ტექნოლოგიური გიგანტი Meta ხუთშაბათს, Twitter-ის კონკურენტი პლატფორმის, Threads-ის გაშვებას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ Meta-ს მიერ Twitter-ის ალტერნატივების მაძიებელი მომხმარებლებისთვის აპლიკაციის შეთავაზება ილონ მასკსა და მარკ ცუკერბერგს შორის არსებულ პირად დაძაბულობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
Apple-ის App Store-ის საშუალებით, Threads-ის აპლიკაციის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. App Store-ზე განთავსებული აღწერით, პლატფორმა 6 ივლისს გაეშვება. Meta-ს ახალი აპლიკაციის მახასიათებლების შესახებ არსებული ინფორმაცია ამ ეტაპისთვის ძალიან მწირია თუმცა, როგორც ცნობილია, Threads-ი Twitter-ის მსგავსი ტექსტური სასაუბრო აპლიკაცია იქნება, კონტენტის მოწონების, გაზიარების, პოსტების გამოქვეყნებისა და ხელახალი გამოქვეყნების (repost) ფუნქციით.
ახალი აპლიკაციის შესაძლო ვიზუალის ამსახველი „სქრინშოტების“ თანახმად, Threads-ის პლატფორმა პირდაპირ დაკავშირებული იქნება Instagram-თან და მომხმარებლები თავიანთი სოციალური ქსელის ანგარიშების გამოყენებასა და გამოწერილი ანგარიშების შენარჩუნებას შეძლებენ. Meta-ს სხვა პოპულარული აპლიკაციების მსგავსად, Threads-ის პლატფორმაც, დიდი ალბათობით, მომხმარებლისთვის უფასო იქნება.
App Store-ის აღწერით, Instagram Threads-ზე მომხმარებლისთვის ასაკობრივი ქვედა ზღვარი 12 წელია. როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე ახალი პლატფორმა iOS-ზე იქნება ხელმისაწვდომი, Android-ზე გაშვების თარიღი კი, ამ დროისთვის, კვლავ უცნობია.