მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც პოსტზე წინ მენტალური ჯანმრთელობა დააყენეს 

მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც პოსტზე წინ მენტალური ჯანმრთელობა დააყენეს 

იანვრის შუა რიცხვებში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა, 2023 წლის შემოდგომაზე გასამართ საყოველთაო არჩევნებამდე, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არდერნი, რომელიც აღნიშნულ პოსტს თითქმის ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა, მმართველი პარტიის ერთსულოვანი მხარდაჭერით კრის ჰიპკინსმა ჩაანაცვლა. არდერნთან ერთად, იმ პოლიტიკოსებს, ტოპ-მენეჯერებსა და სპორტსმენებს გთავაზობთ, რომელთაც საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა სამსახურზე მაღლა დააყენეს და თანამდებობები ნებაყოფლობით დატოვეს.

ჯასინდა არდერნი, ახალი ზელანდიის პრემიერი

ჯასინდა არდერნმა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა და მიზეზად „ემოციური გადაღლილობა“ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ არდერნი თანამდებობის დაკავების მომენტში, მსოფლიოში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ქალი გახლდათ. არდერნის პრემიერობა პანდემიის დაწყებასა და მეჩეთებზე განხორციელებულ ორ ტერორისტულ თავდასხმას დაემთხვა.

როგორც თავად ჯასინდა არდერნმაც განაცხადა, მისი ხუთწლიანი მმართველობა მრავალ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოიცავდა, რაც დიდ ენერგიასაც საჭიროებდა. თუმცა ახლა პრემიერმა ამოწურა ყველანაირი მორალური ძალა, რაც გააჩნდა და ვეღარ ახერხებს ადრინდელის მსგავსად მუშაობას. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში არდერნით კმაყოფილების რეიტინგიც მკვეთრად დაეცა, რამაც პრემიერის ხელახალი ვადით არჩევაც ეჭვქვეშ დააყენა.

ჯასინდა არდერნი პარლამენტში აპრილამდე დარჩება, ამის შემდგომ კი ოჯახისთვის უფრო მეტი დროის დათმობას გეგმავს. როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, სურს ქალიშვილთან უფრო მეტი დრო გაატაროს და დაქორწინდეს ტელეწამყვან კლარკ გეიფორდზე, რომელთან ქორწინებაც პანდემიის მიზეზით გადაიდო.

რუდოლფ ანშობერი, ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო. ანშობერმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელა, რისი მიზეზიც პანდემიის პერიოდში გადატვირთული და რთული სამუშაო გრაფიკი გახლდათ. მისივე განცხადებით, კორონავირუსმა ბოლო ათწლეულების უდიდესი ჯანდაცვის კრიზისი წარმოშვა, რომელმაც საზოგადოებისა და თავად მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა.

პანდემია ანშობერის მიერ თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, შესაბამისად, მინისტრისთვის 15 თვე, თითქოს პოსტზე გატარებული 15 წლის ტოლფასი იყო. „შეუჩერებელ რეჟიმში ვმუშაობდი და აშკარად გადავიტვირთე“, განაცხადა ანშობერმა, რომელსაც ზედმეტი მუშაობის „ლოგიკური შედეგებიც“: მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მაღალი დონე და ტინიტუსი დაუდგინდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ ყოფილმა მინისტრმა სპორტს უფრო მეტი დრო დაუთმო და კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ წიგნის, სახელწოდებით „პანდემია“ წერაც დაიწყო.

სიმონ ბაილსი, ამერიკელი ტანმოვარჯიშე

2021 წლის ზაფხულში ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ქალთა ჯგუფური ტურნირის ფინალს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოეთიშა. სპორტსმენმა გადაწყვეტილება მისი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მიიღო, რისთვისაც დაბალი ოლიმპიური ქულა – 13,766 ქულა დაიმსახურა.

წარუმატებლობის შემდეგ ბაილსს მონაწილეობის გაგრძელება აღარ სურდა და საკუთარ კეთილდღეობაზე ფოკუსირება გადაწყვიტა. როგორც თავად ჟურნალისტებს განუცხადა, მონაწილეობაზე უარი ტრავმის საშიშროებიდან გამომდინარე თქვა: „სულ თუ არაფერი, არ გვსურს ოლიმპიადიდან საკაცით გაგვიყვანონ“, – აღნიშნა ბაილსმა, რომლის გადაწყვეტილებამ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კონცენტრირებულიყო, ბევრის მხარდაჭერა დაიმსახურა.

ფრენსის კოლინზი, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, აშშ

ფრენსის კოლინზმა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის პოსტი 2021 წელს დატოვა. კოლინზი, რომელიც თანამდებობას სამი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში, აღნიშნული პოსტისთვის რეკორდული 12 წლის განმავლობაში იკავებდა, ამ პოსტზე დიდი ხნით დარჩენას არავის არ ურჩევს.

Washington Post-თან ინტერვიუში, კოლინზმა აღიარა, რომ თანამდებობის დატოვებაზე დიდხანს ფიქრობდა, საბოლოოდ კი მივიდა დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების განსახორციელებლად საუკეთესო პერიოდი სწორედ 2021 წელი იყო. ოჯახთან ერთად დასვენებისა და სულიერი გამოჯანმრთელების შემდეგ კი კოლინზი სამეცნიერო და პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა. პენსიაზე გასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კოლინზი ბაიდენის კაბინეტს, პრეზიდენტის სამეცნიერო მრჩევლის რანგში შეუერთდა.

სესილია მარტინეზი, გარემოსდაცვითი ხარისხის საბჭოს დირექტორი, აშშ

სესილია მარტინეზი, ჯო ბაიდენის გუნდიდან, რომელიც გარემოსდაცვითი ხარისხის საბჭოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2022 წლის იანვარში გადადგა. მარტინეზის განცხადებით, გარემოსდაცვითი მონიტორინგისთვის რამდენიმე ფედერალური სააგენტოს შექმნა საკმაოდ დამღლელი საქმე იყო, ის გამოიფიტა, ამასთან ერთად კი სამუშაო პირად ცხოვრებაშიც ხელს უშლიდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მარტინეზი Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მიერ შექმნილ „დედამიწის ფონდს“ შეუერთდა.

ჯონ უილსონი, უფროსი ექიმი, მელბურნის ტრავმატოლოგიის ცენტრი

ჯონ უილსონმა, პროფესორმა და მელბურნის ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა თანამდებობა 2022 წლის გაზაფხულზე დატოვა. მიზეზად ვიქტორიის შტატის ჯანდაცვის სისტემის გაუარესება და მიუღებლობა დაასახელა, რომელიც ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, ხოლო დასაქმებულებს სამუშაოს დატოვებისკენ უბიძგებს. აღსანიშნავია, რომ უილსონს მუშაობის 30-წლიანი სტაჟი ჰქონდა.

საავადმყოფოში ბოლო მორიგეობისას, უილსონმა აღიარა, რომ მას აშფოთებდა მისი კოლეგების მდგომარეობა, რადგან სამუშაოს შესაძლოა ძალიან მალე, კვალიფიციური ექიმებისა და ექთნების კეთილდღეობაზე უარყოფითად ემოქმედა. აღსანიშნავია, რომ იმავე თვეში, თანამდებობა ცნობილმა ექიმმა და ავსტრალიის სამედიცინო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სტივენ პარნისმა დატოვა და მიზეზად „გამოფიტვა“ დაასახელა.

ჯონ უილსონის განცხადებით, ის სულაც არ აპირებს პენსიაზე გასვლას, სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა უფლებების დაცვას კი უკვე საავადმყოფოს ფარგლებს გარეთ გააგრძელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *