Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, ვაშინგტონში გამართულ სასამართლო პროცესზე წარსდგა ჩვენებით, სადაც აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) მონოპოლიის კანონის დარღვევის ბრალდებით Meta-ს მიერ Instagram-ისა და WhatsApp-ის შესყიდვების გაუქმებას მოითხოვს. შეგახსენებთ, FTC-მ აღნიშნული დავა 5 წლის წინ წამოიწყო.
Reuters-მა ცუკერბერგის ჩვენებიდან ხუთი მთავარი მომენტი შემოგვთავაზა:
განიხილებოდა Instagram-ის კომპანიისგან გამოყოფა
2018 წელს, მარკ ცუკერბერგმა, მონოპოლიის რეგულირების სამსახურის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, Instagram-ის კომპანიისგან გამოყოფა სერიოზულად განიხილა. „მაინტერესებს, განვიხილავთ თუ არა Instagram-ის ცალკე კომპანიად ჩამოყალიბების უკიდურეს ნაბიჯს“, – ნათქვამი იყო პროცესზე წარმოდგენილ დოკუმენტში. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესობა წინააღმდეგობას უწევს დაშლას, კორპორაციების ისტორია აჩვენებს, რომ მათი უმეტესობა გაყოფის შემდეგ რეალურად უკეთესად მუშაობს“.
„Instagram-ი უკეთესი იყო“
ცუკერბერგმა იმდროინდელი შიდა მიმოწერაც ახსნა, რომლებშიც Instagram-ისგან მომავალ კონკურენტულ საფრთხეზე საუბრობდა. მან განაცხადა, რომ აპლიკაციის კამერა უკეთესი იყო, ვიდრე Meta-ს მიერ შემუშავებული. მარკის თქმით, კამერის აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში „შექმნა vs. ყიდვის ანალიზს“ აკეთებდნენ. „ვფიქრობდი, რომ Instagram-ი ამით უკეთესი იყო, ამიტომ მისი ყიდვა სჯობდა“, – განაცხადა მან. ამ განცხადებამ FTC-ს განუმტკიცა აზრი, რომ Meta კონკურენციას ბრძოლით კი არ გაუმკლავდა, არამედ მათი შეძენით. Meta ამტკიცებს, რომ ცუკერბერგის მოტივები უმნიშვნელოა, რადგან მას მონოპოლია არ აქვს მოპოვებული.
სოციალური მედია იცვლება
FTC ამტკიცებს, რომ Meta დომინირებს სოციალურ ქსელებში, სადაც მომხმარებლები მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობენ. Meta-ს დაცვის მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ბოლო პერიოდში ბაზარი მთლიანად შეიცვალა – მათ შორის Instagram-ისა (2012 წელი) და WhatsApp-ის (2014 წელი) შეძენის შემდეგ.
ცუკერბერგის თქმით, დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებული კონტენტის მხოლოდ 20% მოდის მეგობრებზე, Instagram-ზე კი – 10%. მისივე განცხადებით, ხალხი სულ უფრო მეტად ინტერესდება ისეთი მასალებით, რაც მეგობრებისგან კი არა, არამედ მათ ინტერესებზე დაფუძნებული ანგარიშებიდან მოდის.
რეკლამებით სავსე ფიდი
FTC ამტკიცებს, რომ Instagram-ის შეძენამ Meta-ს საშუალება მისცა, კონკურენცია შეეზღუდა და პლატფორმა ისე შეეცვალა, რომ თავად კომპანიას და არა მომხმარებელს ესარგებლა – მაგალითად, რეკლამების რაოდენობის ზრდით. უფრო მაღალი კონკურენცია მომხმარებელთათვის უკეთეს შედეგს გამოიღებდა, როგორიცაა ზეწოლა ნაკლები რეკლამის ჩვენებაზე, – აღნიშნა FTC-მ.
ცუკერბერგმა კი რეკლამები დაიცვა: „ჩვენი სისტემა ისეა მოწყობილი, რომ რეკლამა უჩვენოს მათ, ვისაც მსგავსი კონტენტი მოსწონს.“
მან ასევე განაცხადა, რომ Meta-ში განიხილებოდა ფიდის შექმნა, რომელიც მთლიანად რეკლამებს მოიცავდა: „მგონი, სხვადასხვა დროს ეს განვიხილეთ, მაგრამ საბოლოოდ არ გაგვიკეთებია,“ – აღნიშნა მარკმა.
ნელი TikTok-ის წინააღმდეგ
ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ Meta-მ დააგვიანა TikTok-ისგან მომავალი საფრთხის აღიარება. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდეოაპი გახდა „ყველაზე მაღალი კონკურენტული საფრთხე Instagram-ისა და Facebook-ისთვის“.
FTC არ მოიაზრებს TikTok-სა და YouTube-ს იმ ბაზრის ნაწილად, სადაც Meta-ს მონოპოლია აქვს, რადგან მათ „მაუწყებლობის პლატფორმებად“ განიხილავს და არა სოციალური კავშირების ქსელებად.
Meta ამტკიცებს, რომ TikTok-ისა და YouTube-ის გათვალისწინებით, კომპანიის წილი ბაზარზე 30%-ზე დაბლა ეცემა.