მესის მსოფლიო ჩემპიონატის მაისურები Sotheby’s-ზე $7.8 მილიონად გაიყიდა

მესის მსოფლიო ჩემპიონატის მაისურები Sotheby’s-ზე $7.8 მილიონად გაიყიდა

ექვსი მაისური, რომლებიც ლიონელ მესის გასულ წელს, კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისას, მათ შორის ფინალური თამაშისას, ეცვა, Sotheby’s-ზე $7.8 მილიონად გაიყიდა. შემოსული თანხის ნაწილი UNICAS-ის პროექტში გადაირიცხება, რომელიც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარება.

Sotheby’s-ის განცხადებით, არგენტინელი ვარსკვლავის  მაისურების გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე მესის რომელიმე ნივთს ჰქონია. აუქციონის სახლი ვარაუდობდა, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მაისურები არსებული რეკორდის მოხსნას შეძლებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

რეკორდი კვლავ მაიკლ ჯორდანის მაისურს ეკუთვნის, რომელიც კალათბურთელს NBA-ის 1998 წლის ე.წ. „The Last Dance”-ის ფინალზე ეცვა ნიუ-იორკში. ის Sotheby’s-ზე 2022 წელს $10.1 მილიონად გაიყიდა. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მაისური მესის თანამემამულე დიეგო მარადონასია. მარადონას მაისური, რომელიც მას 1986 წელს, ინგლისის წინააღმდეგ გამართულ თამაშში, „ღმერთის ხელის“ სახელით ცნობილი გოლის გატანისას ეცვა, Sotheby’s-ზე 2022 წლის მაისში $9.28 მილიონად გაიყიდა.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ლიონელ მესი მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია. არგენტინელი ფეხბურთელის შემოსავალი $130 მილიონს უტოლდება. მესი, რომელსაც Adidas-სთან უვადო კონტრაქტი აქვს, MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია $20.4-მილიონიანი წლიური ხელფასით.