Meta-მ დანიაში მონაცემთა ორი ახალი ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

Meta-მ დანიაში მონაცემთა ორი ახალი ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

Meta Platforms Inc-მა დანიაში, კერძოდ ოდენსეში, მონაცემთა ორი ახალი ცენტრის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის სპიკერის, პიტერ მიუნსტერის განცხადებით, ამის მაგივრად Meta ფოკუსირებული იქნება ახალი ტიპის მონაცემთა ცენტრებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის მფლობელი Meta ოდენსეში მონაცემთა ორ დიდ ცენტრს უკვე ფლობს, თუმცა ამჟამად მიმდინარე სამი პროექტიდან მხოლოდ ერთის დასრულებას გეგმავს. მიუნსტერის ინფორმაციით, კომპანიის მიზანია, უფრო გამარტივებულ ორგანიზაციად იქცეს, მაღალი პრიორიტეტების მქონე სფეროებზე ფოკუსირება კი სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.

„კომპანიის გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი რესურსების დიდი ნაწილი მაღალი პრიორიტეტების მქონე სფეროებს მოვახმაროთ, მათ შორის განვახორციელოთ სტრატეგიული ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტში“, – განმარტა მიუნსტერმა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Meta-მ კომპანიის 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, 11,000 სამუშაო ადგილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, კომპანიის ტრადიციულ მონაცემთა ცენტრებში განთავსებულია სერვერები ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა Facebook-ი და Instagram-ი. თუმცა ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლები მონაცემთა ახალი თაობის ცენტრებს საჭიროებს.

ოდენსეში შეჩერებული ორი მონაცემთა ცენტრის მშენებლობა აგვისტოში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ Meta-მ კონტრაქტორ კომპანია Per Aarsleff-თან ხელშეკრულება შეწყვიტა. პროექტის ღირებულება $344 მილიონს უდრიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *