ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 24.5 მლრდ აშშ დოლარი (66.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ცნობისთვის, ეს ბოლო ოთხი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 78.7%-ია.
სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 66.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 275.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 29.3 და 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 239.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
“სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.1 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 35.5 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.0 მლრდ ლარი; მშპ-ის 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 861.3 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 459.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 3.9 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი (20.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 24.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ის 14.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.0 მლრდ აშშ დოლარი (8.1 მლრდ ლარი; მშპ-ის 9.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით,” – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ანგარიშში.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.7 მლრდ აშშ დოლარი (34.2 მლრდ ლარი) შეადგინა. ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 40.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (16.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 20.1 პროცენტია.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 1.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 861.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.