„მაინცა და მაინც სუფთა ქალაქი“

„მაინცა და მაინც სუფთა ქალაქი“

„გუშინდელი მთელი სხდომაც ჩვენმა ხმოსნებმა მხოლოთ ტალახსა და ნაგავს მოანდომეს… ქალაქის გასუფთავებაზედ იყო სჯა…“, − ქალაქის რჩევის სხდომა, 3 დეკემბერი, 1879 წ.

ძველი თბილისის ფოტოებზე ალბათ ვერ ნახავთ დახოცილი ცხოველების ლეშს მტკვრის ნაპირზე, ვერც იმას, თუ როგორ ყრიან მტკვარში გაფუჭებულ ხილს, ან როგორ იჭერენ ამ უვარგის პროდუქტს ღარიბი მობანავეები და სახლში ეზიდებიან. უნიკალურ ფოტოებზე, თბილისის შესახებ შემორჩენილი მეხსიერების პატარ-პატარა კუნძულებს რომ წარმოადგენს, ქალაქში გამეფებულ ანტისანიტარიასაც ძვირად თუ შეამჩნევთ, თუმცა ძველი ქართული პრესის კვლევისას ხშირად წააწყდებით კარიკატურებს, ქალაქის ცხოვრების ყველაზე ჭუჭყიან მხარეს რომ აღწერს, ასევე უხვად შეგხვდებათ საჩივრები ქალაქში გამეფებულ უსუფთაობასთან და ამ პრობლემით გამოწვეულ სავალალო შედეგებთან დაკავშირებით − „ყველგან ავათმყოფობა და სიკვდილი; დღე არ გაივლის, რომ თითქმის ყოველ ქუჩაზე ერთი მიცვალებულის კუბო მაინც არ გაატარონ…“

„ხოლერა. „ეჰ, რა ყარს ეს ქალაქი, რა ბინძურია! უჩემოდაც შეუძლებელია აქ გაძლება“ / ოსკარ შმერლინგის კარიკატურა, „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1904 წ.

ქალაქის გაფართოებასა და მოსახლეობის მატებასთან ერთად, ძველ თბილისში უფრო და უფრო აქტუალური ხდებოდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის მცხოვრებთა დიდ თავის ტკივილს წარმოადგენდა.  სისუფთავის კუთხით არსებული მძიმე ვითარება და მოსახლეობის მხრიდან სანიტარიული წესებისა და ნორმების, პრაქტიკულად, სრული უგულებელყოფა პირდაპირ და კატასტროფულად აისახებოდა არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ საქმიანობის ლამის ყველა სფეროზე.

წლების განმავლობაში სწორედ ანტისანიტარია და მასთან დაკავშირებული სირთულეები იყო ქალაქის მოუშორებელი ჭირი, რაც არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებდა როგორც პასუხისმგებელ პირებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, ამ კვანძის გახსნა და პრობლემათა ჯაჭვის გაწყვეტა წარმოუდგენლად ჭირდა.

მოსაგვარებელ საქმეთა და პრობლემათა ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე გარემოება განსაკუთრებით აწუხებდა. პირველ რიგში, მათ ნაწილს უსამართლობის განცდა ტანჯავდა, რადგან მიაჩნდათ, რომ გამგეობა მხოლოდ ცენტრალურ უბნებს აქცევდა ყურადღებას და გარეუბნებისა თუ „მიყრუებულ“ ქუჩათათვის არ ან ვერ იცლიდა:

„ჩვენი ქალაქის გამგეობა სულ მარტო მიხაილოვის შოსესა და გალავინის პროსპექტის სისუფთავეზე და რემონტზე უნდა ზრუნავდეს? ამ ორის ქუჩისაგან მხოლოთ ხო არ შესდგება ჩვენი ქალაქი?!“

„განაპირა ადგილების მცხოვრებნი განუწყვეტლივ თხოულობენ ქუჩების მოკირწყვლას, ტალახში ვიხრჩობითო, მაგრამ…“/ ოსკარ შმერლინგის კარიკატურა, „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1902 წ.

ამიტომაც იყო, „უპატრონოდ“ მიტოვებული ქუჩების მცხოვრებნი ერთმანეთის მიყოლებით რომ გზავნიდნენ საჩივრებს იმდროინდელი გაზეთების რედაქციებში, რათა როგორმე ყურადღება მიექციათ და „ვისაც ჯერ არს“, მოწყალე თვალით გადაეხედა მათი მიყრუებული ქუჩებისთვის, „რომელნიც ქალაქის დაარსებიდამ, მგონი, ერთხელაც არ გასუფთავებულან“ და სადაც, როგორც თავად იუწყებოდნენ, დამხრჩვალი კატა, მოკლული ძაღლი, ნაგავი, ერთი სიტყვით − „ყოველივე სიმყრალე“ იყრიდა თავს.

მართალია, თბილისელთა ნაწილი ჩიოდა, რომ ქალაქის გამგეობა მხოლოდ ცენტრალური ქუჩების დასუფთავებაზე ზრუნავდა, რაც, რიგი ასპექტების გათვალისწინებით, ზოგჯერ სამართლიანი შენიშვნა იყო, თუმცა საგაზეთო პუბლიკაციებითა და ცნობებით კარგად ჩანს, რომ 1870-იანი წლებიდან მოყოლებული, მძიმე სანიტარიული მდგომარეობა მხოლოდ ქალაქის მიყრუებულ ქუჩებში როდი სუფევდა:

„სიბინძურე განა მარტო მაედნებზე და ქუჩებზედაა ჩვენს ქალაქში? ყველგან არის, სანამ მთელი ქალაქი არ გასუფთავდება, მანამ ჯანმთელობა არ დამყარდება, რადგან ერთი გაფუჭებული უბანი სხვებს, საღებსაც გააფუჭებს“;

„გვთხოვენ გაზეთში გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი უძველესი და ყველაზედ შესანიშნავი ეკლესიის სიონის სამრეკლო ამ ჟამად საძაგელ საბინძურედ გამხდარაო იქაურ გარს მჯდომი ხალხისაგანაო და ამას არავინ ყურადღებას არ აქცევსო. ამ გვარივე საჩივარი სიონის გარშემო მცხოვრებთა და ანჩისხატის უბნელებსაც მართებსთ, რადგან ამათკენაც ისეთი ტალახიანი, სიბინძურით სავსე ქუჩებია, რომ კაცს გავლა შეეზიზღება. აი ეს სიბინძურეა, სხვათა შორის, ბუდე და მიზეზი სხვა-და-სხვა ავათმყოფობისა, რომელიც ასეთნაირად გავრცელებულია ამ ჟამად ჩვენს ქალაქში და რომლის უფრო მომეტებულად გავრცელებას მომავალში მოველით“.

„ტფილისის ქუჩებზე მოსიარულეთა მდგომარეობა“ / ოსკარ შმერლინგის კარიკატურა, „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1903 წ.

რაც შეეხება უშუალოდ ნაგვის წყაროს; „ყოველივე სიმყრალეს“ ბევრი რამ უყრიდა ქალაქში თავს, მათ შორის: საზოგადოებრივი საპირფარეშოების/ნაგვის ურნების არარსებობა, წყლის მუდმივი დეფიციტი, მოსახლეობის დაბალი ურბანული კულტურა, ბაზარში მოვაჭრეთა, სხვადასხვა დაწესებულების, საწარმოსა თუ ქარხნის მიერ პირდაპირ ქუჩებში გადაყრილი ნარჩენები, თბილისელთა მხრიდან საკუთარი ეზო-კარის უსუფთაოდ შენახვა და ა.შ.

როგორც იმდროინდელი პრესა იუწყებოდა გულისტკივილით, „ჩვენი სანახევროდ-აზიური ქალაქის მცხოვრებნი არ არიან სისუფთავეს შეჩვეულნი და ყველა გვარ ნაგავს პირ-და-პირ ქუჩებში ჰყრიან ხოლმე“, რის დასტურადაც არაერთი ფაქტის მოყვანა შეეძლოთ, მაგალითად:

„ამ სამი-ოთხი დღის წინათ, ქალაქის ბაყლებს ნახევარ ტონაზე მეტი დამპალი ხახვი გაუტანიათ და რიყეზე დაუყრიათ. ამ ხახვისაგან, როგორც გვაცნობებენ, ამ ჟამად საშინელი მყრალი სუნი დგას რიყის ახლო-მახლო ადგილებში და კაცი პატრონი არ არის, რომ წყალში მაინც გადააყრევინონო“.

ნაგვის − მტკვრის პირას, ან პირდაპირ მდინარეში გადაყრა კიდევ ერთი სამწუხარო ჩვევა იყო, რადგან დედამდინარე, რომელთანაც მოსახლეობას ყოველდღიური, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და რომელიც გარკვეულწილად კვებავდა კიდეც თბილისელებს, ერთგვარ ნაგავსაყრელად იყო ქცეული და მდინარის ნაპირებზე მკვდარი, აყროლებული ცხოველები, მათ შორის ცხენებიც კი ეყარა − „კაცი, პატრონი არ არის, რომ აქედამ სადმე გადაჰყარონ ან წყლით გაისტუმრონო. მით უმეტეს ყურადღების ღირსია ეს გარემოება, რომ სწორეთ ამ ადგილებიდამ იღებენ წყალს მეთულუხეები და ქალაქში ატარებენო…“.

ამასთანავე, სერიოზულ პრობლემას ქმნიდა ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების სიმცირე/არ არსებობა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ძველ თბილისში, კავკასიის ისტორიულ ცენტრში, მთავარი ეკონომიკური აქტივობა ვაჭრობა იყო და ქალაქის ბაზრებსა და მეიდნებზე აუარება ხალხი ირეოდა. რაღაც მომენტში, პასუხისმგებელ ორგანოებს ბიუჯეტის ფულით „იარმუკაში ფეხის-ალაგები“ მოუწყვიათ. „კარგი იქნება“, − წერდა „დროების“ კორესპონდენტი, − „ამისთანა ფეხის-ალაგები ზოგიერთ სხვა ქუჩებშიაც გაიმართოს, როგორც მაგალითად შუა-ბაზარში, რომელიც მუდამ აყროლებულია უწმინდურობით, გალავინის პროსპექტზე, კუკიაში და სხვ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამისთვისაც მადლობა უნდა უძღვნათ ღმერთს…“.

თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგივე გაზეთი იმავე პრობლემაზე წუხდა:

„ჩვენი ბაზრებისა და მეიდნების ერთი უმთავრეს ნაკლულევანებათაგანი არის ფეხის-ადგილის უქონველობა. მეიდნებს არც ერთს არა აქვს საზოგადო ფეხის-ადგილი და ამიტომაც ეს მაედნები ისე ბინძურები და აყროლებულები არიან და ყოველგვარი ავადმყოფობა, უეჭველია, აქედამ უნდა იწყებოდეს“.

როგორც ჩანს, 1870-იანი წლების ბოლოს და 1880-იანი წლების დასაწყისში ანტისანიტარია იმდენად „შემოსჩვევია“ ქალაქს, რომ პასუხისმგებელ პირებს „ცეცხლისა და მახვილის ნაცვლად“ რეგულაციებით, აკრძალვებით, ნაგვის ურნებითა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობით განუზრახავთ თბილისში გამეფებულ უსუფთაობასთან ბრძოლა.

„ტფილისის ქუჩები ზაფხულის ქარში“ / ოსკარ შმერლინგის კარიკატურა, „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1903 წ.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელიც, როგორც ჩანს, იმასაც ითვალისწინებდა, რომ „ყოველი სახლის პატრონი ვალდებულად გავხადოთ, რომ თავის ეზო სუფთად დაიჭიროსო“, ქალაქის რჩევას გვარიანი თანხისთვისაც მოუყრია თავი, ზოგიც სესხად აუღიათ და მათ მიერ დანიშნული სანიტარიული კომიტეტები აქტიურად შესდგომიან „ქალაქის გაჯანმრთელებაზე“ ზრუნვას.

„თფილისის გასასუფთავებლად შედგენილმა კომიტეტებმა დაიწყეს თავის ნაკისრ მოვალეობის შესრულება და უნდა სთქვას კაცმა, რომ, როგორც ეტყობა, ენერგიულათაც მოუკიდნიათ ხელი ამათ თავის საქმისთვის. ყოველ უბანში ცალკე კომიტეტია დანიშნული და ყოველ წევრს ამ კომიტეტისა თითო ან რამდენიმე ქუჩა აქვს მინდობილი; კომიტეტმა უნდა უგდოს ყური, რომ ეს ქუჩები სუფთად იყვნენ, უნდა შევიდნენ ეზოებში, სახლებში და ნახონ, რომ მდგმურებმა ეზოებში წყალი არ ასხან, ნაგავი არ დაჰყარონ და სხვ. ყოველი სახლის პატრონი მოვალეა, რომ კომიტეტის მოთხოვნილება დაუყოვნებლივ აასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმას შეუძლიან სასამართლოში იჩივლოს, ჯარიმა გადაახდევინოს და ამ ჯარიმის ფულით გაწმინდოს იმის ბინძური ეზო და სხვ.“

საკუთარი უფლებამოსილებით გათამამებულებს, ჩანს, მაღალპროფესიონალური მიდგომებიც გამოუჩენიათ და არც ქალაქში ცნობილი და გავლენიანი პირების დაჯარიმებას მორიდებიან:

„თფილისის სანიტარული კომისიის ჩივილით, ჩვენს გამოჩენილს მილიონერს უფალ მირზოევს თფილისის მეორე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლემ ერთის თვით ციხეში დატუსაღება გადაუწყვიტა კუკიის ხიდზე რომ მაღაზიები აქვს, იმის უკან ადგილების [მადათის კუნძულის] ბინძურად შენახვისათვის. მომრიგებელ მოსამართლემ ამავე საგნის გამო ორჯერ გადაახდევინა უფალ მირზოევს ას-ასი მანეთი ჯარიმა, მაგრამ ამან ხსენებული მაღაზიის პატრონებს გამოართვა თურმე ეს ფული და ისე გადაიხადა. თვითონაც რომ გადაეხადა, რა დააკლდებოდა! აი ამისთვის, რომ იგრძნოს რამეო, მოსამართლემ ახლა დატუსაღება გარდაუჭრა. იმას დაულოცე სამართალი…“.

ბუნებრივია, ამგვარი გაბედულების და ამ კომიტეტების ენერგიული მუშაობის ფონზე გარკვეული იმედიც გაჩენილა, იმედი იმისა, რომ თუკი ისევე აქტიურად განაგრძობდნენ საქმიანობას, როგორც დაიწყეს, რამდენიმე თვის შემდეგ სისუფთავით თბილისი ნამდვილ ევროპულ ქალაქს დაემსგავსებოდა, თუმცა ჩნდებოდა რიტორიკული კითხვა − „დიდ ხანს გასძლებს ამ გვარი ზრუნვა ქალაქის სისუფთავისთვის? ქალაქის მცხოვრებლები მხოლოთ მაშინ იგრძნობენ ამ სისუფთავის ნამდვილ ნაყოფს, როდესაც ერთი და ორი წლით კი არ იქნება ეს სისუფთავე, არამედ მუდამ, ყოველთვის…“.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად, ზემოხსენებულ კომიტეტებს მთელი რიგი ღონისძიებებიც გაუტარებიათ, თუმცა, როგორც იმდროინდელი, იმედგაცრუებული პრესა იუწყებოდა:

„მთელი მისი გამჭრიახობა გამოიხატა ოთხ უმთავრეს საგანში: ყასაფხანა ქალაქ გარეთ გადაატანინა და მით ხორცის მჭამელი ქალაქის მცხოვრებლების კუჭი და ჯიბე საეჭვო მდგომარეობაში ჩააგდო და შეავიწროვა; ბრალიანებს უბრალო სახლის პატრონებიც თან მიაყოლა და ჯარიმები გადაახდევინებინა, ზოგიც დაატუსაღებინა, − აქაო და მაშ მე რა მქვიანო. საზოგადო ფეხის-ადგილები დააკეთა და მით თვალს მოარიდა და კედლებს მოაშორა სიბინძურე, თორემ ცხვირი და ფილტვები ისევ იმ მდგომარეობაშია და უფრო ცხარეთაც − ასე რომ გულშეღონებულისათვის ნიშადურის სპირტად გამოდგება იმ ფეხის ადგილების სუნი. პატიოსანი ქუჩები საზიზღარ სანაგვეებად გახადა რაღაც წითელი ყუთების დადგმით, რომელთა გარშემო მუდამ იმდენი ნაგავი და ვაი-ვაგლახი ჰყრია, რომ ხშირად ყუთი აღარა სჩანს. ყველა-ყველაა, მაგრამ მე ეს სანაგვე ყუთები ყველაზედ ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი ნაკლულევანება რომ შეუსრულონ, მაშინ სულ ჩინებული იქნება: თითო ყუთს ანუ უკეთ ვსთქვათ თითო ნაგვის გორაკს რომ ათიოდე ღორიც მიუჩინონ შესაქცევრად მაშინ სწორედ დაგვირგვინებული იქნება მისი საქმე − ქალაქის გასუფთავებ-გაჯანმთელება“.

მეტიც, როგორც შემდგომში გარკვეულა, ტალახისა და ყოველგვარი სიბინძურის გასატანად ქალაქის გამგეობას „ამოდენა ქალაქის ქუჩებისათვის“ სულ ოციოდე პატარა ურიკა ჰქონია; ასევე, ქუჩაში მოკრეფილი ნაგვის ნაწილი საბოლოო ჯამში მტკვარში იყრებოდა; ჩიოდა ვერის უბნის მოსახლეობაც, მას შემდეგ რაც სანიტარიული კომიტეტები დაარსდა და ქალაქის ქუჩებსა თუ სახლების ეზოებში ნაგვის დაყრა აიკრძალა, თითქმის მთელი ქალაქის ნაგავი „ყოველ ცისმარე დღეს ვერის მინდორზე გამოაქვთ, აქ ჰყრიანო და ამისაგან ჩვენკენ საძაგელი სიმყრალე დგას, ჰაერი გაფუჭდა და უეჭველია, რამე საშინელი ავათმყოფობა გაგვიჩნდებაო“.

„ქალაქის სასანიტარო საბჭომ აღიარა ის ფაქტი, რომ მტკვრის მარჯვენა ტოტი ბინძურების ბუდეაო, მაგრამ…“ / ოსკარ შმერლინგის კარიკატურა, „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1903 წ.

ამ და არაერთი სხვა სავალალო ფაქტის ფონზე, რასაკვირველია, ვეღარც უფროსი პოლიცმეისტერის, პოდპოლკოვნიკ მერკლინგის აღნიშნული განკარგულება იქნებოდა ეფექტიანი:

„მე შემინიშნავს, რომ ვაჭრები და მოქალაქენი თავიანთ მაღაზიებიდამ, ეზოებიდამ, დუქნებიდამ და სახლებიდამ ისვრიან ხოლმე ნაგავს ქუჩაზე, რის გამოც ანაგვიანებენ ამ ქუჩებსა და ტროტუარებს. რადგან ამ გვარი ქცევა მედუქნეებისა და სახლის პატრონებისა კანონის წინააღმდეგია და მავნებელი მცხოვრებლებისათვის, ამის გამო ვსთხოვ ამათ, რომ შემდეგში ნუ ჩაიდენენ ამ უწესოებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც ამ მოთხოვნილებას არ აასრულებს, დევნილი იქნება კანონით და სასამართლოში გაგზავნილი დასასჯელად“.

მოსახლეობა, თავის მხრივ, პოლიციას უჩიოდა; პოლიციის მოხეელეები „ერთი ტაშტის წყლის ქუჩაზე დაღვრისათვის გვაწუხებენ, პროტოკოლებს გვიდგენენო, და იმას კი არ უყურებენ, რომ ზოგიერთი ქუჩები, მაგალითად ანჩისხატისაკენ და მომავალ სახელოსნო შკოლის ახლო-მახლოს სულ ავსებულია ნაგავითა და სხვა ყოველგვარი სიმყრალითაო“.

საერთო ჯამში, ქალაქის გამგეობის ეს კონკრეტული პროექტი − თბილისში სისუფთავის დაცვასთან დაკავშირებით ჩავარდა, ჩავარდა იმდენად, რომ თავადვე მოუწიათ „მოესპოთ ის სასტიკი განკარგულება, რომლის ძალითაც სახლის პატრონებს ძალას ატანენ, ჯარიმას ახდევინებენ და ხან ციხეშიაც ისტუმრებენ თავიანთ ეზოებისა და სახლების წინ ქუჩების გაუსუფთავებისათვის“. როგორც იმდროინდელი გაზეთები იუწყებოდნენ, ამ „სასტიკი განკარგულების მოსპობას“ ქალაქის საბჭოში ყველაზე აქტიურად ის ხმოსნები მოითხოვდნენ, ვისაც დიდი მამულები და შემოსავლიანი სახლები ჰქონდა ქალაქში. ეს ფაქტიც ბევრ რამეზე მეტყველებს…

აქვე უნდა მოვიყვანოთ ერთი საინტერესო გარემოებაც, რომლის შესახებაც გაზეთი „დროება“ ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია იმაზე, რომ თუკი წლების განმავლობაში ეთნიკური ქართველები ქუჩებისა და მეიდნების „დამგველებად“ არ მუშაობდნენ, 1880 წლისთვის ვითარება რადიკალურად შეცვლილა, რადგან ამ დროისთვის ქალაქის დასუფთავების სამსახურში მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ მასობრივად დასაქმებულან თბილისის ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული ქართველი გლეხები.

როგორც ჩანს, ქალაქის დასუფთავების სამსახურში ანაზღაურების საკითხი პრობლემად წლების განმავლობაში რჩებოდა, რასაც 1886 წელს თბილისელი მეეზოვეების ვერშემდგარი გაფიცვა მოჰყოლია. გაფიცვის მიზეზი კი ის ყოფილა, რომ ქალაქის გამგეობას მათთვის ხელფასიდან 1 მანეთი დაუკლია − „ეს ჯამაგირის დაკლება დღევანდელმა სიიაფემ გამოიწვია“. დასაქმებულებს ცოცხები დემონსტრაციულად დაუყრიათ და მუშობაზე უარი უთქვამთ, თუმცა, მაშ შემდეგ, რაც „ცოცხები უკანვე დაუბრუნეს და უთხრეს, რომ წადით, თუ ამ დაკლებაზე თანახმა არა ხართო, – სხვებს დავიჭერთო, ყველანი უკან დაბრუნდნენ და დაგვას შეუდგნენ“.

სხვათა შორის, XIX საუკუნის 90-იან წლებში, ქალაქს ქუჩა-მოედნების დაგვისა და ნაგვის გატანის საქმე იჯარით ჰქონია გაცემული. თუმცა ერთი უბედურება ის იყო, რომ იჯარადარი საქმეს გულგრილად ეკიდებოდა, რისთვის გამგეობას არაერთხელ დაუჯარიმებია – „ქუჩებსა და მოედნებს დროზედ არა ჰგვიან, ან თუ ჰგვიან − ნაგავს არ ჰკრეფენ და ქარს ისევ გააქვს და გამოაქვს“; მეორე და ალბათ მთავარი უბედურება კი ის იყო, რომ ამ შემთხვევაშიც, ქალაქის ნაგავს მტკვარში ყრიდნენ… მტკვარში ნაგვის ჩაყრაზე გარკვეული შეზღუდვები ქალაქის გამგეობას მხოლოდ წლების შემდეგ დაუწესებია და ისიც იმგვარად, რომ გადაუწყვეტიათ, ხალხს სახლის ნაგავი „მტკვარში ყველგან არ გადააყრევინონ“ და ამისთვის კონკრეტული ადგილები გამოუყვიათ, მათ შორის, მადათოვის კუნძულის ჩრდილოეთი მხარე, მტკვრის დიდი ტოტი.

„განა ერთხელ და ორჯელ იყო ნათქვამი, რომ ქალაქის განაპირა ქუჩებიც სუფთად უნდა ინახებოდესო, მაგრამ…“ / ოსკარ შმერლინგის კარიკატურა, „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1902 წ.

სამწუხარო ფაქტია, რომ წლები გადიოდა და უსუფთაობა და ანტისანიტარია თბილისში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩებოდა, პრობლემების გადაჭრის გზა კი არსად ჩანდა. ქალაქის ცხოვრებაში ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ ავბედით 1892 წელს დადგებოდა, როდესაც თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. როგორც იმდროინდელი პრესიდან ვიგებთ, გვარიანად დამფრთხალი მოსახლეობა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ამ პერიოდში სისუფთავეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და „კარ-ეზოს მეთვალყურეთა რაზმებიც“ დაუარსებიათ − „ისინი ადევნებენ თვალ-ყურს სისუფთავეს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხოლერიანობის დროს“.

ამგვარი მცდელობების შემდეგ ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდებოდა და საფუძვლიანად არაფერი იცვლებოდა − „ჩვენი თბილისი სისუფთავის მხრივ სწორედ ღვთის ანაბარობაზე“ იყო მიგდებული, რადგან თბილისის საბჭო და შესაბამისი სამსახურები ვერაფერს უხერხებდნენ ქალაქის უსუფთაობას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერს უთავბოლოდ, არათანამიმდევრულად და უსისტემოდ აკეთებდნენ.

ფაქტია, რამდენი ოქმიც არ უნდა შეედგინათ, ვთქვათ, სოლოლაკის ქუჩების ზოგიერთი სახლის მდიდარი პატრონებისთვის, რომლებიც „თურმე არა ჰგვიან და არ ასუფთავებენ ქუჩებს თავიანთ სახლების წინ“; რამდენჯერაც არ უნდა აეკრძალათ ანჩისხატის ეკლესიასთან მტკვარში ნაგვის გადაყრა; რამდენიც არ უნდა ეწუწუნათ თბილისელებს, რომ ქალაქის ქუჩები არ ირწყვებოდა, ან თუ ირწყვებოდა − მხოლოდ ცენტრალური, „უმთავრესი“ ქუჩები და ისიც ისეთ დროს, რომ მოსახლეობას დისკომფორტი ექმნებოდა, სამწუხაროდ, ტფილისი ვერ იყო „მაინცა და მაინც სუფთა ქალაქი“.

ასეთი იყო ეს სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ღრმად ჩაესო საკუთარი ჭუჭყიანი კლანჭები ტფილისისთვის, ქალაქისთვის, რომლის „შიგ შუაგულში“, უწმინდურობითა და ტალახით სავსე ქუჩაც კი „მოიპოვებოდა“, „ასლად“ − ტალახის ქუჩა რომ დაერქმიათ, მოსახლეობა კი გულუბრყვილოდ კითხულობდა: „დავიჯეროთ, არ შეიძლება ტალახის ქუჩა ერქვას და სუფთად-კი იყოს შენახულიო?“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *