Galt & Taggart-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა. ეს წლიურად 7.9%-იანი, ხოლო თვიურად 0.7%-იანი კლებაა.
„კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა“, – ნათქვამია Galt & Taggart-ის განცხადებაში.
მაისში დედაქალაქში გაყიდული ბინების საერთო ღირებულებამ 244.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიურად 5.2%-იანი კლებაა, რასაც Galt & Taggart-ი შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობას მიაწერს.
ამავე პერიოდში, ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა. იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი კი, ბოლო 5 თვის განმავლობაში, კვადრატულზე 10 აშშ დოლარის ფარგლებშია.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის 95 ახალი ნებართვა გაიცა. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811,613 კვადრატულ მეტრს შეადგენს (-3.1% წ/წ).
უძრავი ქონების გაყიდვების მახასიათებლები 2024 წლის მაისში