მასკის თქმით, DOGE 2026 ფისკალურ წელს $150 მილიარდის დაზოგვას უზრუნველყოფს

მასკის თქმით, DOGE 2026 ფისკალურ წელს $150 მილიარდის დაზოგვას უზრუნველყოფს

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, 2026 ფისკალურ წელს დეპარტამენტი, „თაღლითობისა და უსარგებლო ხარჯების შემცირების გზით“, $150 მილიარდის დაზოგვას უზრუნველყოფს. ეს მნიშვნელოვნად დაბალია იმ $1 ტრილიონთან შედარებით, რომლის დაზოგვაშიც მასკი გასულ თვეში იყო დარწმუნებული. მასკმა ბოლო პროგნოზი ტრამპის კაბინეტის შეხვედრაზე, დღეს გააჟღერა.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა კვლავ გაიმეორა, რომ სახელმწიფო სექტორში თაღლითობა და არაეფექტიანი ხარჯები „ძალიან ხშირია“. მან მაგალითად მოიყვანა, თუმცა მტკიცებულების გარეშე, რომ „უმუშევრობის დახმარებას იღებდნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ არც კი დაბადებულან“.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ილონ მასკმა Fox-ის წამყვანს განუცხადა, რომ DOGE-ის მიზანი, მისი მუშაობის დასრულებამდე, $1 ტრილიონის დაზოგვა იყო. 8 აპრილის მდგომარეობით, დეპარტამენტის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ უწყებამ უკვე დაზოგა $150 მილიარდი სხვადასხვა გზით, მათ შორის აქტივების გაყიდვით, კონტრაქტების გაუქმებით, თაღლითობის აღმოფხვრითა და პერსონალის შემცირებით.

DOGE-ის ოფიციალურ დაფუძნებამდე, 2023 წლის ოქტომბერში, მასკი აცხადებდა, რომ მისი მიზანი $2 ტრილიონის დაზოგვა იყო. თუმცა, 2024 წლის იანვარში მან ეს განცხადება შეამსუბუქა და თქვა, რომ $2 ტრილიონი იყო „საუკეთესო შემთხვევა“ და $1 ტრილიონს „საკმაოდ რეალურად“ მიიჩნევდა.

როგორც მთავრობის სპეციალურ თანამშრომელს, მასკს შეუძლია წელიწადში მხოლოდ 130 დღე იმუშაოს, რაც ნიშნავს, რომ მისი საქმიანობა მთავრობაში შესაძლოა მაისის ბოლოს დასრულდეს. ტრამპს ჰკითხეს, გაგრძელდება თუ არა უწყების მუშაობა მასკის გარეშე, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „ამაზე ვერაფერს გეტყვით… მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე ეს ყველაფერი დასრულდება“.

DOGE-ის შექმნის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, უწყება 2026 წლის 4 ივლისს უნდა გაუქმდეს — ეს კი 2026 ფისკალური წლის დასრულებამდეა.