„მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში რეკორდული შემოსავალი და მოგება მიიღო

„მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში რეკორდული შემოსავალი და მოგება მიიღო

„მანჩესტერ სიტიმ“ 2021/22 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ინგლისურმა კლუბმა მოცემულ პერიოდში რეკორდული შემოსავალი და მოგება მიიღო.

უფრო კონკრეტულად, გასულ სეზონში „სიტის“ შემოსავალმა £613 მილიონი, ხოლო მოგებამ £41.7 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ორჯერ აღემატება კლუბის მიერ ნაჩვენებ წინა რეკორდს.

როგორც „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კლუბის რეკორდულ ფინანსურ შედეგებს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის გულშემატკივრების დაბრუნებამ ეტიჰადის სტადიონზე და ზოგადად, კლუბების კომერციული შემოსავლების ზრდამ. გარდა ამისა, „სიტის“ მოგება ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლის წყალობითაც გაიზარდა.

შეგახსენებთ, მაისში Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. „მანჩესტერ სიტი“ ჩამონათვალში $4.6 მილიარდით მესამე ადგილს იკავებს. მას მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ უსწრებენ, რომელთაც გამოცემა $5.1-$5.1 მილიარდად აფასებს.