ლოკომოტივიდან სტიმულატორამდე

ლოკომოტივიდან სტიმულატორამდე

რუბრიკა: არაპროფილური აქტივები – CONTRA!

სახელმწიფოს და მისი საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარება ინსტიტუციურად ძლიერი საბანკო სისტემის გარეშე შეუძლებელია. ამ სისტემის სიძლიერის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნესის განვითარებას და საინვესტიციო გარემოს. თუმცა მოდის დრო, როცა საბანკო სექტორი არასაბანკო ბიზნესის ლოკომოტივიდან უნდა იქცეს მის სტიმულატორად, ამ სექტორში კონკურენციისა და განვითარების ხელშემწყობად.

ბუნებრივია, თავისუფალი, ღია და ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა მთავარი ღირებულებაა, გონივრული რეგულირებისა და კონკურენციის პრინციპების დაცვით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, წარმოვიდგინოთ კონკურენცია ინტერსექტორული თვალსაზრისით და არა მხოლოდ საბანკო სექტორის შიგნით. ამ შემთხვევაში მკაფიოდ წარმოჩნდება გამოწვევა, რომელიც აქტუალურია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვა და ეკონომიკის რომელიმე სექტორში დომინანტური მდგომარეობა კვლავაც რჩება რისკებად.

სუსტად განვითარებული და მცირე ეკონომიკის ქვეყნებში, როგორც წესი, საბანკო სექტორი გამოდის ლიდერად, რადგან სწორედ ამ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით ხორციელდება ფინანსების მართვა და სწორედ აქ კონცენტრირდება ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო რესურსები. ეკონომიკისა და ბიზნესსექტორის განვითარების კვალობაზე დღის წესრიგში დგება საბანკო სექტორის როლისა და ადგილის ახლებური გააზრების საჭიროება, რათა ეს სექტორი არ იქცეს ინტერსექტორული კონკურენციის შეზღუდვისა და არასაბანკო ბიზნესის განვითარების შეფერხების წყაროდ.

ეს ყველაფერი აქტუალურია საქართველოსთვისაც.

“დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემამ მიაღწია მდგრადი განვითარების იმ ოპტიმალურ ზღვარს, რომლის შემდგომაც საჭიროა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, როდესაც ძლიერი საბანკო ინსტიტუციები იქნებიან ბიზნესაქტივობის გამოცოცხლებისა და საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. კომერციული ბანკების ინტერესი უნდა იყოს უშუალოდ საბანკო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება და უმთავრესი მოტივაცია კი – დაკრედიტებული ბიზნესპროექტების წარმატებული განხორციელება, რაც კომერციული ბანკების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს”, – აღნიშნული იყო 2014 წლის 12 თებერვალს “ექსპერტთა ოთხეულის” (რომელთა შორის ამ სტატიის ავტორიც გახლდით) მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ადრესატები იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. იმ მომენტისთვის ეკონომიკის სხვა სექტორებზე მეტად განვითარებული საბანკო სექტორი აკონტროლებდა ბიზნესის არაერთ მიმართულებას, რომლებსაც საბანკო სფეროსთან კავშირი არ ჰქონდა. მათ შორის იყო: სამშენებლო თუ დეველოპერული ბიზნესი, სადაზღვევო ბიზნესი, საგანმანათლებლო ბიზნესი, სამედიცინო ბიზნესი, ტურისტული ბიზნესი, ალკოჰოლური სასმელების წარმოება-დისტრიბუცია, კოსმეტოლოგია და ფიტნესი, საფეხბურთო, საკალათბურთო და რაგბის კლუბები და თვით მუხის კასრების წარმოებაც კი. ბუნებრივია, ეს ბიზნესები არ იყო დაწყებული უშუალოდ საბანკო დაწესებულებების მიერ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სარგებლობდა საბანკო კრედიტით და რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისის გამო გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. განვითარებული დემოკრატიისა და ეკონომიკის პირობებში, ეფექტიანი საკანონმდებლო გარემო უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გადახდისუუნარო კომპანიების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული კრედიტის ფარგლებში დანაკარგების შემცირებას. სწორედ არაეფექტიანი საკანონმდებლო გარემო იქცა ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად იმისთვის, რომ არაპროფილური აქტივები და ბიზნესები საბანკო დაწესებულებების ხელში აღმოჩენილიყო. ხშირად აუქციონზე გატანილი გადახდისუუნარო კომპანიისა თუ აქტივის რეალიზაცია შეუძლებელი იყო, რაც ბანკს აიძულებდა, ამ აქტივის მესაკუთრე გამხდარიყო, მის განვითარებაზე ეზრუნა და დამატებითი რესურსები გაეღო, რაც არაპროფილურ ბიზნესში შესვლას ნიშნავდა. გარდა ამისა, პრობლემად რჩებოდა ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მქონე ადამიანური რესურსების ნაკლებობა არასაბანკო კომპანიებში, რომლებიც ჯეროვნად, დაბალი რისკით უზრუნველყოფდნენ კრედიტის მართვასაც, კომპანიის წარმატებასაც და კრედიტის დაბრუნებასაც.

“ექსპერტთა ოთხეული” 2014 წელს გაცემულ რეკომენდაციებში საჭიროდ მიიჩნევდა:

1. საკანონმდებლო წესით საბანკო დაწესებულებების ნებადართული საქმიანობის სფეროს მკაფიო ჩარჩოს დაწესებას და არასაბანკო, არაპროფილური საქმიანობის პირდაპირ ან ირიბად განხორციელების, არაპროფილური საქმიანობის მქონე იურიდიული პირების დაფუძნების აკრძალვას;

2. საბანკო ინსტიტუტებთან კავშირში მყოფი სუბიექტების (როგორც კომპანიების, ასევე საბანკო ადმინისტრატორის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე პირების) პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობის მაქსიმალურად შეზღუდვას სესხებისა და კრედიტების გაცემისას თუ სხვა საბანკო პროდუქტებით მომსახურებისას;

3. ბაზარზე არსებული მდგომარეობის ადეკვატურ შეფასებას და საკუთრების უფლების დაცვით საბანკო დაწესებულებების არაპროფილური ბიზნესმიმართულებების დააქტივებისაგან გათავისუფლების ვადების და ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას.

“ექსპერტთა ოთხეულის” მიმართვას მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყო, რასაც შედეგად 2015 წლის 31 დეკემბრის შემდგომ საბანკო დაწესებულებების საბანკო და არასაბანკო მიმართულებების გამიჯვნა მოჰყვა. ეს არის წინგადადგმული, მაგრამ პრობლემის მოგვარებისთვის არასაკმარისი ნაბიჯი. საკითხის სრულად გადაწყვეტას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ამ მიმართულებით კი მორიგი ნაბიჯი არც საქართველოს პარლამენტს და არც საქართველოს მთავრობას არ უკავშირდება, ისევ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა 19 კანონპროექტი, რომლებიც საქართველოს პარლამენტს განსახილველად 2017 წლის 25 მაისს წარედგინა. კანონპროექტთა ამ პაკეტის მიღების შემთხვევაში საბანკო სფეროს რეგულირება არაპროფილური აქტივებისა და საქმიანობის კუთხით შესაბამისობაში იქნება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის “ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპებთან”, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე კანონით გამყარებული ფართო მანდატის ფარგლებში მიეცემა შესაძლებლობა და დაეკისრება პასუხისმგებლობა ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაზე, მართვასა და მომხმარებლების (მათ შორის მსესხებელი კომპანიების) უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. ეს მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა კვლავ არასაკმარისი პრობლემის სრულად მოგვარებისთვის. რეალობის გათვალისწინებით, პრობლემურად რჩება ბანკთან დაკავშირებული ან ბანკის ნდობით აღჭურვილი ადამიანებისა თუ კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება კრედიტის გაცემისას. ეს არ არის ადვილად გადასაწყვეტი საკითხი და არ შეეხება მხოლოდ საბანკო დაწესებულებას. შესაძლო გამოსავალი შეიძლება იყოს კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო განაცხადის შეფასებისა და კრედიტის გაცემის კრიტერიუმებისა და სისტემის სტანდარტული პირობების საჯაროობის უზრუნველყოფა და კრედიტის მაძიებლისთვის გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება. გამჭვირვალე და გასაგები პროცედურების პირობებში თვით კრედიტის მაძიებელი კომპანიების მიერ კრედიტის გაცემის და გაცემაზე ბანკის უარის გასაჩივრებისას გამოირიცხება თანაბარ პირობებში მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება. იმედია, ამ მიმართულებითაც გადაიდგმება ნაბიჯები უახლოეს მომავალში და არ დაიკარგება 3 წელი, რომელიც კალენდარულად შესაძლოა არ არის დიდი პერიოდი, მაგრამ თუკი ამ პერიოდს წარმოვიდგენთ ბიზნესის, დაკარგული შემოსავლებისა თუ ეკონომიკაზე გავლენის თვალსაზრისით – საკმაოდ მასშტაბურად წარმოგვიდგება. ასე შეიძლება განვითარდეს ბიზნესი და საბანკო სექტორი არასაბანკო ბიზნესის ლოკომოტივიდან იქცეს მის სტიმულატორად, ამ სექტორში კონკურენციისა და განვითარების ხელშემწყობად. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *