ქვისა და კრამიტის ნაცვლად მინა, ფოლადი და ფართო ღია სივრცეები დომინირებს. პორტუგალიის ყველაზე მაღალი შენობის წვერიდან ტეჟუ უკვე უბრალოდ მდინარე აღარ არის. ის ქალაქის მთავარი ღერძი ხდება. ერთ მხარეს ისტორიული ცენტრი იშლება, მეორე მხარეს — თანამედროვე აღმოსავლეთი და Vasco da Gama-ს ხიდი.
კოშკის ღირებულება მხოლოდ ხედის სიმაღლეში არ მდგომარეობს. 360-გრადუსიანი პანორამა ქალაქის გეოგრაფიას ერთბაშად გასაგებს ხდის: რატომ იზრდებოდა ლისაბონი მდინარის გასწვრივ, სად მთავრდება ძველი ქსოვილი და როგორ შეიქმნა ახალი ურბანული ცენტრი Expo 98-ის შემდეგ. ეს არის ორი განსხვავებული ლისაბონის ერთ კადრში დანახვის საშუალება.
კოშკი MYRIAD by SANA-ს არქიტექტურულ კომპლექსშია ინტეგრირებული. 120 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ორვარსკვლავიანი Michelin-ის რესტორანი Fifty Seconds, ხოლო მწვერვალზე — სადამკვირვებლო სივრცე და BABYLON 360º. სიმაღლე აქ მთელი კონცეფციის მთავარი ორგანიზატორია: სასტუმროს ნომრებიდან რესტორნამდე, თითქმის ყველა სივრცე ქალაქს გარეთ კი არ ტოვებს, შიგნით ეპატიჟება.
River Lounge: დაბრუნება წყლის დონეზე
145 მეტრის შემდეგ ყველაზე სწორი დასასრული ნულოვან სიმაღლეზე დაბრუნებაა.

MYRIAD by SANA-ს River Lounge ტეჟუს თითქმის უშუალოდ ეხება. მინის კედლები და გარე ბაქანი მდინარეს ინტერიერის გაგრძელებად აქცევს. დღის განმავლობაში აქ მთავარი ცვლილება არა დეკორში, არამედ სინათლეში აისახება. დილით წყალი სივრცეს აფართოებს, მზის ჩასვლისას კი მინა ფანჯრიდან სარკედ გადაიქცევა.
სამზარეულო ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტიკის ოკეანის ლოგიკას მიჰყვება — სეზონური პროდუქტი, თევზი და ზღვის პროდუქტები, სუფთა გემოები და თეფშები, რომლებიც ხედთან კონკურენციას არ ცდილობს. მომსახურებაც იმავე თავშეკავებულ რიტმს ინარჩუნებს. River Lounge-ში ყველაზე ძვირადღირებული რესურსი სივრცეა: მანძილი მაგიდებს შორის, ჰორიზონტი მინის მიღმა და დრო, რომელსაც მდინარე თითქოს ანელებს.
თუ BLACK MOON სინათლეს აკონტროლებს, River Lounge მას ემორჩილება. თუ Allora სტუმრებს ერთმანეთისკენ აბრუნებს, აქ ყველა მზერა გარეთ მიდის. სწორედ ეს განსხვავებები ქმნის მარშრუტის მთლიანობას.
ერთი ქალაქი, ხუთი განსხვავებული ტემპი
ამ ხუთ მისამართს მხოლოდ ერთი დიზაინი, სამზარეულო ან განწყობა არ აერთიანებს. SANA-ს ლისაბონური პორტფელი ერთ ქალაქს სხვადასხვა ტემპად ანაწილებს.
BLACK MOON ინტიმურია; Allora — სოციალური. Vasco da Gama Tower მასშტაბს გაჩვენებს; River Lounge — სიმშვიდეს. SUD Lisboa კი ამ ოთხივე ელემენტს აერთიანებს: არქიტექტურას, გასტრონომიას, ხედსა და ადამიანურ ენერგიას.
სწორედ ამიტომ SUD-ის მეცხრე წლისთავი მხოლოდ ერთი პოპულარული სივრცის დაბადების დღე არ არის. ის იმ მომენტის აღნიშვნაცაა, როდესაც სასტუმროების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სტუმარმასპინძლობის მთავარი პროდუქტი ოთახი აღარ ყოფილიყო. ის შეიძლება იყოს 32-ადგილიანი ბარი, ხელნაკეთი პასტით სავსე ხმაურიანი დარბაზი, 145-მეტრიანი აღმასვლა ან ერთი მშვიდი მაგიდა ტეჟუს პირას.
ლისაბონი ამ მარშრუტზე კარგად დადგმულ დღედ იშლება — სიბნელიდან სინათლეში, ქუჩიდან ცაში, სიმაღლიდან წყლის დონემდე. ფუფუნებაც, საბოლოოდ, სწორედ ეს არის: არა რაც შეიძლება მეტის დამატება, არამედ დროის, სივრცისა და ყურადღების ზუსტად განაწილება.












