WIRED-ის ინფორმაციით, ილონ მასკის ხელმძღვანელობაში არსებული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ზოგიერთი თანამშრომელი წლიურად ექვსნიშნა სახელმწიფო ანაზღაურებას იღებს. აღსანიშნავია, რომ მათი ხელფასი დაფინანსებულია გადასახადის გადამხდელების მიერ ფედერალური სააგენტოებიდან, რომლებსაც თავადვე ავიწროებენ და თანამშრომელთა რაოდენობას უმცირებენ.
მათ შორისაა DOGE-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, ჯერემი ლევინი, რომელსაც USAID-ის დაშლა დაევალა. მან ასევე დიდი როლი ითამაშა DOGE-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტსა და მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროში შეჭრაში. WIRED-ის ცნობით, ის ყოველწლიურად $167,000-ზე მეტს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ლევინი გენერალური სერვისების ადმინისტრაციაში (GSA) ადმინისტრატორის ოფისშია დასაქმებული.
კიდევ ერთი მაგალითი, კაილ შატია, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, რომლის წლიური ხელფასი 195,200 აშშ დოლარს შეადგენს, ასევე GSA-ის წყალობით, სადაც ის ადმინისტრატორის მოადგილის ოფისში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის მაქსიმალური თანხა, რომლის გამომუშავებაც ნებისმიერ ფედერალურ თანამშრომელს ყოველწლიურად შეუძლია, ბონუსების ჩათვლით.
DOGE-ში დასაქმებული ნეიტ კავანო, 28 წლის ტექ-ანტრეპრენიორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს GSA-ის თანამშრომლების გამოკითხვაში, წელიწადში 120,500 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. მაშინ, როდესაც, DOGE-ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, GSA-ის 13-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლის საშუალო წლიური ხელფასი ოდნავ მეტი – $128,565-ია.
2024 წლის ნოემბერში ილონ მასკმა DOGE-ში რეკრუტირება დაიწყო. მაშინ მასკმა განაცხადა, რომ საქმე, რომლის შესრულებაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ თანამშრომლებს მოუწევდათ, „მოსაწყენი“ იქნებოდა, კომპენსაცია კი „ნულის ტოლი“. როგორც WIRED-ი წერდა, მასკის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების დიდი ნაწილი, რომლებიც ინჟინრებისთვის იყო განკუთვნილი, პირეტ ტიელთან დაკავშირებული გუნდით, კერძოდ მის მიერ დაფუძნებული Palantir-ის ინჟინრებით შეივსო. ცნობისთვის, მილიარდერი ინვესტორი ტიელი დონალდ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა.
იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, DOGE-მა GSA-ის შევიწროება და მისი თანამშრომლების მასშტაბური გათავისუფლებები დაიწყო, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულების განყოფილებაში. მან ასევე შეიმუშავა 500-ზე მეტი სამთავრობო შენობის გაყიდვის გეგმა.
აქვე საინტერესოა, რომ ილონ მასკმა DOGE-ი დაახასიათა, როგორც „მაქსიმალურად გამჭვირვალე“, თუმცა მას არ გაუსაჯაროებია დეპარტამენტის ხარჯები ან ხელფასის დიაპაზონი. ProPublica-ს ბოლო ანგარიშის მიხედვით, 20 თებერვლის მდგომარეობით, DOGE-ის დაფინანსება დაახლოებით 40 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. WIRED-ის ცნობით, თეთრ სახლს DOGE-ის თანამშრომლების ხელფასების დიაპაზონის შესახებ ან როგორ არის ამისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი, შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.
DOGE-ის გუნდის ზოგიერთი წევრი, მათ შორის მასკი, დეპარტამენტში „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ (SGE) სტატუსით მუშაობს. თანამდებობაზე მათი როლი 130-დღიანი სამუშაო პერიოდით არის შეზღუდული. ეს პოზიციები შეიძლება ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი იყოს. „მთავრობის სპეციალური თანამშრომლები“, რომლებიც გარკვეულ ნიშნულზე მაღალ ხელფასს იღებენ, ვალდებულნი არიან ფინანსური საინფორმაციო ფორმები შეავსონ, თუმცა მოხალისეები – არა. ამ ტიპის დასაქმებული არ ემორჩილება იმავე წესებს, რომლებსაც ჩვეულებრივი ფედერალური თანამშრომელი – მას უფლება აქვს განაგრძოს ხელფასების გარედან მიღება, ფინანსური ინფორმაციის გაზიარების გარეშე.