ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრის“ ფეხბურთელი გახდება. მისივე ცნობით, პორტუგალიელი საუდის არაბეთის კლუბთან 2.5-წლიან კონტრაქტს დათანხმდა.
როგორც Marca წერს, „ალ ნასრის“ მიერ ფეხბურთელისთვის შეთავაზებული კონტრაქტის მიხედვით, რონალდუ საერთო ჯამში სეზონში 200 მილიონ ევროს მიიღებს. Eurosport-ის ცნობით, აქედან 100 მილიონი ევრო რეკლამებიდან და სპონსორებისგან მისაღებ შემოსავალზე მოდის. შედეგად, 37 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა.
შედარებისთვის, Marca-ს ინფორმაციით, ლიონელ მესი და ნეიმარი ამჟამად „პარი სენ-ჟერმენისგან“ სეზონში, შესაბამისად, 75 და 70 მილიონ ევროს იღებენ.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის კლუბი რონალდუს ტრანსფერზე ზაფხულშიც აქტიურად მუშაობდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ევროპაში დარჩენა არჩია.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოფიციალურად 22 ნოემბერს დატოვა. „იუნაიტედიდან“ წასვლას წინ საკმაოდ მძიმე პერიოდი უძღოდა, რაც პორტუგალიელ ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს, ასევე „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაფუჭებაში გამოიხატა.