Marriott-ის სასტუმროების ქსელი 25 წლის შემდგომ რუსეთს ტოვებს

Marriott-ის სასტუმროების ქსელი 25 წლის შემდგომ რუსეთს ტოვებს

Marriott-ის სასტუმროების ქსელი 25 წლის შემდგომ რუსეთის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, დასავლური შეზღუდვები რუსეთში ოპერირების გაგრძელებას „შეუძლებელს“ ხდიდა.

აღსანიშნავია, რომ Marriott-მა უკვე დახურა მოსკოვის ოფისი, ხოლო მარტში უკრაინაში საომარი ქმედებების დაწყების შემდგომ, რუსეთში ინვესტიციებიც შეაჩერა. თუმცა, რადგანაც მოქმედი 22 სასტუმრო მესამე პირის საკუთრებაშია, ქვეყანაში ობიექტები ღიად დარჩა. Marriott-მა რუსეთში ოპერაციების შეჩერების პროცესს „კომპლექსური“ უწოდა. სასტუმროების ქსელს ბაზრის დატოვების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

Marriott-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია მივიდა აზრამდე, რომ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის შეზღუდვების ფონზე, რუსულ ბაზარზე Marriott-ის ოპერირება, ისევე როგორც სასტუმროების ფრენჩაიზება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, კომპანია გააგრძელებს „ზრუნვას მის რუსულ კომპანიონებზე“ და კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნების გარეთ როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას უზრუნველყოფს.

სასტუმროების ქსელ Marriott-ის მსგავსად, რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში McDonald’s-მა და Starbucks-მაც მიიღო. დასავლური სანქციების გამკაცრებასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკური იზოლაციაც იზრდება. ფრანგული ავტომწარმოებლის, Renault-ს აქციები რუსეთში ნაციონალიზებული გახდა, ხოლო McDonald’s-მა მისი რესტორნები, რომელთა უმეტესობა უშუალოდ კომპანიის საკუთრებაში იყო, არსებულ ფრენჩაიზს მიჰყიდა.