LVMH Watches-ის აღმასრულებელ დირექტორად ფრედერიკ არნო დაინიშნა

LVMH Watches-ის აღმასრულებელ დირექტორად ფრედერიკ არნო დაინიშნა

ფრანგულ კონგლომერატ LVMH-ის საათებისა და სამკაულების განყოფილების ინფორმაციით, LVMH Watches-ის აღმასრულებელ დირექტორად ფრედერიკ არნო დაინიშნა. LVMH-ის მილიარდერი თავმჯდომარის, ბერნარ არნოს 29 წლის ვაჟი 2017 წლიდან TAG Heuer-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

LVMH Watches-ის აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით ფრედერიკ არნო Hublot-ს, TAG Heuer-სა და Zenith-ს უხელმძღვანელებს, თავად კი LVMH-ის საათებისა და სამკაულების განყოფილების CEO-ს, სტეფან ბიანკის დაქვემდებარების ქვეშ იქნება. კონგლომერატში ბოლოდროინდელი ცვლილებების შედეგად, TAG Heuer-ში არნო Zenith-ის აწ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჟულიენ ტორნარემ ჩაანაცვლა, რომლის წასვლის შესახებაც ჭორები თვების განმავლობაში ვრცელდებოდა.

Zenith-ში ტორნარეს პოსტს კი ბენუა დე კლერკი დაიკავებს – კლერკმა Richemont Group-ში 25 წელი გაატარა, სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო ბოლოს Panerai-ს უფროსი კომერციული დირექტორი იყო. როგორც ტორნარე, ასევე კლერკი, Hublot-ის აღმასრულებელ დირექტორ რიკარდო გუადალუპესთან ერთად, ფრედერიკ არნოს დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან.

ბერნარ არნოს შვილები სრულფასოვნად არიან ჩართულნი LVMH-ის საქმიანობაში. დელფინ არნო Christian Dior Couture-ის აღმასრულებელი დირექტორია, ხოლო ანტონი არნო Berluti-ისა და Loro Piana-ს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. ჟან არნო Louis Vuitton-ის საათების განყოფილების დირექტორია, ალექსანდრე კი Tiffany & Co-ის პროდუქტის ხელმძღვანელია.