2030 წლისთვის მეტავერსის ბაზრის მოცულობა $5 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მასშტაბებით მსოფლიოს რიგით მესამე უმსხვილესი ეკონომიკის, იაპონიის ტოლია, – ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის, McKinsey-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. McKinsey-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, მეტავერსი, რომელიც ახალი ბიზნესმოდელების, პროდუქტებისა და სერვისების შექმნის წყაროდ განიხილება, გავლენას მრავალ ინდუსტრიაზე მოახდენს, როგორც B2C, ასევე B2B სეგმენტებში.
თავისთავად ცხადია, რომ მეტავერსის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება ინდუსტრიებზე სხვადასხვაგვარად აისახება. ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის შემთხვევაში გავლენა კოლოსალური იქნება და $2-$2.6 ტრილიონის შუალედში იმერყევებს. ამასთანავე, McKinsey-ის შეფასებით, შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც ვირტუალური განათლების სექტორი – $180-დან $270 მილიარდამდე შუალედში, ასევე სარეკლამო ბაზარი – $144-დან $206 მილიარდამდე შუალედში, დაბოლოს, ვიდეოთამაშების ინდუსტრია – $108-დან $125 მილიარდამდე შუალედში.
ინდუსტრიების ამგვარი ზრდა, რასაკვირველია, მეტავერსის სექტორში მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების, ვენჩურული კაპიტალისტების, კერძო კაპიტალის მმართველების, სტარტაპებისა და ჩამოყალიბებული ბრენდების მიერ კოლოსალური ინვესტიციებითაა განპირობებული. McKinsey-ის დათვლებით, 2022 წლის პირველ ხუთ თვეში, კორპორაციებმა და ვენჩურულმა და კერძო კაპიტალისტებმა მეტავერსში $120 მილიარდი დააბანდეს, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ ჯამურ ინვესტიციასთან შედარებით.
საინტერესოა, რომ ზემოხსენებულ ინვესტორებს შორის პროპორციულად ყველაზე მსხვილს თანხებს მეტავერში სწორედ კორპორაციები აბანდებენ და თან, გაცილებით მეტს, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტში, როცა ის განვითარების ანალოგიურ საფეხურზე იყო. McKinsey-ის შეფასებით, დროთა განმავლობაში, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ინვესტორები განსაკუთრებულად განეწყვნენ იმ შესაძლებლობების მიმართ, რომლებსაც მეტავერსი მათ ვიდეოთამაშების მიღმა სთავაზობს – ამ შემთხვევაში, საუბარია, მათ შორის, სოციალიზაციაზე, ფიტნესზე, ელექტრონულ კომერციასა და ვირტუალურ სწავლებაზე.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეტავერსით აღტაცება იგრძნობა არამხოლოდ ბიზნესის, არამედ მომხმარებლების მხარესაც. საკუთარი კვლევის ფარგლებში McKinsey-მ მეტავერსის პოტენციალთან დაკავშირებით 3400 მომხმარებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი გამოჰკითხა და, როგორც აღმოჩნდა, მეტავერსული ტექნოლოგიების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას გამოკითხულთა 60% აღტაცებით ელოდება – ამ ტენდენციის მთავარი მამოძრავებელი ადამიანებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და ვირტუალური სამყაროების აღმოჩენის სურვილია.
გამოკითხულ აღმასრულებელ ხელმძღვანელებს რაც შეეხება, მათი 95% ფიქრობს, რომ მომავალ ხუთიდან ათ წელიწადში, მეტავერსი მათ ინდუსტრიაზე დადებით გავლენას მოახდენს. საერთო ჯამში კი, გამოკითხულების ვარაუდით, მეტავერსს და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ყველაზე დიდ გავლენა საცალო ვაჭრობაზე, მედია და სატელეკომუნიკაციო, ასევე ჯანდაცვის სექტორზე ექნება.