მაქრო ჯგუფი - ფოკუსით დეველოპმენტზე

მაქრო ჯგუფი - ფოკუსით დეველოპმენტზე

ქართულ ბაზარზე 10-წლიანი გამოცდილების მქონე Maqro Group-ი მშენებლობის ბიზნესს ახალი ბრენდით აძლიერებს. მან კომპანიათა ჯგუფში შემავალი Maqro Construction-ისგან საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის მიმართულება გამოყო, რომელიც ოპერირებას Maqro Development-ის სახელით გააგრძელებს. Maqro განახლებული ბრენდით მომხმარებლებს თბილისსა და ბათუმში ორ ახალ პროექტს შესთავაზებს.

 

Maqro Group-ი, რომელიც საქართველოს გარდა თურქეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს, ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. მან ინვესტირება სხვადასხვა კომპანიის სახელით ქვეყნის ეკონომიკის წამყვან სექტორებში – მშენებლობა, ტურიზმი, კვება – დაიწყო. Maqro Group-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა $270 მილიონს აჭარბებს, დასრულებული პროექტების რაოდენობა კი ათს აღემატება.

ჯგუფის მამოძრავებელ ძალას მშენებლობის მიმართულება წარმოადგენს, რომელიც აქამდე Maqro Construction-ის სახელს ატარებდა. ის როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ისე საგზაო მშენებლობას უძღვებოდა და სხვადასხვა სამთავრობო ტენდერში იღებდა მონაწილეობას.

დროთა განმავლობაში კომპანია გაიზარდა და განვითარდა, რამაც ხელმძღვანელობას Maqro Construction-ში მიმართულებების გამიჯვნის საჭიროება დაანახა. ასე შეიქმნა საცხოვრებელ კომპლექსებზე ორიენტირებული ბრენდი Maqro Development-ი, Maqro Construction-ი კი მუშაობას საგზაო მშენებლობასა და სამთავრობო ტენდერებზე გააგრძელებს.

„საცხოვრებელი კომპლექსების მიმართულების ცალკე გამოყოფისა და მასზე მეტად ფოკუსირებისკენ გვიბიძგა სურვილმა, რომ ბაზარს მაქსიმალურად დახვეწილი, საჭირო პროდუქტი შევთავაზოთ“, – გვეუბნება ოღუზ ქაან ქარაერი, რომელიც ახალ ბრენდს უძღვება და Maqro Construction-ში გენერალური დირექტორის მოადგილედ 2014 წლიდან მუშაობს.

ჯერ კიდევ Maqro Construction-ის სახელწოდების ქვეშ გუნდმა საცხოვრებელი კომპლექსების პროექტებში – „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“ – 2,000 ბინა გაყიდა და აღნიშნული მიმართულებით მთლიანობაში $168 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

პირველი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა კომპანიამ 2013 წელს დაიწყო, როდესაც ამ ტიპის პროექტები ქართველი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ უცხო იყო. „მწვანე ბუდაპეშტი“ 350 ბინას აერთიანებს. ამასთან ერთად, ტერიტორიაზე მოეწყო 3,500 კვადრატული მეტრი ფართობის მწვანე ზონა, კალათბურთის მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცეები.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი ქვეყანაში, რომელიც მყიდველს სრულად დაკომპლექტებულ, ტექნიკით აღჭურვილ ბინებს სთავაზობდა. „როდესაც „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა დავიწყეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პროექტი, რომელსაც საქართველოში განვახორციელებდით, მომხმარებლებისთვის დასრულებული ჩაგვებარებინა“, – განგვიცხადა ოღუზ ქაან ქარაერმა.

საცხოვრებელ კომპლექსში მოწყობილმა მწვანე ზონამ და გასართობმა სივრცეებმა მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, ყველა მომავალი პროექტი „სიმწვანის“ კონცეფციაზე დაეფუძნებინა.

„მწვანე ბუდაპეშტის“ შემდეგ, 2016 წელს, გუნდმა უფრო მასშტაბური და დახვეწილი პროექტის, „მწვანე ალმასის“ განხორციელება ითავა, რომელიც 70,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 1688 ბინას აერთიანებს. ახალ პროექტში გამწვანებული ტერიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა და მას 23,000 კვადრატული მეტრი ფართობი დაეთმო. ამასთან ერთად, გაიზარდა კომერციული ზონაც.

„მწვანე ალმასში“ მოეწყო ოთხი სპორტული მოედანი, საბავშვო სივრცეები, სარბენი ბილიკები, ტერასა, დახურული ფიტნესცენტრები, ასევე სამი აუზი, რომელთაც „მწვანე ბუდაპეშტში“ არ ვხვდებით.

„თურქეთში საცხოვრებელ კომპლექსებში აუზებს იშვიათად იყენებენ, თუმცა პროექტში მისი არსებობა მყიდველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში კი ამ სივრცეს საკმაოდ აქტიურად ითვისებენ, რის გამოც „მწვანე ალმასში“ სამი აუზის მოწყობა გადავწყვიტეთ“, – აცხადებს ოღუზ ქაან ქარაერი.

იყო გამოწვევებიც, რაც ახალ ბაზარზე პირველ ნაბიჯებს ზოგადად თან ახლავს, თუმცა, როგორც Maqro Development-ში აცხადებენ, სწორედ მათ გადალახვას მიჰყავს კომპანია ზრდისა და განვითარებისკენ.

ოღუზ ქაან ქარაერის თქმით, ვინაიდან პანდემიის გამო ქვეყანა უცხოელთა დიდმა ნაწილმა დატოვა, კომპანიამ „მწვანე ალმასის“ პროექტში აქცენტი ადგილობრივ მომხმარებლებზე გააკეთა. ისინი კი, ძირითადად თანხის დაზოგვის მიზნით, შავ ან თეთრ კარკასს ითხოვდნენ. აქედან გამომდინარე, გუნდმა ბინების ნახევარი შავი კარკასის დონემდე მიიყვანა, ნახევარი კი მყიდველს გარემონტებული ჩააბარა. თუმცა, მიუხედავად ამ გამოცდილებისა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში ყველა პროექტი ბოლო ეტაპამდე თავადვე დაასრულოს.

„მყიდველებისთვის შავი ან თეთრი კარკასის შეთავაზებაზე უარი მცხოვრებლებისთვის დისკომფორტის თავიდან არიდების მიზნით ვთქვით, რომელსაც ახალმობინადრეებისთვის მეზობელ ბინებში რემონტი და სხვა სამუშაოები იწვევდა“, – ამბობს ოღუზ ქაან ქარაერი.

გარდა ამისა, „მწვანე ბუდაპეშტის“ მცხოვრებლების მხრიდან ლიფტებთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები გაჩნდა, მომხმარებლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მათთვის გაუმჯობესებული პროდუქტის შესათავაზებლად კომპანიამ Mitsubishi-სთან გრძელვადიანი პარტნიორობა წამოიწყო.

„მწვანე ალმასისა“ და „მწვანე ბუდაპეშტის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჯგუფმა კიდევ რამდენიმე პროდუქტის გაუმჯობესება გადაწყვიტა. Maqro Development-ი, ძლიერი ქარის მიმართ მეტი სიმტკიცისთვის, მომავალ პროექტებში ალუმინის ფანჯრებს გამოიყენებს. მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით, გაიზრდება მათი ზომებიც. ასევე დაემატება ე.წ. სლაიდ-კარები, რომლებიც მეტ კომფორტსა და სიმარტივეს შეიტანს მათ ცხოვრებაში.

გუნდმა საცხოვრებელი კომპლექსების ბიზნესში კიდევ ერთი გამოცდილება საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებით მიიღო, რომლის მოწყობაც „მწვანე ალმასის“ პროექტში გარე კომპანიას ანდო. მან შემდგომ სასწავლო დაწესებულების ტიპი შეცვალა. Maqro Development-მა კი გადაწყვიტა, მომავალ პროექტებში მსგავსი სივრცეების მოწყობაზე პასუხისმგებლობა თავადვე აიღოს.

„სანამ ბინებს გავყიდდით, ვთქვით, რომ „მწვანე ალმასს“ საკუთარი სკოლა ექნებოდა. შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვეტილება ამ მიზეზითაც მიიღო. მომავალში მომხმარებლებს იმედი რომ არ გავუცრუოთ, მსგავს პროექტებს თავადვე განვახორციელებთ“, – განგვიცხადა ოღუზ ქაან ქარაერმა.

როგორც კომპანიაში გვარწმუნებენ, ახალი საცხოვრებელი კომპლექსები სწორედ „მწვანე ბუდაპეშტისა“ და „მწვანე ალმასიდან“ მიღებულ გამოცდილებასა და მომხმარებელთა უკუკავშირს დაეფუძნება. პირველ რიგში, გაიზრდება ბინების რაოდენობა – თბილისში, სამგორის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, საცხოვრებელი კომპლექსი 4,000-მდე აპარტამენტს გააერთიანებს, ბათუმში კი, „მწვანე ალმასის“ მსგავს უბანში, 3,000-მდე ბინა განთავსდება.

კიდევ ერთი განახლება კომერციულ ზონას უკავშირდება. „მწვანე ბუდაპეშტისა“ და „მწვანე ალმასის“ შემთხვევაში ეს სივრცეები პროექტების შიგნით იყო განთავსებული და მათზე ხელი მხოლოდ კომპლექსების მცხოვრებლებს მიუწვდებოდა, ახლა კი ის პროექტის გარე ტერიტორიაზე განლაგდება და სხვებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

„მწვანე ალმასისგან“ განსხვავებით, ამ შემთხვევაში აუზი ბავშვებისთვისაც გაითვალისწინეს, რომელიც მინი-აკვაპარკსაც მოიცავს. გარდა ამისა, პროექტში იგეგმება ჩოგბურთის კორტების, დიდი ზომის ფიტნესდარბაზისა და ბაგა-ბაღის მშენებლობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაზე პასუხისმგებლობას თავად Maqro Development-ი აიღებს.

მომხმარებლების დადებითი უკუკავშირისა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანია ბაზრისთვის მცირე ზომის ბინების შეთავაზებას გააგრძელებს. „როცა ბინების ზომას ზრდი, იზრდება ღირებულებაც, რაც მას მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის“, – გვეუბნება ოღუზ ქაან ქარაერი.

გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებთან ერთად, Maqro Development-ი კომპანიის ლოიალურ მომხმარებლებს მეტი სარგებლის მიღების მიზნით წინასწარ გაყიდვებს კვლავაც შესთავაზებს. მაგალითად, „მწვანე ბუდაპეშტის“ შემთხვევაში საწყისი ფასი $700 იყო, რომელიც პროექტის დასრულებისას $1500-მდე გაიზარდა. ამჟამად, მეორად ბაზარზე აღნიშნულ პროექტში კვადრატული მეტრი საშუალოდ $2500-$2750 ღირს. იგივე მოხდა „მწვანე ალმასის“ შემთხვევაში – გაყიდვა $700-დან დაიწყო და ფასი $1350-მდე გაიზარდა, ხოლო ამჟამინდელი ღირებულება საშუალოდ $1500-ს შეადგენს.

კომპანია წინასწარ გაყიდვებს იმ მომხმარებლებს შესთავაზებს, ვისაც Maqro Development-ის სხვა პროექტებში ბინა უკვე შეძენილი აქვს. „მათ იციან, რომ გარანტირებულ მოგებას მიიღებენ, თუ პროექტის საწყის ეტაპზევე ჩადებენ ინვესტიციას, რადგან ჩვენს პროექტებში გასაყიდი თუ გასაქირავებელი ფასი საკმაოდ მაღალია“ ,– გვეუბნება ოღუზ ქაან ქარაერი. მისივე თქმით, წინასწარი გაყიდვები, ბინების შეზღუდულ რაოდენობაზე, 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოფიციალურ გაყიდვებს კი ახალ პროექტებში Maqro Development-ი 2025 წელს დაიწყებს.

S